Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე სექტორის გამოკვლევა - საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის პრობლემა


გორის საინფორმაციო ცენტრში გამოკვლევის პრეზენტაციას მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის საინფორმაციო ცენტრში გამოკვლევის პრეზენტაციას მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორის საინფორმაციო ცენტრში იმ გამოკვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელიც არასამთავრობო სექტორის, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა.

გორის საინფორმაციო ცენტრში გამოკვლევის პრეზენტაციას მედიისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კვლევა საქართველოს დიდ ქალაქებში, სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში ჩატარდა. გამოიკითხა სულ 2 853 რესპონდენტი. გამოკვლევის მიხედვით, ძირითადი დასკვნები ასე გამოიყურება: მოსახლეობის დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესკომპანიების მიმართ წინააღმდეგობრივია, მოსახლეობის ცოდნის დონე ორგანიზაციების შესახებ საკმაოდ დაბალია - მხოლოდ 16 პროცენტი შეიძლება ჩაითვალოს კარგად ინფორმირებულად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. 90 პროცენტს არაფერი სმენია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ. ფორმალური სამოქალაქო ჩართულობა ძალზედ დაბალია - მხოლოდ 4 პროცენტია რაიმე ფორმალური გაერთიანების წევრი. მოსახლეობა სკეპტიკურადაა განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და მათში მომუშავე ადამიანების მოტივების მიმართ. არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო“ და „უცხოურია“.

მესამე სექტორის გამოკვლევის შედეგები

გამოკვლევის მიხედვით, ძირითადი დასკვნები ასე გამოიყურება:

  • მოსახლეობის მხოლოდ 16 პროცენტი შეიძლება ჩაითვალოს კარგად ინფორმირებულად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.
  • 90 პროცენტს არაფერი სმენია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ.
  • არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო“ და „უცხოურია“.

გამოიკითხა სულ 2 853 რესპონდენტი.

გამოკვლევის პრეზენტატორი, გორის საინფორმაციო ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია ნადირაძე აცხადებს, რომ ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის პრობლემა საზოგადოებასა და მესამე სექტორს შორის ისევ არსებობს და სწორედ ეს გამოკვლევა შეიძლება იქცეს არასამთავრობო სექტორისთვის მთავარ სახელმძღვანელო რეკომენდაციად.

ევროკავშირისადმი ნდობა, ისევე როგორც ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველოში კვლავ მაღალი რჩება, თუმცა მოსახლეობის 44 პროცენტი ეთანხმება აზრს, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს. 33 პროცენტი ფიქრობს, რომ ევროკავშირი იმპერიის ახალი ფორმაა. გამოკითხულთა 71 პროცენტის განმარტებით, რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს დაუჭერდა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. დაკო მურადაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელია გორში. მისი თქმით, კვლევის შედეგები სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მსგავს განწყობებს ის მოქალაქეებთან შეხვედრისას ყოველდღიურად აწყდება.

გამოკვლევაში ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: როგორი ადამიანები არიან დასაქმებული არასამთავრობო ორგანიზაციებში? - 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ მესამე სექტორში ის ადამიანები მუშაობენ, ვისაც ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი აქვს, 30 პროცენტი ფიქრობს, რომ იქ ის ხალხია, ვინც კომპიუტერი და ინგლისური კარგად იცის, ხოლო 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ გრანტიჭამიები, არამკითხე მოამბეები, თანამედროვე „კომკავშირლები“ და ვისაც საკუთარი პრობლემების მოგვარება უნდა, ასეთები არიან დასაქმებულები.

გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე 20 წელზე მეტია არასამთავრობო სექტორში საქმიანობს. მისი აზრით, სკეპტიკური დამოკიდებულების მაღალი პროცენტის მიუხედავად, პოზიტიური დინამიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მაინც აშკარაა. წინა წლებში ბევრად უარყოფით დამოკიდებულებას აწყდებოდა თავის საქმიანობაში.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის პროექტს ახორციელებს „კონრად ადენაუერის ფონდი“ შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ (CSI), „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC), „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG), „განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ (EDEC). პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG