Accessibility links

„მკვლელები მეტნი არიან“


51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას განცხადებით მიმართავს და ამავე უწყების ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირის, მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

„შემაქვს საჩივარი იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებმაც მტკიცებულების განადგურებით თუ დანაშაულის დაფარვით ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისათვის და ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში სრულად არ გამოვლენილიყო იმ პირთა წრე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. გარდა ორი ბრალდებულისა, დამნაშავეთა წრე ბევრად ფართოა. დათოს მკვლელობის საქმეში ოთხი მოზარდი ფიგურირებს და ჩვენ ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით“, უთხრა ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას.

21 მაისს „შაბათის კურიერში“ გავიდა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ რა ხდება მკვლელობის შემდეგ, სისხლიან გარჩევაში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის, მიხეილ კალანდიას სახლთან. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გადაყარეს სისხლიანი ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები საკანალიზაციო ჭაში. ასევე ჩანს ისიც, რომ კონფლიქტში მონაწილე მოზარდს ბინაში მიაკითხა ნათესავმა, ჯერ კიდევ პროკურატურის მაღალი რანგის თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა.

ზვიად კუპრავა - სამართლადამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პროკურატურა სრულყოფილად არ იძიებს საქმეს და შეგნებულად არ აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებმაც მონაწილება მიიღეს დათო სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში:

„არ აკეთებს ამას იმიტომ, რომ არ აქვს ნება ამის გასაკეთებლად. პროკურატურა არის მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ თვითონ სუბელიანის მხრიდან, რომელიც თავის მხრივ ემუქრება პროკურატურას იმ კადრებით, რომლებიც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას“.

ზაზა სარალაძისა და ზვიად კუპრავას ბრალდებების პასუხად პროკურატურა კომენტარს არ აკეთებს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ორ დეკემბერს - საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში ხუთი პირიც მისცა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG