Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორატორიუმი მცხეთაზე


მცხეთა
მცხეთა

ავტორი: თორნიკე მანდარია

უკვე წლებია, რაც მცხეთის მოსახლეობა ვერ განკარგავს საკუთარ უძრავ ქონებას. ქალაქში მიწის ნაკვეთების გასხვისება და მშენებლობა ჯერ ისტორიულ ნაწილში აიკრძალა, შემდეგ კი მორატორიუმი მცხეთის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. 20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი “იმედის” ეთერში ამ თემას შეეხო და თქვა: “გუშინ ეს საკითხიც დაიძრა და გადაიჭრაო”. რა შეიცვალა კონკრეტულად? რადიო თავისუფლება შეეცადა დეტალების დადგენას.

ნატო საგინაშვილის ოჯახმა 600 კვადრატული მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით 20 წლის წინ მიწის რეფორმისას მიიღო, რამდენიმე წლის წინ ამ მიწაზე სახლის აშენება გადაწყვიტა, თუმცა ნებართვა ვერ მოიპოვა.

“წლების განმავლობაში საერთო სახლში, ვიწრო დასახლებაში ვცხოვრობთ, ეს [ნაკვეთი] ჩვენთვის ნორმალური საცხოვრებლის ქონის ერთადერთი საშუალებაა”, - ამბობს საგინაშვილი რადიო თავისუფლებასთან და განაგრძობს: - “სახლის აშენება კი არა, უბრალოდ, ღობის გავლებისა და ხეების დარგვის უფლება არ გვაქვს”.

მცხეთელებისთვის ამ შეზღუდვების მიზეზი მშენებლობაზე დაწესებული მკაცრი მორატორიუმია, რომელიც, მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, ხელისუფლებამ ვერა და ვერ შეამსუბუქა.

მცხეთა
მცხეთა

მორატორიუმის შემოღების გარემოებები

იუნესკომ მცხეთა და ქალაქში მდებარე ისტორიული მონუმენტები - სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრისა და სამთავროს მონასტრები - კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა.

მიწის პრივატიზაციის საფრთხეების, არქეოლოგიური კომპონენტების დაუცველობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს ავთენტიკურობის ნაწილობრივი დაკარგვის გამო, 2009 წელს ორგანიზაციამ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადაიტანა და სწორედ ამ მიზეზით, 2015 წელს, გამოცხადა მორატორიუმიც.

“ცხადდება მორატორიუმი ყველანაირ სამშენებლო სამუშაოებზე, მიწის, ქონების, პრივატიზაციაზე, რათა [მცხეთა] საბოლოოდ დაბრუნდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ძირითად სიაში”, - განაცხადა მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

გაწელილი პროცესი და გაფლანგული 160 000 ლარი

იუნესკოს რეკომენდაციების და გადაუდებელი აუცილებლობის შესაბამისად, 2014 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე. ამ გეგმას ქალაქში მშენებლობის პროცესი და სტანდარტები უნდა განესაზღვრა. გეგმის შესაქმნელად მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 160 000 ლარი გამოიყო.

კომპანიის შერჩევის პროცესში, მცხეთის მერიამ საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა და სთხოვა რეკომენდაცია გაეწიათ სანდო, კომპეტენტური ორგანიზაციისთვის, რომელიც ადეკვატურ გეგმას შექმნიდა.

სადაც ურბანული ქსოვილი არსებობს, იქ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ტურისტული თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს...
რეზო მამულაშვილი

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მერიას სხვადასხვა კომპანიის კონსორციუმის შექმნა და პროცესში “მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის” ჩართვა ურჩია. სააგენტოს აზრით, წამყვანი როლი კომპეტენტურ საერთაშორიო კომპანიას უნდა დაკისრებოდა.

გენერალური გეგმის მომზადების სურვილი და მზაობა გამოთქვა თბილისის სამხატვრო აკადემიამაც.

საბოლოო ჯამში მცხეთის მერიამ არჩევანი შპს “სალი 2011”-ზე შეაჩერა, რომელსაც რეკომენდაცია საპატრიარქომ გაუწია. “გვინდა დაგარწმუნოთ, რომ სამუშაო შესრულდება პროფესიონალურად მაღალ დონეზე, რაც წმინდა დედაქალაქ მცხეთის ძირძველი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას”, - ეწერა საპატრიარქოს სარეკომენდაციო წერილში.

გენერალური გეგმის შემუშავებაზე “სალი 2011”-მა ორი წელი დახარჯა, თუმცა საბოლოო დოკუმენტი წუნიანი აღმოჩნდა. დოკუმენტი უარყოფითად შეაფასა როგორც იუნესკომ, ასევე მცხეთის საკრებულომ.

“რატომღაც კომპანიამ სამუშაო პროცესში არ გაითვალისწინა იუნესკოს რეკომენდაციები. მისკომუნიკაცია მოხდა და ამიტომ არ იყო ეს დოკუმენტი სრულფასოვანი”, - ამბობს ნიკა ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი რადიო თავისუფლებასთან და განმარტავს, რომ კომპანიამ არ გამოიკვლია სოციალური, ტრანსპორტის, კომუნიკაციების საკითხები.

ამ პროცესის ჩავარდნის შემდეგ მცხეთელებისთვის მორატორიუმი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა.

ამავე წელს, დიდწილად, სწორედ მორატორიუმის მოქმედების ხარჯზე, იუნესკომ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და კულტურული მემკვიდრეობის სიაში დააბრუნა.

რას ნიშნავდა ივანიშვილის განცხადება - უქმდება თუ არა მორატორიუმი?

20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რეგიონების წარმომადგენლებთან პროდიქტიული შეხვედრების მაგალითად მცხეთა მოიყვანა და თქვა, მცხეთელები შფოთავენ დიდი ხანია, რადგან იქ მშენებლობა შეჩერებულიაო და დაამატა, “გუშინ ეს საკითხიც დაიძრა და გადაიჭრაო”.

იმის გასარკვევად, თუ რა იგულისხმა ივანიშვილმა, რადიო თავისუფლება ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დაუკავშირდა.

სამინისტროში ამბობენ, რომ მორატორიუმი არ უქმდება და საუბარია ცვლილებებზე, რომლებიც ადგილობრივებს “ელემენტარული სამუშაოების” ჩატარების საშუალებას მისცემს.

მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი რეზო მამულაშვილი განმარტავს, რომ პრინციპები ჯერჯერობით შეთანხმებული არაა. მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს გენერალური გეგმის შექმნამდე.

(ვიდეო: დავით ლუხავა / Sky Travel Studio)

მამულაშვილის თქმით, იმ ტერიტორიას, რომელიც განაშენიანებული არაა ცვლილებები არ შეეხება, იქ მშენებლობა კვლავ აკრძალული დარჩება.

“სადაც ურბანული ქსოვილი არსებობს, იქ მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ტურისტული თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. ხაზოვანი ნაგებობები, გზები, ქსელები, ასევე, მოსახლოებას რომ მიეცეს ისეთი მშენებლობის უფლება, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს არ შეუქმნის.”

მორატორიუმში შესატანი ცვლილებები იუნესკოსთან უნდა შეთანხმდეს, ორგანიზაციის სპეციალისტები საქართველოში ნოემბრის ბოლოს ჩამოვლენ.

“ზუსტად რა დრო დასჭირდება ამას არ ვიცი, მაგრამ დეკემბრის თვეში კომისიამ მუშაობა უნდა დაიწყოს”, - ამბობს რეზო მამულაშვილი.

21 ნოემბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთის სივრცითი განვითარების გეგმის შესაქმნელად ახალი ტენდერი გამოაცხადა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ამბობს, რომ ამჯერად, დოკუმენტის მომზადებაში იუნესკოც იქნება ჩართული. წინადადებების მიღება 21 დეკემბერს დასრულდება, დოკუმენტის დასამზადებლად გამარჯვებულ კომპანიას 9 თვე ექნება და ეს პროექტი ბიუჯეტს 1 800 000 ლარი დაუჯდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG