Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მეგონა „ისკანდერი“ გვესროლეს“ -  რას ჰყვებიან სამტრედიის ქუჩაზე?


კორპუსი აფეთქების შემდეგ
კორპუსი აფეთქების შემდეგ

​​​​​​​ჯერ არ იციან, ივარგებს თუ არა საცხოვრებლად კორპუსი, რომლის პირველი ორი სართული 14 მარტის ღამეს ფაქტობრივად აფეთქდა. ცხრასართულიანი შენობის მობინადრეთა ნაწილი საცხოვრებლად სასტუმროებსა და ნათესავებთან გადავიდა.  

„მეგონა „ისკანდერი“ გვესროლეს-მეთქი. მართლა ვიფიქრე, ომი იწყებოდა. მეტი რაა ომი?!“, - უყვება ნაცნობს მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები კაცი.

აფეთქება სამტრედიის ქუჩის №2 კორპუსის, მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე, დაახლოებით დილის 3 საათზე მოხდა. იქ, სადაც გვერდიგვერდ ესთეტიკური ცენტრი და სუპერმარკეტ „ლიბრეს“ მაღაზია იყო. კორპუსის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მაღაზიას რემონტი ახალდამთავრებული ჰქონდა და რამდენიმე დღის წინ აბრაც გამოაკრეს.

აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩამოინგრა პირველი და ნაწილობრივ მეორე სართულიც. მთელ კორპუსში ჩაიმსხვრა მინები. ფანჯრები არც მიმდებარე კორპუსებს შერჩათ. დაზიანდა იქვე გაჩერებული ათამდე მანქანაც, გზის გადაღმა განადგურდა საცხობი.

სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების გამო გადაკეტილია კორპუსთან მისასვლელი
სამტრედიის ქუჩაზე აფეთქების გამო გადაკეტილია კორპუსთან მისასვლელი

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა განაცხადა, რომ აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მისი თქმით, აფეთქება იმ კომერციულ ფართში მოხდა, რომელსაც არემონტებდნენ.

ჩამონგრეული სადარბაზოს მცხოვრებლები დიდუბის გამგეობამ სურვილისამებრ ან სასტუმროებში გადაიყვანა, ან თავად გადავიდნენ ახლობლებთან. სასტუმროებში ამჯერად 53 ადამიანია შეფარებული.

ხალხს ბინებიდან აუცილებელი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს. ბინებში შედიოდნენ მაშველების თანხლებით და თავზე ჩაფხუტით. გამოსულები კი დანარჩენებს უყვებოდნენ, შიგნით რა დახვდათ. ზოგი ერთმანეთს ეხვეოდა და ტიროდა კიდეც.

-როგორ გადავრჩით სუყველა, სასწაულად გადავრჩით.

-კარები გაიღო?

-კი, კარები ადვილად გაიღო.

ყველაზე მეტად პირველი სართული დაინგრა
ყველაზე მეტად პირველი სართული დაინგრა

მერიის მონაცემებით, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, 93 ოჯახი ცხოვრობს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. შეისწავლიან შენობის მდგომარეობასაც, მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, შეძლებს თუ არა მოსახლეობა კორპუსში დაბრუნებას. თუ ვერა, მერიის გადაწყვეტილებით, მათ ქირას გადაუხდიან.

გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არისდღესვე ჩავატარებთ ყველანაირ კვლევას, რომ ვნახოთ კორპუსის მდგომარეობა და როგორც კი გვექნება დასკვნები, მაშინვე დავიწყებთ შესაბამის სამუშაოებს, რომ საცხოვრებელი კორპუსი გამაგრდეს, მოწესრიგდეს. ყველა იმ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარებით, ვისაც რამე დაუზიანდა - არის კარებები გამონგრეული, ფანჯრებია ჩამსხვრეული, ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ეზოში ძირითადად მოპირდაპირე კორპუსებში მცხოვრები მეზობლები იკრიბებიან, რადგან თავად იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა, მათივე სიტყვებით, „შოკში ჩაცვენილები წაიყვანეს“.

„ვიწექი ჩემს ბავშვებთან ერთად და შუშები დაგვეყარა თავზე“, - ჰყვება ქალი მეზობელი კორპუსიდან.

„პირველ სადარბაზოში ვცხოვრობ, ჯერ მარტო შვილიშვილი მყავს სამი. ყველა სახლში ვიყავით. ისეთი ხმა იყო...“, - ჰყვება სხვა.

„გიგა აივანზე იდგა, სიგარეტს ეწეოდა და აფეთქების ტალღამ ეზოში ისროლა. ბედი მაგას ჰქონია, რომ გადარჩა“, - უყვება გიგას ერთი ნაცნობი მეორეს და მეორე სართულის ბინაზე უთითებს, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ორი ჭაღია დარჩენილი.

„ეს ბინა დაკეტილი მქონდა. ჯერ შიგნითაც არ მიშვებენ. არ ვიცი რა მდგომარეობაშია. აქედან რასაც ვხედავ, მინებია ჩამსხვრეული. არც ის ვიცი, ზარალის ასანაზღაურებლად ვის უნდა მივმართო“.

„გულგახეთქილები არიან ბავშვები“

„ნახევარი „ლუსტრა“ დამრჩა“.

„წიგნები გამოიტანე?“

შემთხვევები, როდესაც გაზის გაჟონვის გამო მთლიანად კორპუსს ექმნება საფრთხე, თბილისში იშვიათი არ არის. გაზის გაჟონვის ან აფეთქების გამო საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე უბედური შემთხვევა ხდება. 2023 წლის მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში მხოლოდ CO-თი მოწამვლით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ფანჯრის მინები ჩაიმტვრა მეზობელ კორპუსებშიც
ფანჯრის მინები ჩაიმტვრა მეზობელ კორპუსებშიც

ყოველწლიურად ხდება ისეთი აფეთქებაც, როდესაც მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება:

  • 2023 წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, აფეთქება მოხდა. დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
  • 2022 წლის 1 სექტემბერს, დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
  • 2021 წლის 4 აპრილს, ლილოს დასახლებაში, სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის აფეთქებისას ქალი გარდაიცვალა.
  • 2020 წლის 1 ივნისს, თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართი სადგური აფეთქდა. დაშავდა ერთი ადამიანი.
  • 2019 წლის 19 ოქტომბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირის №34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. დაშავდა ოთხი ადამიანი.
  • 2019 წლის 16 იანვარს აფეთქება მოხდა დიდი დიღმის ერთ-ერთ კორპუსში. შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG