Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობის გეგმის მოლოდინში: ვინ გადაურჩება შიმშილს - რა ეშველება ეკონომიკას?


რით დაეხმარება მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალებულ ადამიანებს, რით დაეხმარება ბიზნესსა და ეკონომიკას - დეტალები 24 აპრილს გაირკვევა, როცა მთავრობა წინასწარ დაპირებულ ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. საზოგადოების ინტერესი დიდია, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ბევრი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეც დააყენა. ხელისუფლების ძირითადი იმედები 3-მილიარდდოლარიან საერთაშორისო დახმარებას უკავშირდება. ოპონენტებს მთავრობის გეგმების მიმართ დაგვიანების ბრალდება და სკეპტიკური მოლოდინი აქვთ.

რა ვიცით მთავრობის გეგმებისა და საერთაშორისო დახმარების შესახებ ამ დრომდე? რამდენად რეალისტურია ხალხის მოლოდინი? რამ და როგორ უნდა გამოიყვანოს საქართველო კორონავირუსის მიერ შექმნილი მძიმე კრიზისიდან?

როგორც წინასწარ ითქვა, მთავრობამ 24 აპრილს უნდა წარმოადგინოს ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი შემდეგი კომპონენტებით:

  • მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა (სოციალური დახმარება კონკრეტული ჯგუფებისთვის);
  • ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა;
  • შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების და შესაბამისად - ეკონომიკის გახსნის (ბიზნესის ამოქმედების) გეგმა.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აღნიშნეს, კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავების შესაძლებლობები მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც მთავრობამ მნიშვნელოვანი მოცულობის საერთაშორისო დახმარების - 3 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო.

პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა 21 აპრილს თქვა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების თანხების მობილიზება საქართველოს ხელისუფლების „უპრეცედენტოდ დიდი შრომისა“ და „თანმიმდევრული რეფორმების“ შედეგია.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს დაეხმარებიან: საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა.

მაგალითად, სავალუტო ფონდის (IMF) შემთხვევაში ვიცით, რომ:

  • „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 450 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული;
  • ხოლო აქედან 200 მილიონი დოლარი იქნება საბიუჯეტო დახმარება, რაც სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების მოგვარებას უნდა მოხმარდეს.

თუმცა სხვა წყაროებთან დაკავშირებით უფრო მეტი კონკრეტიკის მოძიება ჭირს.

რადიო თავისუფლებამ 23 აპრილს შეკითხვებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. დაგვპირდნენ, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხები ვერც საერთაშორისო დახმარებასთან და ვერც - შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით.

14 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თქვა, რომ:

  • საქართველო მიიღებს როგორც საბიუჯეტო, ასევე მიზნობრივ დახმარებას დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით - „...დაახლოებითს ვამბობ იმიტომ, რომ ყველაფერზე არ არის ხელი მოწერილი და არ არის სრული თანხმობა“;
  • დაახლოებით ასეთივე მოცულობის დაფინანსებას მიიღებს კერძო სექტორი;
  • ფულის ჩარიცხვა დაიწყება აპრილში და შემდგომ მოხდება ეტაპობრივად წლის ბოლომდე და „გადავა ალბათ 2021 წელშიც ნაწილი... თუმცა იქ ცალკე პაკეტზეა ლაპარაკი“.

მეორე დღეს, 15 აპრილს, განსხვავებული რამ თქვა პრემიერ-მინისტრმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებთან ონლაინთათბირის დროს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 3-მილიარდიანი საერთაშორისო დახმარება წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი - „არცერთ ქვეყანას ასეთი შედეგი ჯერ არა აქვს“.

რა ვადებში მიიღებს საქართველო 3 მილიარდი დოლარის დახმარებას - რამდენია სესხი და რამდენი - გრანტი?

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას საყვედურობს, რომ პროცესი გასაიდუმლოებულია და „ქართული ოცნება“ არ თვლის საჭიროდ, საქმის კურსში ჩააყენოს დეპუტატები.

იმის გამო, რომ ანტიკრიზისული გეგმა მანამდე არ წარმოადგინა, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა 22 აპრილს მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს.

22 აპრილს, პარლამენტის სხდომაზე ასევე გამოჩნდა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს შეკითხვები აქვთ ბიუჯეტის სამომავლო კორექტირებასთან დაკავშირებითაც.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ინფორმაცია 3-მილიარდიანი დახმარების წლის ბოლომდე მიღების შესახებ მას „გაბერილი და გაუგებარი“ ჰგონია. მისი შეფასებით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას ცდილობს.

  • „ძალიან მეეჭვება, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ 3 მილიარდი დოლარი... უკვე რაც ვიცით, სავალუტო ფონდის მთლიანი თანხა ამ წელს არ შემოვა... ვერც კერძო სექტორი შეძლებს მოკლე დროში შესაბამისი ბიზნესგეგმების მომზადებას, ფინანსური სახსრების მისაღებად“...
  • „კარგია ყველანაირი დახმარება და მნიშვნელოვანი როგორ არ არის, მაგრამ - პრობლემები გაცილებით მეტია და უფრო ავტორიტეტული მთავრობა ბევრად მეტის მოზიდვას შეძლებდა“...
  • „ის, რასაც მთავრობა ხვალ წარმოადგენს (ანტიკრიზისული გეგმა), უკვე უნდა იყოს ეს ასახული ბიუჯეტში და უკვე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტსაც... ვიდრე ეს არ აისახება ბიუჯეტში, ეს ყველაფერი სურვილების გეგმა იქნება და სხვა არაფერი“.

არის თუ არა მზად საბიუჯეტო ცვლილებები ანდა რა ეტაპზეა მომზადების პროცესი? რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროს პასუხი ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო.

თუკი ივანე მაჭავარიანის ისევ 14 აპრილის ინტერვიუს მიხედვით ვიმსჯელებთ, „ე.წ. კრიზისული ბიუჯეტი“ იმ დროისთვის უკვე „შეჯერებული“ უნდა ყოფილიყო - „გადავიაზრეთ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე... შევაჯერეთ პარამეტრები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. არის სრული მზაობა იმისა - თუ სად და როგორ წავა ეს თანხები“.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ ბიუჯეტში იქნება მნიშვნელოვანი კლება და „დაახლოებით 3 მილიარდ ლარზეა საუბარი“.

სხვადასხვა გათვლით, საქართველოში 2020 წელს 4-5-პროცენტიან ეკონომიკურ კლებას ელოდებიან.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მიღებული დახმარება გააჩენს შესაძლებლობას „დავაბალანსოთ ბიუჯეტში არსებული დანაკლისები“, თუმცა:

  • „ჩვენ მოგვიწევს მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პირობებში ცხოვრება და მუშაობა“;
  • „შეიკვეცება ყველა ის ხარჯი, რომელიც პირდაპირ და ირიბად კრიზისის დაძლევას არ უკავშირდება“;
  • „შეიკვეცება ის ხარჯებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული მოსახლეობის ჯანდაცვასთან, სოციალურ უზრუნველყოფასთან და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან“.

ანტიკრიზისული პაკეტის დეტალები ჯერ არ სახელდება, თუმცა, ირაკლი კოვზანაძის თქმით, „ხვალ გაცხადდება, თუ რა სახის სოციალურ პაკეტს ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ახლა ან მომავალში დაკარგავენ სამუშაო ადგილებს პანდემიის შედეგად“ და „ასევე საუბარი იქნება იმაზეც, თუ ეტაპობრივად, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი კრიზისიდან და გავხსნათ ეკონომიკა“.

პრემიერმა განაცხადა, რომ მცდარი იყო ინფორმაცია 150-ლარიანი სოციალური დახმარების შესახებ და მიანიშნა, რომ უმუშევრად დარჩენილებისთვის დახმარება საარსებო მინიმუმზე (206 ლარი) ნაკლები არ უნდა იყოს.

შეხვდებათ თუ არა დახმარება თვითდასაქმებულებსაც?

ეს ჯერ უცნობია. როგორც ფინანსთა მინისტრმა 14 აპრილის ინტერვიუში თქვა, გეგმა არის თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით და „ეს გეგმაც გამოქვეყნდება“. თუმცა მაჭავარიანის საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, თვითდასაქმებულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ეკონომიკის გახსნა იქნება.

მთავრობა აცხადებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება უკვე დაწყებული აქვს. მაგალითად - ირაკლი ჩიქოვანის მიერ 21 აპრილს გახმოვანებულ ჩამონათვალში შედის:

  • სამი თვით კომუნალური გადასახადების დაფარვა საქართველოს მოქალაქეებისთვის (ეს არ შეეხებოდა ყველას და დაწესებული იყო მოხმარების გარკვეული ლიმიტები);
  • 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, ფასების ზრდის შესაჩერებლად;
  • საგადასახადო შეღავათების დაწესება ბიზნესისათვის (ძირითადად ტურიზმის ინდუსტრიისთვის);
  • საბანკო სესხების მომსახურების სამი თვით გადავადება როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე - ბიზნესისთვის.

22 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გადადგმულ ნაბიჯებს შორის პენსიების წინასწარი დარიგებაც მოიხსენია.

თუკი საერთაშორისო დახმარება მართლაც 3 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, 2 წელიწადზეც რომ გაიწეროს, წესით, ყველა პრობლემას უნდა გასწვდეს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი რამაზ გერლიანი. თუმცა, ექსპერტის აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატური და გააზრებული გეგმით დაიხარჯება ეს თანხები.

ამასთან, გერლიანი თვლის, რომ მისაღები იქნება სხვა აუცილებელი ზომებიც:

„მინიმუმ 12 მილიარდს დაკარგავს ეკონომიკა ამ მძიმე ფონიდან გამომდინარე წელს... ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვნად შესაკვეცი იქნება ე.წ. ბიუროკრატიული ხარჯები... ეკონომიკური ხელშეწყობის კუთხით ასევე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადების მინიმუმ 6 თვით დაპაუზება... მინიმუმ უნდა შეაჩერონ საპენსიო შენატანები და ამით, 1-2%-იან დანამატს დაზოგავს სახელმწიფო... დავალიანების ჩამოწერა იქნება აუცილებელი - უნდა გამოცხადდეს საგადასახადო-საფინანსო ვალდებულებების ამნისტია“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG