Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროპოლიტენის თანამშრომელთა დაანონსებული გაფიცვა


თბილისის მეტროპოლიტენის 250 თანამშრომელი, ძირითადად მემანქანეები, წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. ისინი ანაზღაურების, დაახლოებით, 40 %-ით გაზრდას მოითხოვენ. მეტროპოლიტენის მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისგან პასუხს მომავალი კვირის სამშაბათამდე დაელოდება.

როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, „ერთობა 2013“-ის, გამგეობის თავმჯდომარე რატი კაპანაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, მეტროპოლიტენის მემანქანეებს პროტესტი, წლებია, უგროვდებათ. 2016 წელსაც მათ სამი საგაფიცვო მოთხოვნა ჰქონდათ:

  • საათობრივი ანაზღაურების გაზრდა;
  • ღამის საათებში განსხვავებული სატარიფო ანაზღაურება;
  • პენსიების დანიშვნა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
სატრანსპორტო კომპანიას დღესდღეობით არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მოახდინოს ხელფასების ზრდა ისე, როგორც ეს მოთხოვნილია.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე

საგაფიცვო მოთხოვნები სატრანსპორტო კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ გაფიცვა ერთი თვით გადაავადა, ერთი თვის თავზე კი სატრანსპორტო კომპანიამ მოთხოვნათა ნაწილი დაკმაყოფილა: 20 %-ით გაიზარდა ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება, განისაზღვრა წლიური დანამატი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. მთავარი მოთხოვნა კი, გაეზარდათ საათობრივი ანაზღაურება, გაფიცვის ორგანიზატორებმა დათმეს იმ პირობით, რომ მოთხოვნა 2017 წელს შესრულდებოდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა.

„მთელი ორი წელი მოლაპარაკებების რეჟიმში ვიმყოფებოდით და 2 აპრილს ამიტომაც გადავედით წინასაგაფიცვო რეჟიმზე“,- ამბობს რატი კაპანაძე.

პროცესში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მედიატორის როლში ჩაერთო, ვინაიდან სატრანსპორტო კომპანიამ სათანადო რესურსების არარსებობა მოიყვანა ანაზღაურების გაზრდის შეუძლებლობის მიზეზად. მედიატორმა საქმეში თბილისის მერიის ჩართვა შესთავაზა მხარეებს.

„მერიასთან მოლაპარაკებები საკმაოდ დაძაბულ რეჟმში წარიმართა“, - ამბობს რატი კაპანაძე, რომლის თქმითაც, ისინი მერიისგან პასუხს, გაიზრდება თუ არა მეტროპოლიტენის მემანქანეთა და სხვა თანამშრომელთა საათობრივი ანაზღაურება 7 ლარიდან 10 ლარამდე, მომავალი კვირის სამშაბათამდე დაელოდებიან.

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის, განცხადებით, არც სატრანსპორტო კომპანია და არც მერია ამჟამად არ ფლობს მოთხოვნილი ოდენობით ანაზღაურების გაზრდის რესურსს.

„ჩვენ გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ იმ რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია. მართალია, შესაძლოა ადამიანების ანაზღაურება არ პასუხობდეს იმ სამუშაოს და იმ ხარისხს, რასაც ისინი სწევენ, მაგრამ უნდა პასუხობდეს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ შემთხვევაში სტრუქტურას გააჩნია. სატრანსპორტო კომპანიას დღესდღეობით არ გააჩნია იმის რესურსი, რომ მოახდინოს ხელფასების ზრდა ისე, როგორც ეს მოთხოვნილია. ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ამ ადამიანებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლები ამ გარემოებებს საკმაოდ გაგებით მოეკიდებიან“,- ამბობს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირების გამგეობის წევრის, პირველადი პროფკომიტეტის თავმჯდომარის, მაია შავიშვილის თქმით, გაერთიანებული პროფკავშირები ამ ეტაპზე საგაფიცვო მოთხოვნებს არ იზიარებს, თუმცა სატრანსპორტო კომპანიისგან შეუსრულებელ პირობაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში კომპანიას უნდა წარმოედგინა დასაბუთებული ინფორმაცია ხელფასების გაზრდის შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ იანვარში მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის გამო, ეს საქმე გადაიდო. ამასთან, შეიცვალა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა.

„თებერვალში, მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშირისა და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, კომპანიამ აპრილის ბოლომდე ითხოვა ვადა, ამიტომ ჩვენ აპრილის ბოლოს დაველოდებით, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ამის შემდეგ ჩვენც გამოვიყენოთ კანონით მონიჭებული უფლება და გადავიდეთ დავის პროცესში“, - ამბობს მაია შავიშვილი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG