მტკვარმა, როგორც თბილისის პირველმა არქიტექტორმა, ცხადია, ქალაქამდე საკუთარი ნაპირები დააგეგმარა. სწორედ მტკვრის მონახაზმა უბიძგა ძველ თბილისელებს ჯერ ორივე ნაპირზე დასახლება, შემდეგ კი მდინარეზე ხიდების მშენებლობა. თბილისის ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ „ქალაქის ტერიტორიაზე მტკვრის მნიშვნელობას ერთიორად ზრდიდა ისიც, რომ მდინარე მეტეხთან ვიწრო და კლდოვან კალაპოტში იყო მომწყვდეული. ეს კი იმდროინდელი ტექნიკისათვის საუკეთესო შესაძლებლობას ქმნიდა ხიდის გასადებად და, მაშასადამე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირის ერთმანეთთან დასაკავშირებლად“.
აქ სულ იყო ხიდი
მეტეხის კლდის ამ ვიწრობში ხიდ(ებ)ს უძველესი დროიდან აშენებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში აქ გადებული ხიდი რჩებოდა ქალაქის ერთადერთ ხიდად, რომელიც მარჯვენა ნაპირის უბნებსა და ციხესიმაგრეს სამეფო სასახლესთან აკავშირებდა. უშუალოდ ხიდთან და მისკენ მიმავალი გზის გაყოლებით შენდებოდა სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები, ეკლესიები.
გასაკვირი არაა, რომ ამ ადგილას გადებული პირველი ხიდი ხისგან ყოფილა გაკეთებული. ეს ბუნებრივიცაა, თუ გავითვალისწინებთ X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, თომა არწუნის ნათქვამს, თბილისში, რომელსაც უწინ ფაიტაკარანი (ანუ ხის ქალაქი) ეწოდებოდა, ვიდრე ბუღა გადაწვავდა, სახლები ძელისგან, ანუ ხისგან იყო ნაშენიო.
მტკვარზე გადებულ ხიდს ახსენებს იოანე საბანისძეც „აბო თბილელის წამებაში“ (VIII საუკუნეში), რომლის მიხედვითაც, მტკვრის მარჯვენა ნაპირი მარცხენას „ქალაქის ხიდით“ უერთდებოდა იქ, სადაც მტკვრის მარცხენა კლდოვან ნაპირზე იყო „ციხე ქალაქისა“, რომელსაც მაშინ სადილეგოს (სატუსაღოს) უწოდებდნენო.
ალ-მუკადასი (946-985 წწ.), არაბეთის ერთ-ერთი გამოჩენილი გეოგრაფი და მოგზაური, თბილისის აღწერისას ამბობს: „თბილისი გორებს შორის არის გამაგრებული. მას მდინარე მტკვარი გადაკვეთს. იგი გადაჭიმულია ორივე ნაპირზე და ხიდითაა შეერთებული“.
მტკვარზე გადებულ ხიდზე წერდა XVII საუკუნეში ისკანდერ მუნში: „მტკვარზე ძალიან მაგარი ხიდია გადებული. ასეთი დიდი მდინარე, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილ მდინარეთა რიცხვს ეკუთვნის, ამ ხიდის ქვეშ გადის“.
თბილისში მტკვარზე საფეხმავლო, ე.წ. „მშვიდობის ხიდთან“ ერთად, ჯამში 12 ხიდია გადებული: 1. ზაჰესის ხიდი-აკვედუკი; 2. მინდელის (ყოფილი დიღმის); 3. შ. შალიკაშვილის (ყოფ. დიდუბის); 4. ვახუშტი ბაგრატიონის; 5. თამარ მეფის (ყოფ. ჩელუსკინელების); 6. გალაკტიონის (ყოფ. ვერის, სტალინის, ელბაქიძის); 7. ზაარბრიუკენის (ყოფ. მიხეილის, მარქსის); 8. ნ. ბარათაშვილის; 9. მეტეხის; 10. სამასი არაგველის; 11. დ. გულიას სახელობის ხიდი.
მეტეხის ახალი ხიდის ისტორია
მეტეხის მოქმედი ორმალიანი რკინაბეტონის ხიდი აშენებულია მეტეხის კლდის ძირში, მტკვრის კალაპოტის ყველაზე ვიწრო და ღრმა ადგილას, 1951 წელს (არქიტ. დემჩინელის, ინჟ. გ. ჩომახიძის მიერ). ხიდის მალის სიგრძე მდინარეზე 43 მეტრია, სავალ ნაწილზე – 20 მ, მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით.
სწორედ მეტეხის ამ ახალმა ხიდმა და მისმა მშენებლებმა აღაფრთოვანეს პოეტი მიხეილ ქვლივიძე და დააწერინეს შემდეგი სტრიქონები:
„აგერ მეტეხიც... წამით შეჩერდი,
გეტყვი არც ისე შორეულ ამბავს:
აქ იყო ხიდი.
იდგა მეჩეთი
და მტკვარში ჰყრიდნენ ხიდიდან ნაგავს...
ო, ის სხვა იყო, ვიწრო ხიდუნა
მთლად – ერთი ფეხის დანაბიჯები,
ხიდზე პაპიროსს ჰყიდდნენ ბითუმად
უბნის პატარა გოგო-ბიჭები.
მტკვარიც სხვა იყო – კლდოვან კალაპოტს
ლოკავდა ურჩი და აღრენილი,
იმ ბნელ წარსულზე ტალღის ნაამბობს
დღემდე სიმწარე აქვს შერჩენილი...
რა გავაგრძელო...
მიდი და ნახე,
– ამოიკითხე ძველთან სხვაობა,
დღეს აქ მეტეხის ჭაღარას ალხენს
სულ სხვა ფიქრი და სანახაობა:
ამხედრებულან თბილისის მკვიდრნი
(რა აღუდგება საერთო ძალას!)
ორთაღიანი ახალი ხიდი
შემატებია საყვარელ ქალაქს!“ (მ. ქვლივიძე, „ახალი ხიდი“)
ახალი ხიდის შენებასა და შემატებას გულგრილად ვერც მაშინდელი ქართველი საბჭოთა ჟურნალისტები უცქერდნენ. 1951 წლის 25 მარტის გაზეთი „კომუნისტი“ წერდა:
„ყოფილი მეტეხის ციხის მახლობლად, მდინარე მტკვარზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს რკინაბეტონის ახალი ხიდის მშენებლობა. კარგა ხანია დამთავრდა ბურჯების ამოყვანა, ბურჯებზე რკინის არმატურის დაყენება, დაიწყო თაღების დაბეტონება, ხიდის მზა ნაწილების მოპირკეთება და ხიდთან მისადგომი მოედნის კეთილმოწყობა.
მშენებლობა დღედაღამ მიმდინარეობს. მშენებელთა კოლექტივს გადაწყვეტილი აქვს, მთელი სამუშაოს შესრულება დაამთავროს აპრილის ბოლომდე და საქართველოს დედაქალაქის მშრომელებს საპირველმაისო საჩუქრად მიუძღვნას ახალი ხიდი.
ხიდის მშენებლებმა (პროექტის ავტ. ინჟინერი გ. ჩომახიძე) ხიდის მალების გამოყვანა მოაწყვეს ხიდთა მშენებლობის ტექნიკაში იშვიათად გამოყენებული ახალი წესით. ჩვეულებრივ, სახიდე თაღების გამოსაყვანად აკეთებენ საუკეთესო ხარისხის ხეტყის გან გამოკოპიტებულ ჩარჩოს, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწორი თაღოვანი ფორმა, მდინარის ფსკერზე დროებითი საბჯენები, რათა გაუძლოს მრავალ ათას ტონიანი რკინაბეტონის სიმძიმეს.
ამ ხიდის პირველი თაღოვანი მალის ასეთი წესით აგება ხიდის მშენებლებმა მიზანშეუწონლად მიიჩნიეს: მდინარეს ამ ადგილას მეტად ვიწრო კალაპოტი აქვს, წყლის სიღრმე მეტად დიდია, დროებითი საბჯენების გაკეთება მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ამიტომ მშენებლებმა თაღის გამოსაყვანად გამოიყენეს რკინის არმატურა, რომელიც დაბეტონებისას ბეტონით გარემოცული იქნება, მანამდე კი ასრულებს ხე-ტყის მასალისგან ნაკეთები ჩარჩოს როლს. ამ წესით მშენებლობა უფრო იაფი ჯდება და ხიდის სიმტკიცეც უფრო მაღალია.
<...> დაწყებულია ხიდთან მისადგომი გაღმა-გამოღმა მოედნების რეკონსტრუქცია. მარჯვენა მხარეს ფართოვდება მიასნიკოვის მოედანი, ამაღლდება როგორც მოედნის, ისე მახლობელ მონაკვეთზე მიასნიკოვის ქუჩის დონე, იღებენ ძველ სახლებს, ასეთივე სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის მარცხენა მხარეზეც”.
ძველი ხიდები - ავლაბრისა (კუკიისა) და ვირისა
დიდი ხნის განმავლობაში ამ ადგილზე ხიდს ხის მასალით აშენებდნენ, რაც, ისტორიკოსების თქმით, აადვილებდა მტრის შემოსევის დროს მის დაშლას და შემდეგ თავიდან აშენებას. აღწერილობის მიხედვით, ხის ხიდი ერთმალიანი იყო და ეყრდნობოდა ნაპირზე ამოყვანილ მაღალ მძლავრ ბურჯებს. 1795 წლის სექტემბერში, როცა აღა-მაჰმად ხანი თბილისში შეიჭრა, ერეკლემ, როგორც ბატონიშვილი თეიმურაზი წერს, ქალაქი სწორედ ამ ხიდის საშუალებით დატოვა:
„როგორც კი მტერმა ფეხი შემოდგა ქალაქში, ერეკლე მეფე ავლაბრის ხიდით გავიდა ქალაქიდან და გაეშურა არაგვის ხეობისკენ“.
ერეკლე მეორემ დანგრეული ქალაქის, მათ შორის მეტეხის ხიდის აღდგენა დაავალა თავის უფროს ვაჟს, ბატონიშვილ გიორგის, რომელიც დასახლდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ავლაბარში. ხიდის აღდგენამდე მდინარის ნაპირებს შორის მიმოსვლისათვის მან ბრძანა, დაეწყოთ ფიცრის ბრტყელძირა ნავების აგება.
ნ. კვეზერელი-კოპაძის „თბილისის ხიდების“ მიხედვით, ხიდის აშენების ყველა სამუშაოს ხელმძღვანელობდა თბილისის ნაცვალი იოსებ ყორღანაშვილი. მუშაობა შეფერხებულა, რაც გამოწვეული ყოფილა სახსრების უქონლობით, ოსტატებისა და მუშებისთვის ხელფასის მიუცემლობით. როგორც ჩანს, ხიდი შენდებოდა იმ ფულადი შემოსავლის ანგარიშზე, რასაც ახდევინებდნენ ქალაქის მოსახლეობას გადასახადის სახით. 1795 წლით დათარიღებულ მოხსენებაში იოსებ ყორღანაშვილი დედოფალ დარეჯანს (ერეკლე მეორის ცოლს) სწერს:
„<...> თეთრი რომ ვერსაით მოვახერხეთ, შვიდი-რვა დღე იქნება, რომ ღვინის ბაჟი და ყასაბხანისა, რაც განწესება იყო, თქვენმა შვილმაც ინება, ოქმი ბრძანა: იჯარადრებზე ნახევარი თქვენ აიღევითო და ნახევარი ხიდისთვის უნდა დაიხარჯოსო. ...ღვინის ბაჟს ურემზე ოცდასამს შაურსა ვთხოვთ. ყასაბხანსაც ცხვარზე ორშაურნახევარი, ძროხაზედაც ამ კვალათ“ (საქართველოს სიძველენი ტ. 3, 1910, გვ. 360-361).
ღვინისა და არყის თბილისში შემოზიდვის გადასახადი წლიურად 3030 მანეთს შეადგენდა, ხოლო ყასბების მიერ შეტანილი თანხა – 3100 მანეთს.
1805 წელს აგებული, დაძველებული ხიდის ნაცვლად ავლაბრის ახალი ხიდის აშენება დაევალა იმ დროისათვის მეტად გამოცდილ, საქართველოს სამხედრო გზის ყოფილ ინჟინერს, პოდპოლკოვნიკ გოზიუშს, რომელმაც ხიდის პროექტი ხარჯთაღრიცხვით წარმოადგინა 1823 წლის 15 თებერვალს. ხიდი შენდებოდა 1823-1826 წლებში. მშენებლობას შეუდგნენ ძველი ხიდის ცოტა ზემოთ. ახალი ხიდი იყო ხის კამაროვანი კონსტრუქციისა, რომელსაც გვერდით ქვის საყრდენი კედლები ჰქონდა. კედლების მოცულობა უდრიდა: ერთისა 137 კუბ. მეტრს, ხოლო მეორისა – 87,4 კუბ. მეტრს, მათი სიმაღლე კი 4,3 მეტრი იყო. ამასთან, ხიდის მალი იყო 27,7 მეტრი. მალი შედგებოდა ხის 6 კამარისგან. კამარები ერთიმეორისგან დაშორებული იყო 1,5 მ. კამარების სიმაღლე – 4,4 მ. ნ.
კვეზერელი-კოპაძის მიხედვით, გვერდითი საყრდენი კედლები წინა მხრიდან მოპირკეთებული იყო აგურით. მტკვრის წყლის მაღალ დონემდე და მის ზემოთაც კედლები კირზე იწყობოდა. შიგნით იყო ყორული ქვის წყობა თიხაზე. კირს დუღაბის ხსნარისათვის ჰიდრავლიკური თვისებების მისანიჭებლად უმატებდნენ აგურის ფხვნილს. ხიდი შენდებოდა სალიანის თევზის მრეწველობის შემოსავლებიდან აღებული სესხით, რაც შემდეგ ქალაქს თავისი შემოსავლით უნდა დაეფარა.
თუმცა ისე მოხდა, რომ ეს ხიდი მტკვარმა წაიღო. 1829 წლის 24 აპრილს მტკვრის დონემ 8 მეტრით აიწია. გარდა ხიდის დანგრევა-მოტაცებისა, წყალმა წალეკა მისი მიდამოები. ბატონიშვილი დავითb (გიორგის ძე) ამ ამბის შესახებ წერდა: „1829 წლის აპრილში მდინარე მტკვარი ესრეთ ადიდდა, რომელ არავის სმენია არასოდეს: მოგლიჯა ავლაბრის ხიდი და აღმოვიდა ვიდრე თათრისა მოედნამდე, რომელიც შეიძლებოდა მოედანსა მას შინა ნავთა სვლა. მრავალი ზიანი მისცა ხალხთა, სხვათა და სხვათა ადგილთა მდგომთა მოქალაქეთა, რომელნიცა იდგნენ კდესა ზედა მტკვრისასს“.
1829-30 წლებში აშენდა ამავე კონსტრუქციის ხიდი, რომელიც 1839 წელს ისეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ პოლიციის უფროსი სამოქალაქო მმართველობისგან ამ ხიდის მოსპობას მოითხოვდა, ხოლო ხიდი რომ მოულოდნელად სიმძიმისგან არ დანგრეულიყო, თვალყურის სადევნებლად დანიშნული იყო ინვალიდი ჯარისკაცი, რომელსაც არ უნდა დაეშვა ხიდზე ურმების მიმოსვლა და ხალხის შეგროვება. აქვე იყო მორიგე პოლიციელიც, რომელსაც დავალებული ჰქონდა, ერთ ხიდზე ერთი მიმართულებით, მეორე ხიდზე საწინააღმდეგო მიმართულებით ტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა. ამ ორი ხიდიდან უდიდესს ავლაბრის ხიდს უწოდებდნენ, შედარებით პატარას – მეტეხის ხიდს. ავლაბრის ხიდის მალი 30,5 მეტრი იყო, მეტეხისა – 27,5 მ.
1839 წელს აყარეს მწყობრიდან გამოსული ხიდი და დარჩა ერთი, ავლაბრის კამაროვანი ხის ხიდი. 1843 წელს შეუდგნენ მეჩეთის გვერდით, დაშლილი ხიდის ადგილას ახლის აშენებას. მშენებლობა დაიწყო 1843 წლის მაისში და დამთავრდა 1843 წლის დეკემბერში. ხიდის საერთო სიგრძე შეადგენდა 32 მეტრს. მანძილი განაპირა საყრდენებს შორის უდრიდა 27,7 მეტრს; ხიდის სიგანე მოაჯირებს შორის – 5,8 მეტრს; სავალი ნაწილის სიგანე 3,7 მეტრს; ფერმების სიმაღლე კი – 3,5 მეტრს.
1848 წელს მეტეხის ციხეში აფეთქდა დენთის (თოფის წამლის) საწყობი, აფეთქების შედეგად გამოსროლილი ქვის ლოდებით დაზიანდა ხიდის ხის მოაჯირი და ფენილის რამდენიმე ფიცარი. 1849 წლის მაისში ადიდებულმა მტკვარმა მოგლიჯა მუხრანის (ამჟამად ბარათაშვილის) ხიდთან მოქმედი ბორანი, რომელმაც დაჯახების შემდეგ საგრძნობლად დააზიანა ხიდის ხის კამაროვანი.
1849 წელს ამ პატარა ხიდის ადგილას ხისსავე ხიდი ააგეს, რომელიც 1870 წელს ლითონის ხიდით (ინჟინერი ორდიში) შეიცვალა. ავლაბრის ხიდზე ურმები, ეტლები და იმ დროის ყველა სხვა ტრანსპორტი გადიოდა. პატარაზე კი მხოლოდ ქვეითად მოსიარულენი და სახედრები მოძრაობდნენ, რის გამოც მას „ვირის ხიდი“ შეარქვეს. თავდაპირველად „ვირის ხიდი“ ერქვა მტკვრის ვიწრო ტოტზე გადებულ, ხის კოფოებზე შემდგარ ხიდს, რომელიც ორთაჭალას მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებდა. სახელი ხიდს იმიტომ შეერქვა, რომ ორთაჭალაში დაკრეფილი ხილი და ბოსტნეული ხურჯინ- და გოდორგადაკიდებული ვირით ქალაქში გასაყიდად აღნიშნულ ხიდზე გავლით მიჰქონდათ. მოგვიანებით ორთაჭალაში არსებული ხიდის სახელი გავრცელდა მეტეხის ხიდზე, რომელზეც, სივიწროვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. სწორედ ამ ხიდზე წერდა მიხეილ ქვლივიძე:
"ო, ის სხვა იყო, ვიწრო ხიდუნა
მთლად – ერთი ფეხის დანაბიჯები,
ხიდზე პაპიროსს ჰყიდდნენ ბითუმად
უბნის პატარა გოგო-ბიჭები".
ისევ ახალი ხიდი
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომმა გადაწყვიტა, აქ არსებული ორი მეტად ვიწრო და სუსტი კონსტრუქციის რკინის ხიდების ნაცვლად აშენებულიყო ერთი კაპიტალური, განიერი სახიდე ნაგებობა. 1951 წლის 1 მაისს გახსნილი მეტეხის ხიდი რეკორდულად სწრაფად - 6 თვესა და 17 დღეში აშენდა. შესრულებული იქნა შემდეგი მოცულობის სამუშაო:
მიწისა და კლდის – 620 კუბ. მ.
ბეტონისა და რკინაბეტონის – 840 კუბ. მ.
მოსაპირკეთებელი – 1570 კუბ. მ.
აი, რას წერდა მეტეხის ხიდის შესახებ მისი აშენების ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი, კანდიდ ჩარკვიანი მოგონებების წიგნში „განცდილი და ნააზრევი“:
„ხიდის ორივე ფასადი შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით, რაც ფერით ეხამება მტკვრის ამ უბანზე გადმომზირალ კლდეებს. არ შემიძლია გულისტკენა არ გამოვთქვა ამ ხიდის ერთ-ერთი თვალში საცემი სამკაულის გამო. ხიდზე დაყენებული იყო ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი მხატვრულად შესრულებული ლითონის სანათურებით. როგორც ჩანს, შემდგომში ვიღაცას ისინი არ მოსწონებია და დაუნგრევიათ. ვფიქრობ, საარქიტექტორო სამმართველოს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა სხვა დროის სპეციალისტთა ნააზრევისა და ნახელავისადმი...“
რაც შეეხება ქვემოთ მდებარე რკინის ხიდს, ის ახლის მშენებლობის დამთავრებისთანავე აიღეს, ხოლო ზემოთ მდებარე ძველი რკინის ხიდი 1955 წლის ნოემბერში დაშალეს.
როგორც უკვე ვთქვით, მეტეხის ხიდის მშენებლობამ ბევრი საბჭოთა მწერალი აღაფრთოვანა, თუმცა იყვნენ გამონაკლისებიც, მათ შორის დემნა შენგელაია:
„...ძველი თბილისის ვითომდა რაღაც აზიანიზმის აღმოსაფხვრელად, ჩვენმა ე. წ. ევროპეისტმა რეკონსტრუქტორებმა ჯერ კიდევ ამ 30 წლის წინათ დაიწყეს ძველი თბილისის ახალ ყაიდაზე „გარდაქმნა“. მართალია, მათ ბევრი კარგი რამ გააკეთეს, მაგრამ დიდებული მეტეხის უძველესი უბანი კი სამუდამოდ შეიწირეს. განა ახალი ხიდისა და ახალი ქუჩის გაჭრა ავლაბრისკენ მტკვრის ცოტა ზემოთ, თუნდაც ახლახან დაქცეულ ქარვასლიდან არ შეიძლებოდა?.. ჩვენმა რეკონსტრუქტორებმა დაადაბლეს დიდებული მეტეხიც და მის ახალ ხიდს ვეღარ გაარჩევ თითქოს ინკუბატორიდან გამოხტუნებულ ვერისა და დიღმის ხიდებისგან. მოისპო ის მართლაც წმინდა ადგილები, სადაც არაბმა დამპყრობლებმა ცოცხლად დასწვეს ქართველებისათვის თავდადებული გმირი, მენელსაცხებლე აბო და მისი სხეული მტკვარში გადაყარეს“ (დემნა შენგელაია, „თბილისის ქუჩების გამო“, „ლიტერატურული საქართველო“, 1965 წ.)
უბედური შემთხვევები
მეტეხის ხიდიდან გადავარდნისა თუ გადახტომის არაერთი ეპიზოდია შემორჩენილი ქალაქის ქრონიკებში. თუმცა ძველი ქალაქი უბედურ შემთხვევებს ორგანიზებულად ვერ უპირისპირდებოდა. მაშველთა საგანგებოდ გაწვრთნილი და კარგად აღჭურვილი რაზმი ძველ ტფილისს არ ჰყოლია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტკვარი საერთოდ უყურადღებოდ იყო მიტოვებული. 1894 წლის 20 დეკემბრის „ივერიაში“ ვკითხულობთ:
„წყალზედ დამხსნელ საზოგადოების მმართველობის განკარგულებით, კუკიის ხიდის ქვეშ მტკვარზე დაარსდა დროებითი სადგური, სადაც უნდა იმყოფებოდეს ვოდოპიანოვი თავის ნავით.“
თუმცა, ვოდოპიანოვისა და სხვა მენავეების ძალისხმევის მიუხედავად, მტკვარში მაინც იხრჩობოდნენ ადამიანები, რისი მიზეზიც, ხიდებზე მეტად, ბორნები იყო.
„გუშინ, დაახლოებით დილის 8 საათზე, 12-13 წლის მოზარდი, რომელიც მუხრანის ბორნით რიყის მხარეს გადადიოდა, წყალში გადავარდა. ვიდრე ბორანი ნაპირს მიადგებოდა, ბიჭმა ბოღაზისკენ ისკუპა და მტკვარში ჩავარდა. ბორანზე მყოფმა უბედურის ბავშვის დედამ ყვირილი მორთო. გადარჩენის საშუალების ძებნაში პუბლიკა აფორიაქდა, მაგრამ ყველა ცდა უშედეგო აღმოჩნდა: ბიჭი დაიღრჩო. მისი გვარის დადგენა ჩვენ ვერ შევძელით“ („ტიფლისკი ლისტოკ“, 1907 წ. 2 დეკემბერი, N263).
ტრაგედია დატრიალებულა კიდევ უფრო შორეულ 1844 წლის 17 აპრილს ამჟამინდელი ზაარბრიუკენის (ვორონცოვის) ხიდს ზემოთ, სადაც ოთხი წლით ადრე კავკასიის მესანგრეთა რაზმს მოუწყვია ბორანი, რომელიც მოძრაობდა მდინარის ნაპირებს შორის გაბმულ ბაგირზე. ნ. კვეზერელი-კოპაძე „თბილისის ხიდებში“ („საბჭოთა საქართველო“. 1961 წ.) წერს:
„1844 წლის 17 აპრილს ამ გადასასვლელზე მოხდა მარცხი. მესაჭის დაუდევრობით ბორანი გადაყირავდა და 12 კაცი წყალში ჩავარდა. მათგან 7 გადაარჩინეს, ხოლო დანარჩენი 5 დაიხრჩო. ბაგირი და ნავები კი არ დაზიანებულა. გამომძიებელმა კომისიამ დაადგინა, რომ შემდგომში ამ ბორნით ერთდროულად გადაყვანილი ყოფილიყო არა უმეტესი 6 კაცისა.“
თბილისის ფარგლებში სხვა და სხვა დროს შემდეგი საბორნე გადასასვლელები მოქმედებდნენ:
- 300 არაგველის ხიდთან
მირზოევის ქარხანასთან გოგილოვის აბანოსთან
მუხრანის (ბარათაშვილის) ხიდის ადგილზე;
ვერის (გალაკტიონის) ხიდთან
ვახუშტის ხიდთან
დიდუბის ხიდის ადგილზე
ფორუმი