Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მუშაობა სამ ცვლაში" - როგორ და სად აწარმოებს რუსეთი სამხედრო ტექნიკას უკრაინაში საომრად?


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსკოვში "ალმაზ-ანტეის" ქარხნის გახსნაზე. ოქტომბერი, 2023
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი მოსკოვში "ალმაზ-ანტეის" ქარხნის გახსნაზე. ოქტომბერი, 2023

ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის საქალაქო დუმის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ევგენი სტუპინმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (ეფესბე) მიმართა თხოვნით, რომ დაიწყონ მოკვლევა მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის მიმართ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მოსკოვის მერიამ სახელმწიფო საიდუმლოება გათქვა, როდესაც გაავრცელა მგრძნობიარე ინფორმაცია მოსკოვის გარეუბან ნეკრასოვკაში მშენებარე სამხედრო ქარხნის ერთ-ერთი ახალი კორპუსის გახსნის თაობაზე.

„როგორც ჩანს, ეს არის სობიანინის მიერ ანგარიშის ჩაბარება, რომ თავდაცვაზე მუშაობს. მაგრამ უკრაინული არხები უკვე ლაპარაკობენ ნეკრასოვკაში ქარხნის გახსნის თაობაზე. რეალურად ეს არის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამიზნე, რომელიც საცხოვრებელი სახლებიდან 500 მეტრში მდებარეობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტუპინმა.

სამხედრო ობიექტი, რომელსაც კონცერნი „ალმაზ-ანტეი“ აშენებს ინდუსტრიულ პარკ „რუდნევოში“, 17 ოქტომბერს ერთად გახსნეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა.

მოსკოვის გარეუბანი არ არის ერთადერთი გეოგრაფიული წერტილი რუსეთში, სადაც ხელისუფლება აქტიურად აშენებს ახალ საწარმოებს, რათა შეავსოს საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის ის მწვავე დეფიციტი, რასაც რუსეთის არმია უკრაინაში დიდი დანაკარგების შედეგად განიცდის.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტ "სქემის" ახალ გამოძიება ადასტურებს, რომ საწარმოო პოტენციალს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი სხვა ქარხნებიც აძლიერებენ.

"ბირთვული ტრიადის" თვითმფრინავები ყაზანის საავიაციო ქარხნიდან

იმ სატელიტური სურათების ანალიზით, რომლებიც „სქემებმა“ ამერიკული კომპანიების Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ მოიპოვეს, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრ უკვე არსებულ რუსულ სამხედრო ქარხანაში შეიქმნა ახალი საწარმოო სახელოსნოები და ანგრები, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ქარხანა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც იტყვიან, "ნულიდან" აშენდა.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია ყაზანის აეროპორტ „ბორისოგლებსკოეს“ მახლობლად მდებარე სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ კუთვნილი საავიაციო ქარხანა. იქ აშენებენ და არემონტებენ არა მხოლოდ სამოქალაქო თვითმფრინავებს, არამედ სტრატეგიულ ტუ-22 და ტუ-160 სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებითაც რუსეთი სარაკეტო იერიშებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე.

ყაზანის საავიაციო ქარხანა, გამანადგურებელი თვითმფრინავების ახალი საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.
ყაზანის საავიაციო ქარხანა, გამანადგურებელი თვითმფრინავების ახალი საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.

პირველად ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ახალი ანგრის კადრებზე რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ "როსია 1"-ის სიუჟეტში, რომელიც შეეხებოდა საწარმოში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის მისვლას. ეს იყო 2023 წლის ივნისში.

"გორბუნოვის სახელობის ყაზანის საავიაციო ქარხანა საბჭოთა პერიოდში იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული საწარმო, რომელიც ბირთვული ტრიადის სტრატეგიული თვითმფრინავების: ტუ-16-ის, ტუ-22-ის (ყველა მოდიფიკაციის) და ტუ-160-ის წარმოებითა და მომსახურებით იყო დაკავებული. ქარხნის სიმძლავრე ამჟამად შეიარაღებაში დარჩენილი ტუ-22m3-ის და ტუ-160-ის ღრმა მოდერნიზაციისა და რემონტის შესაძლებლობას იძლევა", -უთხრა „სქემებს“ ავიაციის ექსპერტმა ანატოლი ხრაპჩინსკიმ.

"სქემების" ჯგუფმა ქარხნის ტერიტორიაზე ამ ანგრის აღმართვის პროცეი აღდგინა კომპანიების Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის სატელიტური სურათების გამოყენებით.

პირველი სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, მაგრამ 2022 წელს მშენებლობა დაჩქარდა და წელს, სატელიტური ფოტოების თანახმად, ანგარი თითქმის დასრულდა. მისი სიგრძე 300 მეტრია, ხოლო სიგანე 180-ზე მეტი.

ყაზანის ავიაქარხნის ანგრის სქრინშოთი ტელეარხ "როსია 1"-ის სიუჟეტიდან
ყაზანის ავიაქარხნის ანგრის სქრინშოთი ტელეარხ "როსია 1"-ის სიუჟეტიდან

„როსია 1“-ის სიუჟეტში ხაზგასმული იყო, თითქოს ანგრის გამოყენება ახალი ტუ-124 ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავების მშენებლობისათვის იგეგმება. მაგრამ ობიექტის ზომის გათვალისწინებით, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ანგარში თავისუფლად შეიძლება ასევე სტრატეგიული ბომბდამშენების მოდერნიზება და რემონტი.

„ანგრის და მასთან მისასვლელი ბილიკის ზომის გათვალისწინებით, იქ ერთდროულად სამი ტუ-160 თვითმფრინავის მომსახურება შეიძლება“, - ამბობს ხრაპჩინსკი.


ჯერ კიდევ 2016 წელს რუსეთმა შეიმუშავა სტრატეგიული ავიაციის მოდერნიზაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძველი ტუ-160-ის თანამედროვე ტუ-160m2-ად მოდერნიზებას და აღჭურვას. მილიარდდოლარიანი სახელმწიფო პროგრამის თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი სპეციალურად გამოიყო ყაზანის საავიაციო ქარხნის შესაძლებლობების განვითარებისთვის.

ირკუტსკის საავიაციო ქარხანა

კიდევ ერთი სახელმწიფო საავიაციო ქარხანა, რომელმაც ბოლო სამ წელიწადში ასევე გაზარდა თვითმფრინავების წარმოების შესაძლებლობები, აღმოსავლეთ ციმბირის ყველაზე დიდ ქალაქ ირკუტსკში მდებარეობს. მის პროფილს შეადგენს რუსეთის საჰაერო ძალებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუ–30 გამანადგურებელი თვითმფრინავის ყველა მოდიფიკაციის წარმოება და მომსახურება.

საერთაშორისო გამოცემა The Military Balance-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციას 120-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-30 აქვს.

ქარხანა აწარმოებს და არემონტებს გამანადგურებელ თვითმფრინავებს. ის მდებარეობს ქალაქის განაპირას და რუსეთის ოფიციალურ ახალ ამბებში მასზე ცნობა გამოჩნდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის ოქტომბერში სუ-30, რომელიც ქარხნის აეროდრომიდან აფრინდა, ირკუტსკში აეროდრომის შორიახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მაშინ ივარაუდეს, რომ ინციდენტი შეიძლებოდა ყოფილიყო "სუ-30-ის ცუდი ხარისხის რემონტის" შედეგი.

კომპანია Maxar-ისა და Planet Labs-ის სატელიტური სურათების გაანალიზებით, „სქემების“ ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ირკუტსკის ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ძირითადი საწარმოების გვერდით 2019-2021 წლებში გამოჩნდა ახალი ანგარი, რომელიც თვითმფრინავის ასაფრენ ხაზზე გადის. ხოლო წელს დამთავრდება მსგავსი ობიექტის მშენებლობა. სავარაუდოდ, მეორე ობიექტიც დაუკავშირდება ასაფრენ ბილიკს.

ირკუტსკის საავიაციო ქარხანა, ახალი საამქრო (სავარაუდოდ, გამანადგურებლებისთვის) და კიდევ ერთი მშენებარე საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.
ირკუტსკის საავიაციო ქარხანა, ახალი საამქრო (სავარაუდოდ, გამანადგურებლებისთვის) და კიდევ ერთი მშენებარე საამქრო. პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.


ავიაციის ექსპერტ ანატოლი ხრაპჩინსკის თქმით, ასეთი შენობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მცირე სამოქალაქო თვითმფრინავების „სუხოი სუპერჯეთის“, ისე სამხედრო გამანადგურებელ სუ-30-ის რემონტისა და მოდერნიზებისთვის.

"ორიონი" და "ჰელიოსი" - რუსული დამრტყმელი დრონები

კიდევ ერთი სამხედრო ქარხანა მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით, ქალაქ დუბნაში მდებარეობს. ის უშუალოდ ებჯინება იმ საწარმოს ტერიტორიას, სადაც მანქანათმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიურო „რადუგაა“. ეს უკანასკნელი კი შედის სახელმწიფო კორპორაციაში - „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“.

სწორედ „რადუგა“ აწარმოებს ისეთ რაკეტებს, როგორებიცაა Х-22, Х-55 და Х-101. ამ კლასის რაკეტებით რუსეთი უკრაინის ქალაქებში მდებარე საცხოვრებელ სახლებს, სავაჭრო ცენტრებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ბომბავს.

„სქემების“ ჟურნალისტებმა გააანალიზეს საწარმოს ტერიტორიის 2021-2023 წლების სატელიტური ფოტოები და შენიშნეს, რომ ამ პერიოდში ქარხნის გვერდით აღიმართა დიდი შენობა. მისი აგება დაიწყო 2021 წელს, ხოლო, სატელიტური ფოტოს მიხედვით, დაასრულეს უკვე მიმდინარე წელს. შენობის გვერდით მოწყობილია შვეულმფრენის ორი მოედანი. ახალ შენობას დუბნის მანქანათმშენებლობის ქარხნის ტერიტორიიდან საერთო შესასვლელი აქვს.

დუბნაში მდებარე მანქანათმშენებელი ქარხანა, სამხედრო დრონების მწარმოებელი ახალი საამქრო "კრონშტადტი". პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.
დუბნაში მდებარე მანქანათმშენებელი ქარხანა, სამხედრო დრონების მწარმოებელი ახალი საამქრო "კრონშტადტი". პროექტ „სქემებისთვის“ Maxar Technologies-ა და Planet Labs-ის მიერ 2023 წლის სექტემბერში გადაღებული სატელიტური ფოტოები.

ეს არის კომპანია „კრონშტადტის“ კუთვნილი ახალი კერძო ქარხანა, რომელშიც ახალი რუსული უპილოტო თვითმფრინავები იწარმოება. მისი შექმნის შესახებ „კრონშტადტმა“ ჯერ კიდევ 2021 წელს გამოაცხადა. კომპანიის პროფილს წარმოადგენს „ორიონის“, „ჰელიოსისა“ და სხვა ბრენდების ქვეშ გაერთიანებული როგორც სადაზვერვო, ისე მოიერიშე სამხედრო დრონების წარმოება.

ფირმა „კრონშტადტი“ ვლადიმირ პუტინის გარემოცვაში შემავალ ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვის ჰოლდინგ „აფკ-სისტემასთან“ არის დაკავშირებული. ცოტა ხნის წინ უკრაინაში მოხდა ევტუშენკოვის აქტივების კონფისკაცია.

ჰოლდინგ „აფკ-სისტემის“ ხელმძღვანელობამ 2022 წლის მაისში განაცხადა „კრონშტადტიდან“ გამოსვლა. მაგრამ იურიდიული პირების რეესტრის შესახებ რუსეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, "აფკ-სისტემას“ ჯერ კიდევ ეკუთვნის წილის 49,6% დობილ ფირმაში სახელწოდებით „კრონშტადტი - კტ-უპილოტო სისტემები“. ეს ფირმა, ოფიციალური საიტის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ეფესბესთან თანამშრომლობს.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, 2022 წლის ივნისში, „კრონშტადტის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა განაცხადა, რომ დუბნაში მდებარე ახალი ქარხანა „ზრდის წარმოებას“, რისთვისაც ახალი თანამშრომლების აყვანას იწყებს.

„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მიზნით მიღებული შეკვეთების შესასრულებლად ახალი ქარხანა მალე მუშაობის სამცვლიან რეჟიმზე გადავა. ამასთან დაკავშირებით, კომპანია „კრონშტადტი“ აგრძელებს პერსონალის აყვანას", - ციტირებს კომპანიის დირექტორის მოადგილე ალექსეი ბელიხს რუსული გამოცემა TopWar-ი.

რუსეთი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება?

თავიანთ საწარმოო შესაძლებლობებს ასევე ზრდიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვა ქარხნები, რაზეც რუსეთის ხელისუფლება ღიად საუბრობს.

სამხედრო-სამრეწველო ობიექტი, რომლის გახსნაში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუ მონაწილეობდა, , „ტექნოპოლის მოსკვის“ განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის „რუდნევოს“ ინდუსტრიულ პარკში მდებარეობს.

ღონისძიების დროს შოიგუმ აღნიშნა, რომ საწარმო საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოუშვებს. უფრო ადრე, ამავე ტერიტორიაზე, რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით დრონების (სამოქალაქო დანიშნულების) წარმოების მსხვილი ცენტრი ააშენეს. აპრილში ეს ცენტრი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და სერგეი სობიანინმა ერთად დაათვალიერეს. მაშინ პუტინმა იმავე ნეკრასოვკაში სამხედრო დრონების წარმოების მიზნით 1 ტრილიონი რუბლის ინვესტირებაც არ გამორიცხა.

ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის სექტემბერში დაათვალიერა ყოფილი სავაჭრო ცენტრი "იტალმასი", სადაც უკვე დაიწყო დრონ "ლანცეტების" გამოშვება
ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის სექტემბერში დაათვალიერა ყოფილი სავაჭრო ცენტრი "იტალმასი", სადაც უკვე დაიწყო დრონ "ლანცეტების" გამოშვება

უფრო ადრე, 2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ კონცერნ „კალაშნიკოვის“ დობილმა კომპანია „Zala Aero”-მ შეიძინა და კამიკაძე დრონ „ლანცეტის“ სერიული წარმოებისთვის ხელახლა აღჭურვა იჟევსკში მდებარე სავაჭრო ცენტრი „იტალმასი“. საწარმოო პროცესის სანახავად იქ პირადად ჩავიდა ვლადიმირ პუტინი.

სხვათა შორის, რუსული წარმოების „ლანცეტებს“ თავიანთ „ყველაზე მზაკვრულ მტერს“ უწოდებენ ფრონტის წინა ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედროები.

მთელი რუსეთის მასშტაბით სამხედრო ქარხნების ასეთ აქტიურ განვითარებას სამხედრო ექსპერტები იმით ხსნიან, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, არ აპირებს ომის დასრულებას უახლოეს წლებში და, შესაბამისად, ასობით მილიარდ რუბლს ხარჯავს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე.

"რუსეთის ფედერაციაში არსებობს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან. მის ფარგლებში მიმდინარეობს თავდაცვის კომპლექსის ძირითადი საწარმოების მოდერნიზაცია და ახალი საწარმოების მშენებლობა.

უკრაინასთან ომი ორივე მხარე აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს და რუსეთიც ამაზე აკეთებს ძირითად აქცენტს, მაგრამ არც სხვა მიმართულებებს ივიწყებს. ეს შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ რუსეთი ემზადება ხანგრძლივი ომისთვის და არაფრის შეწყვეტას არ აპირებს", - ამბობს სამხედრო ექსპერტი მიხაილ ჟიროხოვი.

  • უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას გააძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ 23 ოქტომბერს წერდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
  • რუსეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს, 2023 წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდას დაახლოებით 68%-ით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდეა. ამასთან, 2023 წლის დონეზე რჩება ჯანდაცვის და განათლების დაფინანსება, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, ხარჯების შემცირების ტოლფასია. ამ ფონზე, რუსეთს სულ უფრო მეტი თანხა დასჭირდება უკრაინაში დაჭრილი ჯარისკაცების სამედიცინო მომსახურებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადასახდელად.
  • რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11.94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
  • ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, რუსეთში სამომხმარებლო ფასები 14.6%-ით გაიზარდა. ოქტომბრის პირველ ათ დღეში, წლიურმა ინფლაციამ 6.3% შეადგინა.
XS
SM
MD
LG