Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მირჩევნია, მოგკლა და კაცურად მოვიხადო სასჯელი - მკვლელობა „ღირსების სახელით“


ქალზე ძალადობა - საილუსტრაციო ფოტო
ქალზე ძალადობა - საილუსტრაციო ფოტო

„ი.ხ.-მ მიიჩნია, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა მეორედ გათხოვებით მას შეურაცხყოფა მიაყენა, ვინაიდან თვლიდა, რომ დაზარალებულს, როგორც ქალს, არ ჰქონდა პირადი ცხოვრების განკარგვისა და სხვა მამაკაცზე ქორწინების უფლება“, - ეს არის ნაწყვეტი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სოფელ ქეშალოში მომხდარ მკვლელობას ეხება. კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ყოფილი ცოლი და მოკლა მისი ქმარი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანაშაული ე.წ. ღირსების სახელით ხდება და ყოფილი ქმრები, პარტნიორები, შვილები თუ ოჯახის სხვა წევრები, ქალებს ე.წ. ღირსების შელახვის გამო უსწორდებიან - სცემენ, ასახიჩრებენ, კლავენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავთ.

ფემიციდის ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც პროკურატურამ ბრალის დადგენილებაში სწორედ ე.წ. ღირსების აღდგენის სახელით მოიხსენია, გასული წლის აგვისტოში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ დანაშაული შეაფასა საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინით - მკვლელობა „ღირსების სახელით“ და განაცხადა, რომ „როგორც ბრალდებულს მიაჩნდა, მისი დედის, ჟალა ხალილოვას ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მან განიზრახა ღირსების აღდგენა“.

34 წლის ქალი 14 აგვისტოს, 17 წლის შვილმა მეგობართან ერთად მოკლა. მკვლელობა გამთენიისას, 4 საათზე მოხდა. შვილის მეგობარმა ქალს პირზე პირსახოცი ააფარა, თავად შვილმა კი დანით, სხეულის სხვადასხვა ადგილას, მრავლობითი დაზიანება მიაყენა დედას. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ უკანასკნელ ათწლეულში მოკლული 300-მდე ქალის დიდი ნაწილი სწორედ ე.წ. ღირსების სახელითაა მოკლული და რაკი გამოძიება ამ დანაშაულს აქამდე არასდროს მოიხსენიებდა „ღირსებით სახელით“ ჩადენილად, ეს რიცხვი ვერ მოხვდა იმ საერთაშორისო სტატისტიკაში, რომელიც „ღირსების აღდგენის“ მოტივით ჩადენილ დანაშაულებათა რაოდენობას აღრიცხავს.

ამას ამბობს ელისო რუხაძეც, ორგანიზაცია „უფლებების საქართველოს“ იურისტი:

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

„ფემიციდის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ვეღარ ილაპარაკებს იმაზე, თუ რატომ მოკლა ყოფილმა ქმარმა ან პარტნიორმა. თუმცა, მოწმეთა ჩვენებებიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ქალთა მკვლელობების უდიდესი ნაწილი ჩადენილია სწორედ ე.წ. ღირსების სახელით. ბრალდებულები და შემდგომ მსჯავრდებულები, დარწმუნებულები არიან, რომ ქალს არ ჰქონდა, მაგალითად, მეორედ დაქორწინების უფლება. თუკი მსგავს რამეს გადაწყვეტდა, ჯერ მასთან უნდა შეეთანხმებინა და რაკი ეს ასე არ მოხდა, ის დასაჯა „მისი ცუდი ქალობის გამო“.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით, ღირსების სახელით მსოფლიოში ყოველწლიურად 5000-მდე ქალს კლავენ. ქალთა უფლებებზე მომუშავე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მონაცემს ოთხზე ამრავლებს და ამბობს, რომ ღირსების აღდგენის მოტივით, წელიწადში, დაახლოებით 20 000 ქალი კვდება.

Human Rights Watch-ის განმარტებით, ღირსების აღდგენის სახელით მკვლელობა (Honor Killing), არის ძალადობის აქტი, მკვლელობა, რომელსაც ოჯახის მამაკაცი წევრი სჩადის ოჯახის ქალი წევრის მიმართ, რომელმაც, კაცის რწმენით, ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა. მაგალითად, გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, მოითხოვა განქორწინება, ქორწინების გარეშე დაამყარა სექსუალური კავშირი პარტნიორთან და ა.შ.

საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს რეალობაში, ქალის ამ „დანაშაულებს“ ემატება, მაგალითად, მეორედ დაქორწინება ან განქორწინების შემდეგ სხვა პარტნიორის ყოლა.

„კაცები თვლიან, რომ ქალმა მას ცხოვრების თითოეული დეტალი უნდა შეუთანხმოს და თუკი ასე არ ხდება, ის უნდა დაისაჯოს“

ე.წ. ღირსების სახელით ჩადენილი დანაშაული ყოველთვის მკვლელობით არ სრულდება. „ღირსების სახელს“ ამოფარებული ბრალდებულები ქალებზე ძალადობას საკუთარი „ღირსების“ სადარაჯოზე დგომით ამართლებენ.

ადვოკატ ელისო რუხაძეს იმ არაერთ საქმეზე უმუშავია, რომელიც სწორედ „ღირსების სახელით“ ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა.

ამბობს, რომ დანაშაულის მოტივს, რომლის შესახებაც ბრალდებულები ლაპარაკობენ, მათი აღქმით და რწმენით, სწორედ „ღირსების დაცვის“ საფუძველი უდევს და ამიტომ ვერ აცნობიერებდნენ ჩადენილი დანაშაულის სიმძაფრეს:

„აქ საქმე მხოლოდ მკვლელობებს არ ეხება. არაერთი საქმე გვაქვს, როდესაც კაცი სასტიკად გაუსწორდა ცოლს მხოლოდ იმის გამო, რომ მისი საქციელი „თვალში არ მოუვიდა“ და ჩათვალა, რომ „ღირსება შეელახა“, - მეუბნება ელისო რუხაძე და იხსენებს ამ საქმეთაგან ერთ-ერთს:

„კაცმა სასტიკად სცემა ცოლი მხოლოდ იმის გამო, რომ ღამით, როდესაც ძმაკაცებთან ერთად სვამდა ეზოში, ცოლი გადაუდებელ საქმეზე გავიდა, ძმაკაცებმა დაინახეს ეს ქალი და კაცს ჰკითხეს, სად დადის ეს შენი ცოლი ამ შუაღამესო. ბრალდებული აცი ამტკიცებდა, რომ მას ღირსება შეულახა ცოლმა, მასთან შეუთანხმებლად გავიდა ღამით ქუჩაში და ეს მისმა ძმაკაცებმა დაინახეს. არაერთი მსგავსი საქმე გვაქვს, როდესაც კაცები ერთმანეთში განიხილავენ სხვისი ცოლის პირად ცხოვრებას, რასაც კაცი პირად შეურაცხყოფად იღებს და ამის შემდეგ ფიზიკურად უსწორდება ცოლს“.

როგორც ელისო რუხაძე ჰყვება, ბრალდებულების ჩვენებებში მოყვანილი დანაშაულის მოტივები, რომლებიც ქალებს „ღირსების სახელით“ უსწორდებიან, „აბსურდულად მრავალფეროვანია“.

„მაგალითად, ქალმა გამოთქვა აზრი „ოჯახის უფროსთან შეუთანხმებლად“, „ენა წაიგრძელა“, მასთან შეთანხმების გარეშე გაიკეთა სახის პროცედურები, იყიდა კაბა, რომელიც არ იყო „სათანადო სიგრძის“. რომ წაიკითხოთ ჩვენებები, ვერ დაიჯერებთ, რას წერენ ბრალდებულები. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ არ ეყოს, მაგრამ რეალობა ასეთია. კაცების ნაწილი თვლის, რომ ქალმა მას ცხოვრების თითოეული დეტალი უნდა შეუთანხმოს და თუკი ეს ასე არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ქალი კაცს პატივს არ სცემს, „ულახავს ღირსებას“ და ის უნდა დაისაჯოს“.

თანასწორობის არაღიარება - ელისო რუხაძე თვლის, რომ სწორედ ამ პრობლემის გააზრება ევალება როგორც საზოგადოებას, ისე პასუხისმგებლიან სახელმწიფოს, რომლის მოგვარებაზე ზრუნვა საგანმანათლებლო სისტემიდან - სააღმზრდელო დაწესებულებიდან, სკოლიდან უნდა იწყებოდეს:

„ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ქალებს და კაცებს არ აქვთ განსხვავებული უფლებები და თუკი ოჯახებში ვერ ხერხდება ამ თემებზე ლაპარაკი, ეს სკოლამ უნდა გააკეთოს. სხვა პასუხისმგებლობასთან ერთად, ესეცაა სკოლის მოვალეობა, რათა მომავალში მაინც ავიცილოთ მსგავსი დანაშაულები თავიდან. კაცებმა უნდა გაიაზრონ, რომ ყოფილი ცოლის თუ პარტნიორის დაქორწინება არანაირ კავშირში არ არის მათ ე.წ. ღირსებასთან. კაცები უთანხმებენ ქალებს, დაქორწინდებიან თუ არა მეორედ? ეყოლებათ თუ არა პარტნიორები? საზოგადოებამ თუ არ გააცნობიერა, რომ ქალები და კაცები არიან თანასწორები და მათ აქვთ აბსოლუტურად თანასწორი უფლებები, მანამდე ეს პრობლემა მუდმივად იქნება და ქალებს აუცილებლად მოკლავენ, სცემენ, დაასახიჩრებენ „ღირსების სახელით“.

„თავზე ლაფდასხმულ ცხოვრებას, მირჩევნია, მოგკლა და კაცურად მოვიხადო სასჯელი“

„არასწორი აღქმით აღზრდილი თაობები“ - ამავე პრიზმიდან უყურებს „ღირსების სახელით“ ჩადენილ დანაშაულებს ეკა ქობესაშვილი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი და ამბობს:

„ესენი არიან კაცები, რომლებიც თვლიან, რომ ქალს არ აქვს პირადი ცხოვრების უფლება, ეს არის საზოგადოება, რომლის მენტალიტეტი ჯერ კიდევ იქ ტრიალებს, რომ თუკი ქალი განქორწინდა, მან პირადი ცხოვრებაც იმ ქორწინებასთან ერთად უნდა დაასრულოს“, - ეკა ქობესაშვილის, როგორც ადვოკატის გამოცდილება არაერთ „ღირსების საქმეს“ ითვლის და ახსოვს ის ფრაზებიც, რაც მას ამ საქმეებზე მუშაობისას მოუსმენია:

„თავზე ლაფდასხმულ ცხოვრებას, მირჩევნია, მოგკლა და კაცურად მოვიხადო სასჯელი, აი, ამას ეუბნებიან ხოლმე ყოფილი ქმრები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ქალებს“, - თავზე ლაფის დასხმად კი კაცები, როგორც წესი, ყოფილი ცოლის, დედის, დის პირადი ცხოვრების აწყობის მცდელობას აღიქვამენ.

ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ სიკვდილისა და მუქარის შიშით, ქალები არცთუ იშვიათად ირჩევენ მარტო ცხოვრებას:

ეკა ქობესაშვილი
ეკა ქობესაშვილი

„არაერთი საქმე გვაქვს, როცა მსხვერპლები სწორედ ამაზე მიუთითებენ, ამბობენ, რომ მოკლავს, თუ გაიგებს, რომ სხვა პარტნიორი ჰყავს; მოკლავს, თუ გაიგებს, რომ ახალი ოჯახის შექმნას გეგმავს და მუდმივი შიშის ფონზე, ეს ქალები ვეღარ გეგმავენ პირად ცხოვრებას. ურჩევნიათ იცოცხლონ და დაე, იყვნენ მარტოები. „მომკლავს“, „მომკლავს“, - ამ სიტყვას იმეორებენ ხოლმე სასოწარკვეთილები და ქვეყანაში არსებული ფემიციდის სტატისტიკა, მათ ამ შიშის საფუძველს კიდევ უფრო უღრმავებს“.

ხანუმ ჯეირანოვას საქმე - „ღირსების სახელით“ შელახული ღირსება

„ღირსების სახელით“ ჩადენილ დანაშაულთაგან ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელზეც გამოძიებასა და სასამართლოს დაგვიანებული და არაადეკვატური რეაგირება ჰქონდა, 9 წლის წინ, ლამბალოში მოხდა.

ეს საქმე ხანუმ ჯეირანოვას სახელითაა ცნობილი და 2022 წლის ოქტომბერში, გაეროს ქალთა კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ „საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით”. გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ კი, ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაცია გადაეხადა.

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე პროკურატურამ მხოლოდ რვა წლის შემდეგ წარუდგინა ოთხ კაცს ბრალი და ცხრა თვის თავზე, 2023 წლის იანვარში, პატიმრობა მიესაჯა.

"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ბრალდებულები მიიჩნევდნენ რა, რომ დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

ამ ფაქტიდან ორ დღეში ქალმა თავი მოიკლა.

ფემიციდის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, რომლებიც 2022 წელს საქართველოს პროკურატურამ გააანალიზა, აჩვენებს, რომ ქალების უმეტესობა მხოლოდ იმიტომ მოკლეს და იმიტომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რომ მისგან ითხოვდნენ მორჩილებას, მასზე კონტროლს და მკვლელობამდეც მას სისტემატურად ამცირებდნენ. ამავე მონაცემებით, ბოლო ხუთ წელში, 18 ქალი მოკლეს ან მათი მკვლელობა სცადეს კაცებმა „ღირსების დაცვის“ საბაბით.

ღირსების აღდგენის სახელით ჩადენილი მკვლელობა განსაკუთრებით ხშირია აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ავსტრალიისა და აფრიკის კონტინენტებზე, თუმცა, ყველაზე მეტი მკვლელობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG