Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდი, რომელმაც „უეცრად“ ბავშვი გააჩინა


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელში, რამდენიმე დღის წინ, 16 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. სამშობიარო ტკივილები სკოლაში, გაკვეთილზე დაეწყო. გოგო ირწმუნება, რომ ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

არაფერი იცოდნენ მისი ორსულობის შესახებ სკოლასა და ოჯახშიც. ბავშვი ნაადრევად დაიბადა. ის ამჟამად საავადმყოფოში, ინტენსიურ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ადვოკატის თქმით, 16 წლის გოგომ შვილზე უარი თქვა: „ამბობს, რომ ძალადობის ნაყოფის გაზრდა არ სურს“.

მოზარდის თქმით, რამდენიმე თვის წინ, მასზე მეზობელმა და მეგობრის მამამ იძალადა. როგორც გოგო ამბობს, კაცი მას დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, თორემ ოჯახის წევრებს დაუხოცავდა. მოზარდმა კაცის ვინაობა მხოლოდ მას შემდეგ გაამხილა, რაც ბავშვი დაიბადა.

მოზარდის ოჯახი ამბობს, რომ მოძალადის ოჯახმა გაჩუმების სანაცვლოდ მათ ჯერ ოქრო შესთავაზა, შემდეგ კი მოძალადის 14 წლის ვაჟზე დაქორწინება.

სკოლის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ მოზარდის ორსულობის შესახებ სკოლაში არაფერი იცოდნენ, თუმცა, სხვა დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ლაპარაკობს: „ინფორმაცია კონფიდენციალურია და გვითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი ილაპარაკოთო“.

საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან. მოზარდი ამ ეტაპზე დაზარალებულად არ არის ცნობილი. ბრალი არც 40 წლის კაცს არ აქვს წარდგენილი. დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზაც.

გენეტიკური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ტარდება. როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტეს ბიუროში, გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი.

კაცი, რომელსაც მოზარდი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მისმა ოჯახმა მოზარდის ოჯახს ოქრო და მის ვაჟზე დაქორწინება შესთავაზა.

როგორც კაცი რადიო თავისუფლებას ეუბნება, თუკი გენეტიკური ექსპერტიზა დაადგენს, რომ ახალშობილი მისი შვილია, მზად არის ის შვილად აღიაროს და ამასთან, პასუხი კანონით აგოს.

40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც პოლიციაში უკვე გამოკითხეს, დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზა ამას არ დაადასტურებს.

ადვოკატის თქმით, დღესდღეობით მოზარდი სხვა სოფელში, მეზობლის სახლში ცხოვრობს, რადგან ის ოჯახის წევრებმა მოძალადეს გაარიდეს:

„სოციალურმა აგენტმა ოჯახს მოზარდის დროებით თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზა, სადაც მას ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევდნენ. თუმცა, ოჯახმაც და თავად მოზარდმაც თავშესაფარში გადაყვანაზე უარი თქვა. რაც შეეხება მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არ ეტყობა, რომ დათრგუნულია. ემოციურად საკმაოდ მშვიდად არის, ადეკვატურად ლაპარაკობს, მოკლედ, ყოჩაღად არის“.

სქესობრივი განათლება, რომლისაც უფროსებს ეშინიათ

„16 წლის მოზარდი, რომელზეც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ იძალადეს და რომელმაც რამდენიმე დღის წინ შვილი გააჩინა აუცილებლად საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მოზარდი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, რომ მას ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების დახოცვით და ამას თვეების განმავლობაში მალავდა, უკვე არის სერიოზული წყარო მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმისთვის. გარდა ამისა, მაია ცირამუას თქმით, ამ ურთულეს სიტუაციას, დიდი ალბათობით, ემატება სირცხვილის განცდა და მის მიმართ უნდობლობის ფაქტორი:

„დღესაც კი, როდესაც სახეზეა ძალადობის შედეგი, დგას კითხვის ნიშანი და სავარაუდო მოძალადე ამბობს, რომ გოგო იტყუება. სამწუხაროდ, როდესაც მოზარდ გოგოს ეხება საქმე, როგორც წესი, მას თვლიან ხოლმე დამნაშავედ. საზოგადოება სწორედ მას აღიქვამს ხოლმე დანაშაულის მიზეზად. ალბათ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა ემოციებისა და სტრესის ქვეშ იყო ეს ბავშვი“.

მაია ცირამუას თქმით, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ რთულ სიტუაციაში უკავშირდება სქესობრივი განათლების არქონას:

„თუკი ეს გოგო ამბობს, რომ არ იცოდა ორსულობის შესახებ, გამოდის, რომ 16 წლის გოგოს არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სქესობრივი კავშირის შემდეგ ციკლის შეწყვეტა, დიდი ალბათობით, ნიშნავდა, რომ ის ორსულად იყო. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როდესაც საქმე ეხება მოზარდებსა და მათ სქესობრივ განათლებას. განათლებას, რომლის წინააღმდეგაც ძალიან ხშირად ილაშქრებენ სწორედ მშობლები და თვლიან, რომ სექსუალური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, არაფრით არ უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ხომ კარგად ვიცით, როგორი აღშფოთების საგნად იქცევა ხოლმე საუბრები იმის შესახებ, რომ მოზარდებს 10 წლიდან უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ“.

რატომ 140-ე მუხლი და არა 137-ე - გაუპატიურების მუხლი?

საინტერესოა ის დეტალიც, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არა გაუპატიურების, 137-ე მუხლით, რომელიც გაცილებით მძიმე დანაშაულია, არამედ 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველ პირთან. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც საქმის გამოძიება იწყება არასწორი მუხლით. მისი თქმით, თუკი შსს-ში შევიდა განცხადება, რომ კაცმა მოზარდზე იძალადა, ანუ გააუპატიურა, ამ შემთხვევაში, საქმე უნდა აღძრულიყო სწორედ 137-ე მუხლით:

„აქ იკვეთება დამამძიმებელი გარემოებაც, რადგან, სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანზე. ეს მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს 10-დან 13 წლამდე პატიმრობას“.

​სტატისტიკა არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი დანაშაულის შესახებ

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 287 შემთხვევა დაფიქსირდა. 2017 წელს დარეგისტრირდა 224 შემთხვევა, 2016-ში კი 262.

სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში თითქმის ყოველ დღე, ერთი ბავშვი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 70 შემთხვევა აღირიცხა. მათგან ნახევარი - დადასტურდა.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა მშობიარობის რეგისტრირებულ ფაქტებს, სოციალური მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სააგენტოში 2017 წელს შევიდა მხოლოდ მხოლოდ 2 განცხადება. აქედან 1 სამედიცინო დაწესებულებიდან. ანალოგიური მონაცემი დაფიქსირდა 2018 წელსაც. მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დაფიქსირებულია მხოლოდ ერთი მიმართვა.

საკანონმდებლო ინიციატივა - გამკაცრებული სანქციები არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე

რამდენიმე დღის წინ, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, ჩადენილი დანაშაულისთვის მკაცრდება სანქციები, კერძოდ, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას არაერთი უფლება. მათ შორის:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ასევე არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევა და ასეთი მომსახურების გამწევ დაწესებულებებში საქმიანობა;
  • არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლის გარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში, არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება
  • საექიმო საქმიანობა;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობა;
  • პასიური საარჩევნო უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის უფლება და სხვა.
  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG