Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო მდგომარეობა - რატომ... რატომ... რატომ...


თბილისის ერთ-ერთი ქუჩა
თბილისის ერთ-ერთი ქუჩა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე გახანგრძლივდა. ოპონენტები თვლიან, რომ ხელისუფლების მიერ დაწესებული აკრძალვები უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს ცდება, სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ადამიანებს არავინ უხსნის - რას უნდა ელოდნენ სამომავლოდ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, ოპოზიციის ქმედებებში პოპულიზმს ჩასაფრებასა და დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებს ხედავს.

რატომ უნდა გაგრძელებულიყო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში? კონკრეტულად რა საკითხები იწვევს მწვავე დავას? შესაძლებელია თუ არა პანდემიასთან ბრძოლა ადამიანების ზედმეტად შეწუხების გარეშე?

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და შესაბამისად - დაწესებული აკრძალვების შენარჩუნების მთავარ მიზნად ხელისუფლება ასახელებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.

ამ საკითხზე არც ოპოზიციაში დავობენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ აბსოლუტურად აცნობიერებენ კორონავირუსის პანდემიის საფრთხეებს და არც აკრძალვების აუცილებლობას უარყოფენ, თუმცა გააჩნია - რას და რა შემთხვევებში.

ოპოზიცია 22 აპრილის სხდომაზეც აცხადებდა, რომ უკვე ერთი თვის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მთავრობამ ძალიან ბევრი გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ახლაც უპასუხოდ ტოვებს საზოგადოების ბევრ წუხილს.

ოპოზიციონერი დეპუტატები თითქმის ოდენტური შინაარსის შეკითხვებს სვამდნენ:

  • რა უნდა ქნას მაგალითად ადამიანმა, რომელსაც უახლოეს აფთიაქთან ან მაღაზიასთან კილომეტრები აშორებს, ხოლო გადაადგილება არც საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუძლია და არც ავტომობილით სარგებლობის უფლება აქვს?
  • რატომ უნდა ექმნებოდეთ გადაადგილების პრობლემები, მაგალითად, დიალიზის პროგრამაში ჩართულ ავადმყოფებს?
  • რატომ არ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ავტომობილებით გადაადგილების საშუალება მაშინ, როცა ფეხით გადაადგილება არავის ეკრძალებ?
  • რატომ გახდა აუცილებელი კომენდანტის საათის დაწესება და დამატებითი პრობლემების შექმნა ადამიანებისთვის?
  • რატომ ჯარიმდებოდნენ (3000 ლარით) ერთი ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილებისას, როდესაც ისინი ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობენ?
  • რატომ დაუშვა მთავრობამ შეკრებასთან დაკავშირებული დათმობები ეკლესიისთვის და მრევლისთვის მაშინ, როდესაც ეს სხვებისთვის აკრძალულია?
  • რატომ არის აკრძალული მუშაობა ერთი სავაჭრო ქსელისთვის მაშინ, როდესაც იმავე პროფილის, იმავე პროდუქციით მოვაჭრე მეორე სავაჭრო ობიექტი მუშაობს?
  • რატომ არ შეუძლია ადამიანს იყიდოს მაგალითად მობილური ტელეფონი, ონკანი ან უნიტაზი, თუკი, ვთქვათ, ეს აუცილებელი ნივთები მოულოდნელად გაუტყდება?

ძალიან ბევრი შეკითხვა დასვა ოპოზიციამ 22 აპრილს პარლამენტის სხომაზეც და მანამდე გამართულ ბიუროს სხდომაზეც.

„ევროპული საქართველოში“ დარწმუნებული არიან, რომ, მაგალითად, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა ხელისუფლებამ ეკლესიასთან და რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესებისა და დათმობების ჭრილში დააწესა.

„ვეკითხები პრეზიდენტს და (პარლამენტის) თავმჯდომარეს - ნორმალურია, თუნდაც რელიგიური საბაბით, ფანატიკოსების მიერ მძევლად ყოფნა მთელი ქვეყნის?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, ეს აბსურდი - მანქანების გადაადგილება იმიტომ აკრძალეთ, რომ მაგაში პოლიტიკური ნება არ გეყოთ?“ - ხომ ყველამ ვიცით ეს?!“ - რიტორიკულად იკითხა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“დეპუტატებთან შელაპარაკების დროს.

პასუხების მოსმენა ოპოზიციონერებს თავად პრემიერ-მინისტრისგან სურდათ, თუმცა გიორგი გახარიას ნაცვლად, დეპუტატების წინაშე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი გამოცხადდა.

სხვაგვარად მოიქცა პრეზიდენტი და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მან დეპუტატებს თავად წარუდგინა. ამისათვის სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დეპუტატის შექებაც დაიმსახურა.

თქვენი კრიტიკა ჩასაფრებული პოზიციიდან არის, პოპულიზმია და წინასწარ გაღელვებთ, რომ მთავრობა პარასკევს (24 აპრილს) კონკრეტულ, ქმედით გეგმებს წარმოადგენსო - ასეთი იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების რეაქცია ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებებსა თუ შეკითხვებზე.

ხელისუფლება ფიქრობს, რომ საგანგებო მდომარეობის შედეგად მთავარი მიღწეულია.

„როდესაც ამბობთ, რომ არაეფექტური გადაწყვეტილებები იყო და ხარვეზები იყო, აქ ყველაფერი იზომება შედეგით... შედეგი კი არის ის, რომ გვაქვს (კორონავირუსის) ბევრად ნაკლები გავრცელება, ვიდრე აქვთ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენნაირი ეკონომიკა ან ჩვენნაირი პოპულაცია აქვთ“ - ასე ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე.

ოპონენტების კრიტიკაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა მთავრობის წარმომადგენელს, ნათია მეზვრიშვილს. პოპულიზმის გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლებში მან, როგორც თავად თქვა, ხალხის მისამართით დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებებიც დაინახა - „რეალურად ადამიანებს მოუწოდებთ, რომ არ დაემორჩილონ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს ... და ადამიანებს გონებაში უდებთ, რომ ეს არ არის საჭირო“.

იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისთვის დაეჭირათ მხარი - „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წინასწარ წარდგენასაც მოითხოვდა. ლაპარაკია როგორც პანდემიით დაზარალებული ადამიანების სოციალურ დახმარებაზე, ასევე - ბიზნესის, ეკონომიკის მხარდაჭერაზე.

  • „არაფერს გააკეთებდით, რომ არ ყოფილიყო ყველა პარტიის ერთიანი შტურმი, რომ შიმშილისთვის განწირული მოსახლეობისთვის რაიმე დახმარება გაგეწიათ იგივე კომუნალური ვაუჩერების სახით... მაგრამ დაგავიწყდათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს არა აქვს გაზი ... ასეთები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ და ამიტომ (ლიმიტის გამო) ვეღარც ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათს მიიღებენ... მე ვერ ვხედავ მილიონამდე უმუშევრად დარჩენილი ადამიანის შიმშილისგან გადარჩენის გეგმას“ - რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობა“.
  • „სასწორის ორივე მხარეს დგას სიცოცხლე... ერთ მხარეს მდგარ სიცოცხლეს ნათლად ვხედავთ COVID19-ით გარდაცვლილთა სახით... და მეორე მხარესაც სიცოცხლეა, ოღონდ ეს იქნება დროში გაწელილი - სიღარიბითა და გაჭირვებით გამოწვეული და ეს იქნება არანაკლებ მასშტაბური ზიანი“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველო“.

საბოლოოდ, ოპოზიციური სპექტრის დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას. ზოგს კენჭისყრაში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ზოგმაც წითელ ღილაკს დააჭირა თითი. საბოლოოდ საკითხი დამტკიცდა ასეთი შედეგით: 97 - მომხრე, 10 - წინააღმდეგი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG