Accessibility links

„მცირე მთავრობა“ - დიდი ამბიციით


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში მთავრობის სხდომა პირველად 26 ივნისს ჩაატარა და პირველი საკითხი, რომელზეც ახალ ამპლუაში მას ოფიციალურად მოუხდა განმარტებების გაკეთება, მცირე მთავრობის სტრუქტურა იყო. მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიასთან პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ახალი მთავრობა 10 სამინისტროსა და 1 სახელმწიფი მინისტრის აპარატის ფორმატში იმუშავებს:

მამუკა ბახტაძის თანახმად, „მცირე მთავრობის“ არსებობა ხალხის ინტერესების გამოხატულებაა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ კი, შემცირდება სამთავრობო ხარჯებიც და, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ეტაპობრივად 3, 9 პროცენტზე ჩამოვა.

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით 26 ივნისსავე მიმართა ქვეყნის პარლამენტს. პარლამენტი „მცირე მთავრობის“ ასამოქმედებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას იწყებს, საზოგადოებაში კი ცვლილებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. თანამედროვე ხელოვნების კურატორი მაგდა გურული, მაგალითად, პესიმიზმით უყურებს განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების განზრახვას და შიშობს, რომ ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაციით რეალურად კულტურა მეორე პლანზე გადავა:

მაგდა გურული ადასტურებს, რომ კულტურისა და განათლების სამინისტროები გაერთიანებული სახით მსოფლიოს 17-18 ქვეყანაში არსებობს, თუმცა ეგრეთ წოდებული მზა ყალიბების გადმოტანას, ქართული რეალობის გაუთვალისწინებლად, იგი მიუღებლად მიიჩნევს. თავის მხრივ, გაერთიანებულ სამინისტროებში - ამ შემთხვევაში განათლებისა და კულტურის ერთიან სამინისტროში - მართვის სისტემის მოქნილობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა. მისი აზრით, თუ მართვა დეცენტრალიზებისა და უფლებების გარე აქტორებზე დელეგირების გარეშე წარიმართა, სამინისტროების ოპტიმიზაციას აზრი არ ექნება.

„მცირე მთავრობის“ კონცეფციის დანერგვით, მთავრობის მეთაური, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ ქვეყანა აღმოჩნდება სრულიად ახალ მოცემულობაში, სადაც სამთავრობო უწყებები კონკრეტულ შედეგებზე არიან ორიენტირებულნი და ამას ყველა მოქალაქე იგრძნობს, მათ რიგში - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოქალაქეებიც, რომელთაც საკუთარი სამინისტრო „მცირე მთავრობაში“ უკვე აღარ ეყოლებათ. ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ფიქრობს, რომ სამინისტროს აღრეული ფუნქციები ჰქონდა, მისი ლიკვიდაცია კი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება სამინისტროს არსებობის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას,ზურაბ ბენდიანიშვილის შეფასებით, ამ პოლიტიკურ ფუნქციას სხვა სამინისტროები ასრულებენ, დევნილობა კი სოციალური მოვლენაა:

„მცირე მთავრობის“ კონცეფციაზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე მსჯელობას მომავალი კვირიდან უკვე პარლამენტი შეუდგება. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების კანონმდებლობაში ასახვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის პერსონალურ შემადგენლობას წარუდგენს. ის ჯერჯერობით განახლებული მთავრობის წევრებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კონსულტაციები დასრულებულია. 26 ივნისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადგილნაცვალ პირთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დააზუსტა, რომ მომავალ კაბინეტში იგი აღარ იქნება და არც საპრეზიდენტო კანდიდატად აპირებს კენჭისყრას. ამ დრომდე ბუნდოვანია, შეინარჩუნებენ თუ არა მცირე მთავრობაში პოსტებს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები. ეს უკანასკნელი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, 26 მაისის მთავრობის სხდომას არ დასწრებია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG