Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვას ევროკავშირი დახმარებას უსამმაგებს, საქართველოში რუსეთისგან შემოსავალს ითვლიან


მოლდოვა, რომელიც 1 ივნისს ევროპული  ლიდერების მასშტაბურ სამიტს (EPC) მასპინძლობდა და მცირე ხნით, ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქადაც იქცა, ევროკავშირისგან თითქმის გასამმაგებულ ეკონომიკურ დახმარებას - 1.6 მილიარდ ევროს მიიღებს. 

ეს დახმარება არ არის პირდაპირ მიბმული კანდიდატის სტატუსთან, რომელიც, უკრაინის მსგავსად და საქართველოსგან განსხვავებით, მოლდოვამ 2022 წლის ივნისში მიიღო; მაგრამ ექსპერტების შეფასებით - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მოლდოვის ხელისუფლების თანმიმდევრული და მიზანდასახული სვლის შედეგი.

საქართველოს ხელისუფლება კი ეკონომიკაში რუსეთის წილს ითვლის და არ აპირებს გაითვალისწინოს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დემარში - რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

რას და რატომ მიიღებს მოლდოვა?

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის წინა დღით, პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვისთვის დახმარების ახალი, გაზრდილი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. 5 მიმართულებიდან ერთ-ერთი დამატებით ეკონომიკურ დახმარებას შეეხება.

„2021 წლის ოქტომბრიდან ევროკავშირმა მოლდოვას 1 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო. ეს მოიცავს მაკროსაფინანსო დახმარებას 300 მილიონი ევროს ოდენობით. ახლა კი, დამატებით, ჩვენ ვაძლიერებთ დახმარებას ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო 600 მილიონი ევროს მობილიზება. კარგი ამბავი ისაა, რომ ჩვენ თითქმის ვასამმაგებით ამ თანხას და, დამატებითი დაფინანსებით, 1.6 მილიარდი ევროს გამოყოფა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა 31 მაისს და დასძინა, რომ ეს დახმარება „მისცემს დიდ შესაძლებლობებს მოლდოვურ კომპანიებს და ამდენად, ეს იქნება პირდაპირი ინვესტიცია მოლდოვის ეკონომიკაში“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ამავე პრესკონფერენციაზე გამოაცხადა ასევე მოლდოველებისთვის როუმინგის გადასახადის შემცირების შესახებ; ითქვა, რომ რუსეთის მიერ შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად, პირველ ეტაპზე, გამოიყოფა 100 მილიონი ევრო, მათ შორის - მოწყვლადი ჯგუფების გადაუდებელი ხარჯის დასაფარად და მზადდება ნიადაგი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზართან მოლდოვის ინტეგრირებისთვის. აღინიშნა ასევე 40-მილიონიანი დახმარება თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად და სხვა.
ევროკავშირი ასევე შეთანხმდა, რომ მოლდოვაში სამოქალაქო მისიას განათავსებს, ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად.

„მე ნათლად ვხედავ, რომ თქვენ აღწევთ დიდ პროგრესს. ამის დანახვა სასიამოვნო და საოცარია. ჩვენ დაგიჭერთ მხარს, რომ უფრო სწრაფად წაიწიოთ წინ“, - მიმართა მოლდოვის პრეზიდენტსა და მოლდოველ ხალხს ევროკომისიის პრეზიდენტმა.

გაზრდილი დახმარებისთვის მადლობა პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტვიტერშიც გადაიხადა და დაწერა, რომ - ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად განიხილა „მოლდოვის მომავალი ევროკავშირის ოჯახში“.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის მეზობელი პატარა ქვეყნის, ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალებული მოლდოვისადმი ევროკავშირი რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, საერთოდ არ აკვირვებს „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორს, კახა გოგოლაშვილს. თუმცა თვლის, რომ, პირველ რიგში, ეს თავად მოლდოვის პრეზიდენტისა და მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის დამსახურებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვის საზოგადოებაში ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები ჭარბობენ, ევროკავშირისთვის მოლდოვა საიმედო ქვეყანაა იმის გამო, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად მიიწევს წინ ევროპულ გზაზე. ამიტომ არის, რომ, რასაც მოითხოვენ ბრიუსელისგან, პრაქტიკულად არაფერზე იღებენ უარს. მათი დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება“, - ეუბნება კახა გოგოლაშვილი რადიო თავისუფლებას. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მოლდოვა „ამხელა დახმარებას ვერ მიიღებდა, ისეთივე ხელისუფლების პირობებში, როგორიც ახლა საქართველოს ჰყავს“.

„საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ რუსეთთან დაახლოების ხარჯზე გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც აჩენს ომი. მოლდოვის მთავრობა ამაზე არ მიდის... ტყუილი, როცა ამბობენ, რომ მოლდოვას რუსეთთან პირდაპირი ავიაფრენები აქვს... ჩვენ კი ამ დროს ისე ვართ რუსეთთან, თითქოს ღვიძლი ძმები ვიყოთ“, - გვეუბნება გოგოლაშვილი.

რუსეთის 2.5 მილიარდი?

მიმდინარე კვირის დასაწყისში, როცა რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ ეკონომიკის მინისტრისთვის გადაცემული დემარში გააპროტესტა, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ფრენებზე უარის თქმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების ტოლფასი იქნებოდა, ეს კი - სულ მცირე, ყოველწლიურად 2.5 მილიარდი დოლარის დაკარგვას ნიშნავს.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჩვენმა მოქალაქემ [პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - რ.თ.] აღნიშნა, რომ - 200-300 მილიონად ვყიდითო ღირსებასო?! - ასეთი კითხვა დაისვა. პირველ რიგში, - ღირსება არ იყიდება არც 200-300 მილიონად და არც 200-300 მილიარდად...

ზოგადად როცა ლაპარაკია ციფრებზე, აქ არ არის ლაპარაკი 200-300 მილიონზე, საუბარია ბევრად უფრო მეტზე... რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, დავსჯით არა რუსეთს, არამედ საკუთარ ქვეყანას და ჩვენი ეკონომიკა, პირველ წელს, დაკარგავდა მინიმუმ 10%-ს... თანხებში ნიშნავს შემდეგს - 2.5 მილიარდი დოლარიდან 4.5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. საუბარია კატასტროფულ შედეგებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Gnomon Wise-ის მკვლევარი, ეკონომისტი ეგნატე შამუგია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეკონომიკურად შეუძლებელია იმის გამოთვლა, თუ რამდენს დაკარგავს ქვეყანა, მეორე ქვეყანასთან სავაჭრო კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში.

„ვთქვათ, მეღვინე ვანოს კახეთიდან რუსეთში ექსპორტზე გააქვს ერთი ტონა ღვინო და უცბად ამას აუკრძალავენ - ვანო გულხელდაკრეფილი ხომ არ დაჯდება?! ადგება და ამ ღვინოს გაიტანს სხვაგან - სხვა ქვეყნებში. ხომ გვახსოვს, ემბარგო რომ დაგვიწესა რუსეთმა ღვინოზე და სხვა პროდუქციაზე, 2006 წელს - მაშინც კი გადიოდა ეს პროდუქცია სხვა ქვეყნების გავლით რუსეთში და ასევე გავიდა ევროპის ქვეყნებში... მარტივია - აღარ არის შენი კლიენტი? არსებობენ სხვა კლიენტები“, - ეგნატე შამუგია „თავმოყვარე ეკონომისტისთვის“ შეუსაბამოდ მიიჩნევს ამ შემთხვევაში საუბარს რიცხვებით, „რომ ამდენს ვიზარალებთ და იმდენს ვიზარალებთ“, რადგან „21-ე საუკუნეში ვაჭრობისა და კონტაქტების სრულად აკრძალვაც შეუძლებელია“.

"[ვაჭრობა თუ შეიზღუდება რუსეთთან], კი, რაღაც პროცენტს ალბათ დავკარგავთ, მაგრამ ჩიტი ბრდღვნად ღირს - ჩვენი პერსპექტივა არ არის რუსეთში, ჩვენი პერსპექტივა ევროპაშია. ევროპული პერსპექტივის დაკარგვას, მგონი, ჯობია, რომ მართალ მხარეს ვიდგეთ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი რამაზ გერლიანი.

ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ ითხოვს; მისი მოწოდებაა, რომ საქართველომ არ დაუშვას რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლა და ასევე - არ გადადგას ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძალისხმევას - იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, უკრაინაში წარმოებული სასტიკი ომის გამო. ამ კუთხით ევროკავშირისთვის მიუღებელია პირდაპირი ფრენის განახლება საქართველოსა და რუსეთს შორის.

რას აჩვენებს საქართველოს გამოცდილება?

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის თანახმად, 2006 წელს დაწყებული რუსული ემბარგოს შედეგად, რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ, „საქართველოს ეკონომიკა არათუ ჩამოანგრია, არამედ როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას სერიოზული ბიძგი მისცა“ და „ამ დივერსიფიცირებისთვის შეუცვლელი იყო დასავლური ტექნიკური დახმარება“.

  • 2005-2011 წლებში, ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე (117 მილიონი დოლარით); მაგრამ სანაცვლოდ, ექსპორტი გაიზარდა: აზერბაიჯანთან - 9.64%-დან 19.48%-მდე (342.5 მილიონი დოლარით); სომხეთთან - 4.59%-დან 10.19%-მდე (183.1 მილიონი დოლარით); აშშ-სთან - 3.09%-დან 6.56%-მდე (116.8 მილიონი დოლარით); უკრაინასთან - 4.27%-დან 6.46%-მდე (104.3 მილიონი დოლარით).
  • 2006-2011 წლებში, რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე (167.4 მილიონი დოლარით); მაგრამ, სანაცვლოდ, გაიზარდა: თურქეთის წილი - 14%-დან 18%-მდე (756.1 მილიონი დოლარით); ჩინეთის წილი - 3%-დან 7%-მდე (424.4 მილიონი დოლარით).

ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოს ექსპორტსა და იმპორტში რუსეთის წილი „ქართული ოცნების“ პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა:

  • 2013 წლიდან, ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წელს - 14.49%-მდე გაიზარდა (351.1 მილიონი დოლარით);
  • 2012 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში გაიზარდა 6%-დან 14%-მდე (1,358.7 მილიონი დოლარით)
2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით, რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 მაისს ისიც აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში რუსეთის წილის, დაკარგული თანხის ევროკავშირისგან კომპენსირების იმედი არა აქვს. აქვე მან გაიმეორა მანამდეც არაერთგზის ნათქვამი, რომ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ბევრით ვერაფრით ეხმარებიან:

„ვინ დაგვიკომპენსირებდა ამ თანხას - თუნდაც 2.5 მილიარდ დოლარს? მაშინ როცა, იგივე ევროკავშირზეა საუბარი... ევროკავშირი-ამერიკის დაფინანსება, მთლიანობაში რომ ავიღოთ, წლიური დაფინანსება - სულ არის დაახლოებით 200 მილიონი დოლარი. თან ეს არ არის მთლიანად დახმარება. აქედან უდიდესი ნაწილი ხმარდება NGO-ების დაფინანსებას, რასაც წვლილი არ შეაქვს, ბუნებრივია, ეკონომიკაში. დიდი ნაწილი ბრუნდება უკან. აქედან გამომდინარე, ეს თანხა ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკომპენსირებდა იმ დანაკლისს რაზეც გვაქვს საუბარი; საუბარია 2.5 მილიარდ დოლარზე“.

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება; რადგან ევროკავშირისა და აშშ-ის ჯამური დახმარება გაცილებით მოცულობითი და ქმედითია საქართველოს განვითარებისთვის.

„დაახლოებით 120 მილიონია [ევრო] დაფინანსება ევროკავშირის წლიური სამოქმედო გეგმის ფარგლებში; მაგრამ არსებობს სხვადასხვა სახის პროექტი და ფინანსური ინსტრუმენტი, რომელითაც ევროკავშირი პარტნიორებს აფინანსებს - "მეტით, მეტის სანაცვლოდ".

მაგალითად, ახლახან 30 მილიონი ევრო რომ გამოგვიყვეს თავდაცვის გასაძლიერებლად, ეს არ შედიოდა წლიურ სამოქმედო გეგმაში... და რუსეთი რას გვჩუქნის? რუსეთი შენთან ვაჭრობს უბრალოდ... და ბევრსაც ვკარგავთ - მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინების დამსახურებაა, მათ შორის - ინფლაციაც", - ამბობს გოგოლაშვილი და იხსენებს ასევე ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ამბავს, რომელზეც უარი „ქართულმა ოცნებამ“ თავად თქვა; "შემდეგ კი გაირკვა, რომ „საქართველოს მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ამ ფულს ევროკავშირი მაინც არ გასცემდა“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG