Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მშობელი 1“, „მშობელი 2“ - მოლდოვის პრორუსული ბლოკი ნაცნობი მესიჯებით მოსკოვიდან


მოლდოვის ხუთმა პრორუსულმა პარტიამ მოსკოვში პოლიტიკური ბლოკი - "პობედა" დააფუძნა - 21 აპრილი, 2024 წელი.
მოლდოვის ხუთმა პრორუსულმა პარტიამ მოსკოვში პოლიტიკური ბლოკი - "პობედა" დააფუძნა - 21 აპრილი, 2024 წელი.

მოლდოვის ღიად პრორუსული პარტიები ძალებს აერთიანებენ მაია სანდუს პროდასავლური ხელისუფლების წინააღმდეგ. მოსკოვში დაფუძნებული ახალი პოლიტიკური ბლოკი მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს და აპირებს, რომ ყოველმხრივ შეეწინააღმდეგოს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას.  

ქვეყნიდან გაქცეული მსჯავრდებულის, მოლდოველი ოლიგარქის - ილან შორის ლიდერობით დაფუძნებული პოლიტიკური ბლოკი - „პობედა“ - 5 პრორუსულ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. მათგან ერთ-ერთი, მოლდოვაში აკრძალული „შორი“ - თავად ილან შორს ეკუთვნის.

  • ბლოკ „გამარჯვების“ შექმნის შეთანხმებას, რომელიც მოსკოვში, 21 აპრილს, ერთ-ერთ სასტუმროში გაფორმდა, ხელს აწერენ: ილან შორი - მოძრაობა „შორის“ ლიდერი; ნატალია პარასკა - პარტია „აღორძინების“ თავმჯდომარე; ალექსეი ლუნგუ - პარტია „შანსის“ თავმჯდომარე; ვადიმ გროზავუ - პარტია „ვიქტორიას“ თავმჯდომარე; ალექსანდრ ბესკიერუ - პარტია „მოლდოვის გადარჩენის ალტერნატიული ძალის“ თავმჯდომარე.
  • ილან შორის გარდა, ახალი ბლოკის ხელმძღვანელთა შორის არიან: მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი - გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ლიდერი ევგენია გუცული და მოლდოვის პარლამენტის დეპუტატი - მარინა ტაუბერი.

„პობედას“ გადაწყვეტილი აქვს მონაწილეობა შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმში.

ჯერჯერობით არაფერი თქმულა შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატზე. ილან შორი და ევგენია გუცული ვერ იყრიან კენჭს - მათ არ შესრულებიათ პრეზიდენტისთვის კანონით დადგენილი მინიმალური ასაკი - 40 წელი.

„ევროკავშირის იდეა - ფანტომია, ის დამღუპველია მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის [მოლდოვა - რ.თ.]... კოლექტიური დასავლეთი საზარბაზნე ხორცად გვამზადებს“, - ილან შორმა მოსკოვში ასევე თქვა, რომ მომავალს მხოლოდ რუსეთთან ერთად ხედავს, დსთ-სა და ევრაზიული კავშირის თამაშის წესებით, ხოლო მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ „შეგნებულად ჭრის [მოლდოვის] კავშირების ჭიპლარს დსთ-სთან, რუსეთთან, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან - ტრადიციულ პარტნიორებსა და მეზობლებთან“.

ილან შორი - ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი, პრორუსული პოპულისტური პარტია "შორის" თავმჯდომარე. 2023 წლის 19 ივნისს პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ.
ილან შორი - ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი, პრორუსული პოპულისტური პარტია "შორის" თავმჯდომარე. 2023 წლის 19 ივნისს პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ.

ილან შორმა მოსკოვში ასევე თქვა, რომ - ევროკავშირის დღევანდელ ხელმძღვანელობასთან დაახლოება მიუღებელია, რადგან „ევროპას დღეს მართავენ უზურპატორები და არა პროფესიონალები“.

ნაცნობი მესიჯები პრორუსების ყრილობაზე

„ევროპაში ებრძვიან სქესობრივ განსხვავებებს. როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ ევროპული ოჯახის წევრი, ცუდი არ იქნებოდა გვენახა, რა ფასეულობები აქვს ამ ოჯახს. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ლეგალიზებულია გეი-ქორწინებები.

მიმდინარეობს სიტყვების ჩანაცვლება - „დედა“, „მამა“ ჩანაცვლებულია სიტყვებით - „მშობელი 1“, „მშობელი 2“... მოლდოვის რესპუბლიკაში და, კერძოდ, გაგაუზიაში მცხოვრები ადამიანები ვემხრობით, რომ იყოს დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნა და, რომ 9 მაისია გამარჯვების დღე“, - თქვა 21 აპრილს, ყრილობაზე გამოსვლისას ევგენია გუცულმა, რომელიც მოლდოვის ავტონომიური რეგიონის - გაგაუზიის ლიდერი ერთი წლის წინ გახდა.

რუსული წყაროების თანახმად, ერთი თვის წინ, ევგენია გუცული ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, სოჭში გამართული - საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალისას.

პუტინის განკარგულებით გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალზე დელეგაცია საქართველოდანაც გაემგზავრა - რამდენიმე ათეული ადამიანი.
დელეგაციას პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის, „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და დაწერა, რომ სოჭის აეროპორტში ქართულ დელეგაციას საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე ჩასულები იყვნენ ჯგუფები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

პუტინისა და გუცულის საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ 1 მაისიდან გაგაუზიაში დასავლეთის მიერ სანქცირებული „МИР“-ის საგადასახადო ბარათები ამოქმედდება.

ეს არის რამდენიმე „უნივერსალური“ ფრაზა ღიად პრორუსი ევგენია გუცულის მოსკოვური გამოსვლიდან:

  • „ჩვენ გავერთიანდით, რათა დავიცვათ მოლდოვის დამოუკიდებლობა;
  • „არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ჩართვა საბრძოლო მოქმედებებში“;
  • „შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები“;
  • „აღვადგინოთ მეგობრული ურთიერთობები რუსეთთან“.

ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში - ვლადიმირ პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ დაბრუნდა, 2024 წლის 8 მარტი.
ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში - ვლადიმირ პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ დაბრუნდა, 2024 წლის 8 მარტი.

იგივე საქართველოში

კრემლის რიტორიკის არსენალიდან ცნობილი ფრაზების გამოყენება ყოველ ჯერზე ხმაურიან დისკუსიებს იწვევს საქართველოში.

თუკი უწინ საქართველოში ასეთი ტერმინოლოგიით მხოლოდ ანტიდასავლური და პრორუსული ჯგუფები გამოირჩეოდნენ - ბოლო დროს, მსგავსი ფრაზებით ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოდიან.

დღეს მსოფლიოში ფსევდოლიბერალები ილაშქრებენ ისეთი ტერმინების წინააღმდეგ, როგორიცაა დედა და მამა, ცოლი და ქმარი და .. ითხოვენ .. გენდერულად ნეიტრალური ტერმინოლოგიის დანერგვას, როგორიცაა მშობელი 1 და მშობელი 2 და ..“, - განაცხადა „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე და დაამატა ასევე, რომ - ამის ლოგიკური გაგრძელება იქნება, მაგალითად, პასპორტიდან სქესის შესახებ ჩანაწერის ამოღება“.

„შეიძლება აღმოვჩნდეთ რეალობის წინაშე, როდესაც მოგვთხოვენ [ერთნაირსქესიანთა შორის] .. სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონებას“, - ესეც მამუკა მდინარაძის სიტყვებია.

„ქართულმა ოცნებამ“ ბრძოლა გამოუცხადა „ლგბტ პროპაგანდას“ და კონსტიტუციაში შემზღუდველი ნორმის შეტანის მიზნით, საყოველთაო სახალხო განხილვების პროცესიც დაიწყო. განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. ექსპერტები შიშობენ, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ ადამიანთა უფლებები.

საქართველოს ხელისუფლება უკვე კარგა ხანია საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს ომში ჩართვისა და არეულობის მოწყობის სურვილში ადანაშაულებს.

  • ამავე საკითხს უკავშირდება „გლობალური ომის პარტიის“ მიერ რევოლუციური სცენარის დაფინანსების თეორია - რომელზეც „ქართული ოცნება“ ლაპარაკობს და რომელსაც „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტი დაუპირისპირა.
  • ამ კანონს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული სუვერენიტეტის დაცვისა და უკრაინიზაციისგან ქვეყნის დაცვის გარანტად განიხილავს.
  • „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ [„არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!“] თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება.

საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად ეუბნება თბილისს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს დააშორებს.

„ქართული ოცნების“ მოკავშირეები თუ მომხრეები ბოლო დღეებია იმეორებენ მესიჯს, რომ - დღევანდელი ევროკავშირი მათ არ იზიდავს.

მოლდოვის "სირცხვილი"

პროდასავლელი პრეზიდენტის - მაია სანდუს ხელისუფლებამ მოსკოვში დაფუძნებულ ახალ პრორუსულ ბლოკს „სირცხვილი“ უწოდა.

მმართველი პარტია PAS-ის („მოქმედება და სოლიდარობა“) პრესსპიკერმა ადრიანა ვლასმა პორტალ Newsmaker-ს უთხრა, რომ სირცხვილია მოსკოვში ყოფნა მაშინ, როცა „მთელი მსოფლიო კრემლს უკრაინაში ბარბაროსული ომისთვის ადანაშაულებს“.

„მთელი ქვეყანა ხედავს ერის მოღალატეებს მოსკოვში. შეგვიძლია მკაფიოდ ვთქვათ, რომ მოსკოვში შეიქმნა ორგანიზებული დანაშაულის ბლოკი - "გამარჯვება". ის შექმნეს კრემლთან ახლოს, რათა გასაგები იყოს - ვისზე მუშაობენ და ვის ემსახურებიან. მაგრამ ყველანი არ გამოსულან სცენაზე. ზოგი ჯერ ისევ კიშინიოვში იმალება, სხვადასხვა პარტიის მიღმა. უახლოეს წლებში ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ მათგან“, - დაწერა მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი სპინუმ.

მოლდოველი ექსპერტები ამბობენ, რომ პრორუსი ოლიგარქის ილან შორის მიერ შექმნილი გაერთიანება ვერ შეძლებს დაამარცხოს მაია სანდუ და მისი პოლიტიკური ძალა. თუმცა შესაძლოა დესტაბილიზაციის საფრთხე შექმნას.

თავად ილან შორმა მოსკოვში თქვა, რომ პრორუსულ ბლოკს მოლდოვის მოსახლეობის 60%-ზე მეტი დაუჭერს მხარს.

2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და აკრძალა.

ილან შორზე მოლდოვას საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. ის მოლდოვიდან 2019 წელს გაიქცა, როცა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. 2023 წლის აპრილში, სააპელაციო სასამართლომ მას 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მითვისების საქმეში მონაწილეობისთვის. ასევე დაუწესა კონფისკაცია 270 მილიონი დოლარის მოცულობით.

მოლდოვის სამართალდამცველი სტრუქტურების თანახმად, ილან შორი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. 2020 წელს ისრაელმა მის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ, რაც 2022 წელს ილან შორს აშშ-მა სანქციები დაუწესა, კიშინიოვს აქვს იმედი, რომ მისი ექსტრადიცია მოხერხდება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG