Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალმხრივი მუქარა „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ


ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას, რომლის ადრესატიც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები არიან. 8 მაისს ატვირთულ თითქმის ნახევარ საათიან მიმართვას „მკაცრი გაფრთხილება“ ჰქვია.

ციტატა ლევან ვასაძის ვიდეო მიმართვიდან: „ყელში ამოგვივიდა ვდარდობდეთ, მორიგ გაზაფხულზე თუ ზაფხულში ჩაგვიტარებთ თუ არა ამ თქვენს მყრალ გარყვნილების აღლუმს ... სულ რომ პლანეტა დაინგრეს მაგ გარყვნილების აღლუმს არ ჩაგატარებინებთ, დაგამხობთ თავზე ყველაფერს და არ ჩაგატარებინებთ... ეს ის წითელი ხაზია, რომელსაც ქართველი ერი თქვენ არ გადაგაკვეთინეთ და ისეთ ერთსულოვან და მძლავრ პასუხს გაგცემთ, რომ თავბედს იწყევლით... ხალხი არ დაწყნარდება, სანამ ბოდიშს არ მოიხდით და არ იტყვით, რომ არა თუ წელს, აღარასოდეს აღარ აკადრებთ მსგავსს თქვენს ქვეყანას“

ლევან ვასაძე პირველი არ არის ვინც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მუქარას უთვლის. 1 მაისს „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით „ქართული მარში“ თბილისის ცენტრალური გამზირების დაკავებას გეგმავს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ქართული მარში“ ამ გზით შეეცდება არ დაუშვას თბილისში ლგბტქი პრაიდის ჩატარება, რომელიც 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

„ქართულმა მარშმა“ განაცხადი მჯდომარე აქციების ჩატარების შესახებ თბილისის მერიაში 1 მაისს შეიტანა. სანდრო ბრეგაძის თქმით, მარშის წევრები დაიკავებენ რუსთაველის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის გამზირებს.

პირველი ლგბტქი პრაიდი კავკასიაში, კონკრეტულად კი თბილისში, პრაიდების თვეში, ივნისში იგეგმება.კვირეულის ფინალი იქნება ღირსების მარში,რაც არ იქნება საზეიმო და კარნავალური. პრაიდის კვირაში თბილისში დაგეგმილია:

  • თეატრალური პერფორმანსი, კაფკას „მეტამორფოზა“,
  • საერთაშორისო კონფერენცია,
  • ღირსების მარში.

სად გაიმართება მსვლელობა, ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია.

ივნისში დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარკვეულ რისკებს ხედავს უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ, ის როგორც პრაიდის ორგანიზატორებს, ისე პრაიდის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებებისგან.

„თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ მანიფესტი იყო განთავსებული ელექტრონული პეტიციების პორტალზე Manifest.ge-ზეც. პორტალიდან განცხადება გუშინ წაიშალა.

პეტიციის შემდგენლები იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა პრაიდის მეშვეობით ადამიანის უფლებების შემზღუდავი ღონისძიების ჩატარებას.

Mainifest-.ge-მ განცხადება ფეისბუკის გვერდზე გაავრცელა და აღნიშნა, რომ პეტიცია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგებოდა.

Mainifest.ge-ს განცხადების თანახმად პეტიცია იყო დისკრიმინაციული, შეიცავდა სიძულვილის ენის ტექსტს და მიმართული იყო ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG