Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და მინსკის ორკესტრირებული შეტევა თავისუფალი მედიის გასანადგურებლად


ბელარუსში, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 15-16 ივლისი დამოუკიდებელ მედიასთან მასობრივი ანგარიშსწორების უდავოდ ყველაზე უფრო სამწუხარო დღეებად უნდა ჩაითვალოს, ასე მიიჩნევენ ის ჟურნალისტები, რომლებსაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში უხდებათ საქმიანობა.  

„მე ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული შეთანხმება რუსეთისა და ბელარუსის ძალოვან სტრუქტურებს შორის სხვაგვარად მოაზროვნეთა ჩახშობის პრაქტიკის თაობაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ლუკაშენკა და პუტინი დიდწილად სინქრონულად მოქმედებენ და ამის უკან დგას რეჟიმების შიში“, - ამბობს რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს თანამშრომელი ელენა ფანაილოვა.

15 ივლისს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა გამოცემა „პროექტი“, ხოლო რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა“ სიაში შეიყვანა რუსეთში მოღვაწე კიდევ 8 ჟურნალისტი, მათ შორის, რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის თანამშრომელი, ელიზავეტა მაეტნაია.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ამ ნაბიჯს „შემაშფოთებელი“ უწოდა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ.

„ჩვენი თანამშრომლები არიან რუსეთის ნამდვილი პატრიოტები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ გამოცდილებას აუდიტორიისათვის ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებისთვის იყენებენ. დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე კრემლის მზარდი შეტევები რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის ისტორიის კრიტიკულ მომენტში ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას ართმევს“, - ნათქვამია ჯეიმი ფლაის განცხადებაში.

შურისძიება სიმართლის თქმისთვის

რუსეთის გარდა ჟურნალისტებისათვის ყველაზე „ცხელ წერტილად“ კვლავ რჩება ბელარუსი, სადაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი რეპრესიებითა და შეთითხნილი ბრალდებებით, პოლიტიკური ოპოზიციისა და აქტივისტების შემდეგ, გზიდან იშორებს ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი დამოუკიდებელი მედიის ბოლო წარმომადგენლებს.

პარასკევ დილიდან უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს რადიო თავისუფლების მინსკის ბიუროს კორესპონდენტების, ალეჰ ჰრუზძილოვიჩისა და ვალენტინ ჟდანკოს, ბინები. დაკავებულია ჰრუზძილოვიჩი და რადიო თავისუფლების ყოფილი კორესპონდენტი, ინა სტუძინსკაია, რომელსაც აკრედიტაცია ოქტომბერში გაუუქმეს.

ჰრუზძილოვიჩის ცოლმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ქმარი ხელბორკილებით წაიყვანეს.

„ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება არ პატიობს ჟურნალისტებს იმას, რომ ჩვენ ვაშუქებდით ქუჩის აქციებს, ვყვებოდით შეულამაზებლად ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებზე, უკანონობაზე, ადამიანების ცემაზე, დაჭერასა და განუკითხაობის ატმოსფეროზე. და დღევანდელი მოვლენები ბელარუსში - ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები და რადიო თავისუფლების ბიუროს განადგურება - კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება შურისმაძიებელია, ის არ პატიობს არავის და აკითხავს ყველას, ვინც სიმართლეს ამბობდა შარშანდელ საპროტესტო აქციებზე, ადამიანის უფლებების დარღევაზე, რაც დღესაც გრძელდება“, - აცხადებს ბელარუსი ჟურნალისტი, რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი, რომან ვასიუკოვიჩი.

აღსანიშნავია, რომ რომან ვასიუკოვიჩი 2020 წლის 11 დეკემბერს დააკავეს მინსკში, როდესაც იგი კიევიდან ბრუნდებოდა. მაშინ ვასიუკოვიჩს ჩამოართვეს ნოუთბუკი და ჟურნალისტების, იგორ ილიაშისა და კატერინა ანდრეევას წიგნი, „ბელარუსის დონბასი“, რომელიც ჟურნალისტ ვასიუკოვიჩს, როგორც მან სასამართლოზე განმარტა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა წაკითხული.

რომან ვასიუკოვიჩი
რომან ვასიუკოვიჩი

წიგნისათვის, რომელიც სასამართლომ 2021 წლის 26 მარტს „ექსტრემისტულად ცნო“, ვასიუკოვიჩი აპრილის დასაწყისში 580 ბელარუსული რუბლით (დაახლოებით, $220) დააჯარიმეს.

ამის შემდეგ რომან ვასიუკოვიჩმა მალე ბელარუსი დატოვა და ახლა ჟურნალისტურ საქმიანობას ისიც კიევიდან განაგრძობს.

„პრობლემები საქართველოშიც არსებობს“

თუმცა ახლა რომანი გადაცემების მოსამზადებლად რამდენიმე დღით თბილისში იმყოფება. იგი საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, თუმცა ბოლოდროინდელ მოვლენებს, ქსენოფობიური და რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმასა და ხელისუფლების უმოქმედობას ჩემი კოლეგა „ტრაგიკულად“ მიიჩნევს.

„მე ვფქირობ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებით საქართველოშიც არსებობს გარკვეული პრობლემები. განსაკუთრებით გამოჩნდა ეს ბოლო დღეეებში და ჩვენ გვახსოვს (5 ივლისის) ტრაგიკული ისტორია. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ქართველ ჟურნალისტებს ჯერ არ ჰქონიათ საქმე ისეთ მასობრივ ჩხრეკასა და დაკავებასთან, როგორსაც დღეს ჰქონდა ადგილი ბელარუსში. მაგრამ ის, რაც დღეს მოხდა ბელარუსში, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჟურნალისტები აბსოლუტურად არ არიან დაცული პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც სულ უფრო რთულდება ჩვენთვის დაკისრებული საქმიანობის განხორციელება“, - ამბობს რომან ვასიუკოვიჩი.

16 ივლისს უშიშროების თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ასევე პოლონეთის სატელიტურ ტელეარხ „ბელსატის“ თანამშრომლების სახლებში, სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებისთვის გომელში, გროდნოსა და ვიტებსკში მოღვაწე ჟურნალისტების სახლებშიც იმყოფებოდნენ.

ამჟამად ბელარუსის ციხეში იმყოფება 20-ზე მეტი მსჯავრდებული ჟურნალისტი. კიდევ ორ ათეულზე მეტი ჟურნალისტის საქმე ძიებაშია და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში ბელარუსში კიდევ უფრო გაიზარდოს პატიმარ ჟურნალისტთა რაოდენობა.

„ჟურნალისტობა დანაშაული არ არის“

ბელარუსისგან განსხვავებით, რუსეთში ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ასე მასობრივად არ ხდება, მაგრამ კრემლი სხვაგვარად ცდილობს ქვეყანაში თავისუფალი მედიის ჩახშობას. ესაა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს მიღებული კანონი.

ამ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების სამიზნე გახდა უცხოეთის მედიაც - მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ექვსი სხვა რუსულენოვანი საინფორმაციო სამსახური და რუსულენოვანი ტელეარხი Current Time-ი.

კანონი, რომლის მოქმედება მოგვიანებით ინდივიდუალურ ჟურნალისტებზეც გაავრცელეს, ერთ-ერთია რამდენიმე ზომიდან, რომელთაც კრემლი მიმართავს უცხოეთიდან დაფინანსებული მედიის რუსეთში საქმიანობის აღსაკვეთად.

„მე ვფიქრობ, მათ სურთ ჟურნალისტიკის გადაყვანა დანაშაულის რანგში. მაგრამ ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული, - სწორედ ამ ლოზუნგებით გამოდიან ადამიანები და მხარდაჭერას უცხადებენ ჩვენს კოლეგებს, მათ შორის ელიზავეტა მაეტნაიას, პროექტ „სერვერ.რეალის“ რედაქტორს, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანეს“, - ამბობს რადიო თავისუფლების მოსკოვის ბიუროს თანამშრომელი, ელენა ფანაილოვა, რომელიც განმარტავს, თუ რას ნიშნავს ჟურნალისტისათვის „უცხოეთის აგენტების“ სიაში მოხვედრა.

„ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს ადამიანის აბუჩად აგდებას, რადგან უცხოეთის აგენტად შერაცხვა ნიშნავს, რომ შენ ხდები აბსოლუტურად გამჭვირვალე სახელმწიფოსთვის - შენ ვალდებული ხარ აჩვენო ნებისმიერი დანახარჯი, აფთიაქში იქნება ეს, გასტრონომში თუ, არ ვიცი, ნებისმიერი სხვა პირადი წვრილმანი დანახარჯის ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი ხდება სახელმწიფოს მოხელისთვის. და ამგვარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ყველა თანამშრომელი“, - ამბობს ელენა ფანაილოვა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ „უხოეთის აგენტების“ სიაში მოხვედრის საფრთხის გამო თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად მაისის შემდეგ კიევიდან განაგრძობს მუშაობას.

ელენა ფანაილოვა
ელენა ფანაილოვა

„მართლმსაჯულების დაცინვა“

ჩემი თანამოსაუბრის მიერ ნახსენებ მოსკოვისა და მინსკის რეჟიმების მიერ ჟურნალისტიკის დანაშაულად შერაცხვის სინქრონიზებულ მოქმედებას 15 ივლისს ერთგვარი გამოძახილი ჰქონდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში და იქაც სახელმწიფოს სამიზნედ რადიო თავისუფლება იქცა. უფრო ზუსტად, რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ.რეალიის“ შტატგარეშე კორესპონდენტი, ვლადისლავ ესიპენკო.

რუსეთის კონტროლის ქვეშ არსებული ქალაქ სიმფეროპოლის რაიონულ სასამართლოში 15 ივლისს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყირიმის დეპარტამენტის მიერ სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ვლადისლავ ესიპენკოს სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე პროკურორმა საბრალდებო დასკვნა წაიკითხა, რომლის თანახმად, ესიპენკოს ბრალად ედება „ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადება, რემონტი და გადაკეთება“.

ეს დანაშაული, რომელიც სისხლის სამართლის კანონით ისჯება, ჯამში, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, ოკუპირებული ყირიმის სასამართლოს მიერ რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ.რეალიის“ შტატგარეშე კორესპონდენტის, ვლადისლავ ესიპენკოს წინააღმდეგ პროკურატურის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას „მართლმსაჯულების დაცინვა“ უწოდა და შეახსენა რუსეთის ხელისუფლებას, რომ ჟურნალისტობა დანაშაული არ არის.

„ეს ადასტურებს იმას, თუ როგორ ესწრაფვის კრემლი ყირიმში შექმნილი რეალური სიტუაციის შესახებ დამოუკიდებელი ინფორმაციის ჩახშობას. ჟურნალისტობა არ არის დანაშაულებრივი ქმედება და ვლადისლავ ესიპენკო არ არის დამნაშავე“, - ნათქვამია ჯეიმი ფლაის განცხადებაში.

ოკუპირებული სიმფეროპოლის სასამართლომ 6 ივლისს ვლადისლავ ესიპენკოს 19 დეკემბრამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა. ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, დაეთანხმება თუ არა სასამართლო ჩვენი კოლეგისათვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილ სასტიკ სასჯელს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG