Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჰმან ალიევი: „აფგანს შევხვდი დაპატიმრების წინა დღეს“


მეჰმან ალიევი
მეჰმან ალიევი

აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ დირექტორი მეჰმან ალიევი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ აფგან მუხთარლის გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა „იყო ერთობლივი ოპერაცია“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფიციალურმა სტრუქტურებმა განახორციელეს. მეჰმან ალიევი რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უყვება, რომ მუხთარლის ჟურნალისტური გამოძიებების საგანი იყო აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთა ბიზნესები, აგრეთვე აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების ერთობლივი ბიზნესპროექტები ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების სფეროებში, რაც, ალიევის თქმით, გახდა კიდეც მისი გატაცებისა და პატიმრობის მიზეზი.

მეჰმან ალიევი: „აფგანს შევხვდი დაპატიმრების წინა დღეს“
please wait

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00

მეჰმან ალიევი: ეს იყო ერთობლივი ოპერაცია, რომელიც ჩატარდა ორივე ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების მიერ. შემდგომმა მოვლენებმაც: საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ და საქართველოში საზოგადოების მხარდაჭერამ და პროტესტმა ამასთან დაკავშირებით, აჩვენეს, რომ სინამდვილეში ეს იყო გატაცება და არა საზღვრის გადაკვეთა, როგორც ამის წარმოჩენა აზერბაიჯანს სურდა. გადადგომებიც, რაც ამას საქართველოში მოჰყვა, ამას უკავშირდებოდა. რა თქმა უნდა, კვირიკაშვილის მთავრობას სურდა ამ საქმის მიჩქმალვა, ცდილობდა ამის გაკეთებას. ვფიქრობ, მუხთარლის საქმემ გამოააშკარავა ძალიან სერიოზული პრობლემები, საქართველოს სახელმწიფო უწყებების ჩავარდნას ვგულისხმობ. ანუ, იქ წავიდა რაღაცნაირი გახრწნის პროცესი, ვიტყოდი. და, ბოლო მოვლენები, რასაც ვხედავთ - პრემიერ-მინისტრის გადადგომა, თბილისში გამოსვლები დაკავშირებული ორი მოზარდის მკვლელობასთან, სასამართლოების გადაწყვეტილებები, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილოები იყვნენ - ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ყველა ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო კორუფციული შემადგენლით. ეს იყო სწორედ გაგრძელება იმ პროცესისა. ანუ, მუხთარლის საქმემ გამოააშკარავა ეს პრობლემები, რომ საქართველოში ფულის გამო შეიძლება მოიტაცონ, გადაიყვანონ, მიიღონ რაღაც გადაწყვეტილებები და ა.შ.. შემდგომმა მოვლენებმა კი, ვფიქრობ, მიგვიყვანა სამოქალაქო საზოგადოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ანუ, სამოქალაქო საზოგადოებამ განაცხადა, რომ ასეთ მთავრობას აღარ მოითმენს.

რადიო თავისუფლება: თქვენ ამბობდით, რომ შეხვდით აფგანს, არა?

მეჰმან ალიევი: დიახ, შევხვდი დაპატიმრების წინა დღეს. თბილისში ვიყავი ღონისძიებაზე.

რადიო თავისუფლება: თქვენთვის ცნობილია რა ბიზნესპროექტების გამოძიებაზე მუშაობდა ის?

მეჰმან ალიევი: ეს დაკავშირებული იყო სამ პროექტთან. პირველი იყო უძრავი ქონება, თბილისში მიკრორაიონების მშენებლობა. [აფგანი] არკვევდა ვინ აშენებდა და რას აშენებდა. აგრეთვე იძიებდა „სოკარ ჯორჯიის“ მოღვაწეობას და კიდევ იყო, ბათუმში მიმდინარე პროექტები - სასტუმროები, რომლებიც გასაყიდად გამოჰქონდათ. ანუ, ძირითადად გამოძიებები უკავშირდებოდა უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებს. აი, ამ თემების გამოძიებით იყო დაკავებული.

რადიო თავისუფლება: ამაში იყვნენ ჩარეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები?

მეჰმან ალიევი: რა თქმა უნდა. აფგანი მეუბნებოდა, რომ ეს ერთობლივი პროექტებია აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებების და ამიტომ იძიებდა. და კიდევ, ის ინფორმაციაზე მოთხოვნებს გზავნიდა იუსტიციის სამინისტროში, შს სამინისტროში და ა.შ. და მითხრა, რომ არ პასუხობდნენ. მეტიც, დაუწყეს დამუქრება. მაშინ მან მეუღლესთან ერთად მიმართა გერმანიის საელჩოს, რომ მიეცათ საქართველოდან გამგზავრების შესაძლებლობა. მის მეუღლეს სურდა წასვლა. ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გრანტიც გამოყო, რომ ისინი გამგზავრებულიყვნენ. თუმცა, მას [აფგანს] უარი უთხრეს გერმანიაში გამგზავრებაზე. ის დარჩა საქართველოში და მოკლე ხანში ის მოიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ვფიქრობ, ამაზე პასუხისმგებელია გერმანიის მთავრობაც, რომელმაც უარი უთხრა მას ქვეყანაში შეშვებაზე, რადგან მის მიმართ რეალური საფრთხე არსებობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG