პასუხად პროფესორი პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან კომენტარში აცხადებს, რომ იგი „სრულიად დამოუკიდებელი“ იყო ანგარიშის მომზადებისას.
„უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“, - ამბობს ის და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება იცნობდა მის რეზიუმეს, როდესაც თანამშრომლობას დათანხმდა და არც თავად აირჩია სხვა ექსპერტი მომხსენებლად.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ორშაბათს, 16 მარტს ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით;
- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ანგარიში შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.
„ინტერესთა კონფლიქტი“ - რა თქვეს ლიდერებმა
ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ანგარიშის ავტორზე, პატრიცია გრჟებიკზე საუბრისას განაცხადა:
„მან დამალა ინტერესის კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა. აქედან გამომდინარე, ის ვერ პასუხობს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი“.
მანამდე, 16 მარტსვე, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა:
„აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არის დაკავშირებული პოლონეთის ხელისუფლებასთან, არის პოლონეთის ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი პირი, ფინანსდება პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან, შარშან გაეროში დაყენებული იყო კანდიდატურად პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან. არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული კვლევითი ცენტრის საბჭოს წევრი, იღებდა სტიპენდიებს“.
„რა პოლიტიკა აქვს პოლონეთის მთავრობას ქართველ ხალხთან დაკავშირებით, ეს ვიცით. კონტექსტი არის ასეთი, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების უმცირესობამ - 57-დან 24-მა ქვეყანამ, რომელშიც არიან ზუსტად ის ქვეყნები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკით, - მოახდინეს ამ პროცესის ინიციირება“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, „პოლონეთი იყო მთავარი ინიციატორი და კოორდინატორი, რომელმაც განზრახ არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ მისი ექსპერტი ყოფილიყო მომხსენებლად“.
„უცნაურია“ - რას ამბობს ექსპერტი?
რადიო თავისუფლება ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის რეპლიკებზე საპასუხო კომენტარის მისაღებად 16 მარტს დაუკავშირდა პროფესორ პატრიცია გრჟებიკს.
„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უცნაურია ჩემი საკმაოდ დიდი გამოცდილების (მათ შორის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) საქმეთა წარმოების გამოცდილების) ჩემს წინააღმდეგ გამოყენება“, - გვიპასუხა მან.
„ის ფაქტი, რომ მე, როგორც ექსპერტს, მთხოვენ, სხვადასხვა ინსტიტუტს არაერთ საკითხზე კონსულტაცია გავუწიო, არანაირად უკავშირდება ეუთოში ჩემს მისიას და არ არის კავშირში ჩემი დამოუკიდებლობის შეფასებასთან“, - ამბობს ის.
„მე არ ვარ პოლონეთის მთავრობის მიერ დასაქმებული პირი. მე ვარ ვარშავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, 160-ზე მეტი პუბლიკაციით, მათ შორის მონოგრაფიებით მსოფლიოს საუკეთესო გამომცემლობებში“, - მოგვწერა პატრიცია გრჟებიკმა.
„ექსპერტის არჩევაზე უარი ნდობად აღვიქვი“
„მე დამოუკიდებელ ექსპერტად მომიწვია არა პოლონეთმა, არამედ ეუთომ... მე არ ვყოფილვარ ჩართული მექანიზმში გააქტიურების პროცესში. მისიის დაწყებამდე, მისიის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ არავის უცდია ჩემთვის ანგარიშის შინაარსთან დაკავშირებით რაიმეს შეთავაზება“, - სწერს იგი რადიო თავისუფლებას.
„ჩემს რეზიუმეს კარგად იცნობდა საქართველოს მთავრობა და საქართველომ გადაწყვიტა, არ დაენიშნა მეორე მომხსენებელი, - სწორედ ამიტომ, 12 მარტს ეუთოში ანგარიშის პრეზენტაციის დროს განვაცხადე:
„მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ აერჩია მეორე მომხსენებელი. ეს გადაწყვეტილება მივიჩნიე, როგორც ნდობის გამოხატულება ჩემი ექსპერტიზისა და მანდატის შესრულებისას ჩემი დამოუკიდებლობის მიმართ. ეს დადასტურდა საქართველოს მხრიდან ბრწყინვალე თანამშრომლობით მთელი მისიის განმავლობაში“, - მოგვწერა პატრიცია გრჟებიკმა.
- 29 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების ინიციატორი ქვეყნები მიუთითებენ, რომ 1991 წლის მოსკოვის დოკუმენტის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ფაქტების დამდგენ მისიაში ერთი ექსპერტი აირჩიოს.
- განცხადებაში დაზუსტებული იყო, რომ საქართველომ ფაქტების დამდგენი მისიის ერთი წევრი უნდა აირჩიოს ODIHR-ის „ადამიანური განზომილების სფეროს მექანიზმის“ ფარგლებში არსებული ექსპერტთა სიიდან.
- ODIHR-ის მიერ ადმინისტრირებული ეს სია რეგულარულად ახლდება. სია ბოლოს 2026 წლის 2 იანვარს განახლდა და მასში რამდენიმე ათეული ექსპერტია ეუთოს წევრი 18 სახელმწიფოდან.
- საქართველოს მომხსენებელი არ აურჩევია.
პატრიცია გრჟებიკმა გასულ პარასკევს, 13 მარტს რადიო თავისუფლებას ამ საკითხზე უთხრა: „მე ამას აღვიქვამ, როგორც ჩემდამი ნდობას. თუ მათ არ ისურვეს საკუთარი მომხსენებლის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ ეჭვქვეშ არ აყენებდნენ ჩემს სანდოობას, როგორც მომხსენებლისას“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი 16 მარტს ბრიფინგზე რადიო თავისუფლების კითხვაზე, რატომ არ აირჩიეს ექსპერტი, ასე უპასუხა:
„ჩვენი მხრიდან რა აზრი ჰქონდა კანდიდატურის დასახელებას, როდესაც ვიცოდით, რა იყო ამ პროცედურის საწყისი? რა აზრი ჰქონდა ფორმალურად ამის გაკეთებას“?
„რასაც ეს ქალბატონი ამბობს, - თითქოს ის, რომ ჩვენ კანდიდატურა არ დავაყენეთ, ნიშნავდა მის მოწონებას, - არის აბსურდი. ასეთ აბსურდს როდესაც ამბობს, ეს მის მიკერძოებაზე დამატებით მეტყველებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
13 მარტსვე, პატრიცია გრჟებიკი რადიო თავისუფლებასთან ვრცელ ინტერვიუში აცხადებდა: „მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული. როცა ჩამოვედი საქართველოში, ისინი [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები] ცდილობდნენ ჩემ წარმოჩენას ისე, თითქოს ვიყავი ევროკავშირის ან პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. არა. მე ვარ მეცნიერი და სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი“.
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში და პასუხი
კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა ხელისუფლების საერთო უარყოფითი პოზიცია მექანიზმის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ის შედგენილია „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესის გავლენით“.
ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტს თან ერთვის „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვადასხვა შტოს კომენტარები, რომლებშიც ისინი მეტწილად ეწინააღმდეგებიან ანგარიშის მიგნებებსა და რეკომენდაციებს.
12 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში ავტორი „რომის წესდებაზე“ მითითებით აღნიშნავს, რომ „წესდების“ ხელმომწერებს შეუძლიათ განიხილონ საქართველოს საქმის გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC).
„იმდენად აბსურდულია ეს თემა, რომ საერთოდ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა დღეს ამ საკითხზე ირაკლი კობახიძემ.
- „მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.
- „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.
ფორუმი