სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ გეღარქუნიქ-ქელბაჯარისა და ერასხ-ნახიჩევანის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის ესკალაციაში, რასაც 14 ივლისს სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა მოჰყვა. თავის მხრივ, ბაქო სარადაკის რაიონში ლეიტენანტის დაჭრის შესახებ იტყობინებოდა.
მოგვიანებით, 23 ივლისს, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა სომხეთ-აზერბაიჯანის გეღარქუნიქის რაიონში, ერევნის მტკიცებით, აზერბაიჯანული პოზიციებიდან დაწყებული სროლის შედეგად. ორშაბათს კი სროლა აზერბაიჯანის ქელბაჯარის მიმართულებით სომხეთის მხარემ გახსნა.
ივლისის ესკალაცია ამ ორ, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსაზღვრე, პოტენციურად ყველაზე ფეთქებადსაშიშ უბანზე რიგით ინციდენტად დარჩებოდა, რომ არა პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც საზღვარზე სროლის ფონზე კეთდება ერევანსა და ბაქოში.
ვის აძლევს ხელს „დიდი შეთანხმების“ ჩაშლა
სომეხი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ესკალაციას აზერბაიჯანი იყენებს იმისათვის, რომ აიძულოს ერევანი ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელშიც აღიარებული იქნება ის, რასაც ბაქო ასე ესწრაფვის - აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.
„შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულ საზავო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს არღვევს აზერბაიჯანის მხარე. და ამის მიზეზია ის, რომ აზერბაიჯანმა ვერ მიიღო ბოლომდე ყველაფერი, რისი მიღებაც მას სურდა შარშანდელი ომის შედეგად. და ერთადერთი, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ესწრაფვის, ესაა სომხეთის სრული კაპიტულაცია. კერძოდ, სომხეთმა უნდა აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ბაქოს ვერსიით, რაც ყარაბაღელ სომხებს აზერბაიჯანის წყალობის ანაბარა დატოვებდა. შესაბამისად, აზერბაიჯანი თვლის, რომ ამ მიზნის მისაღწევად მისი მხრიდან ძალადობის გამუდმებული გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია“, - მიაჩნია რუბენ მეჰრაბიანს, სომეხ ანალიტიკოსს, რომელიც გაზეთ „არავოტის“ რუსული ვერსიის რედაქტორიცაა.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ ესკალაცია აზერბაიჯან-სომხეთის ყველაზე მოწყვლად სასაზღვრო მონაკვეთზე სომხეთის იმ პოლიტიკური ძალების ინტერესშია, რომლებიც კრიჭაში უდგანან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ნიკოლ ფაშინიანის პარტიას და დაინტერესებული არიან ამ შეთანხმების ჩაშლით.
„ლაპარაკია დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის ფარგლებშიც დადგება ორივე მხარის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხი. აზერბაიჯანის მხარე ამ შეთანხმებას მიესალმება, მაგრამ სომხეთის მხრიდან თავს იჩენს პრობლემები: მოლაპარაკების პროცესში სამომავლო შემოთავაზებული შეთანხმების ვარიანტი სომხეთში ყველას არ აძლევს ხელს. იქ არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან მოლაპარაკების პროცესის ჩაშლით და ამიტომ მიმაჩნია, რომ პროვოკაციები სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მეხმან ალიევმა, „ახალი ამბების“ სააგენტო „თურანის“ მთავარმა რედაქტორმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.
10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის - რაიონი.
ამავე განცხადებაში ასახული მოკონფლიქტე მხარეთა შეთანხმებით მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2 000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.
ფაშინიანი ემხრობა სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას
ნახიჩევანის მოსაზღვრე ერასხის რაიონში აზერბაიჯანთან მომხდარი ინციდენტი „ახალი დოკუმენტის“ მომზადებას დაუკავშირა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ოპოზიციური ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა, რომლის თქმით, ასეთი შეთანხმება ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა სომხეთს.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა გადაყლაპა ის, რაც (გასული წლის) ოქტომბერ-ნოემბერში მოხდა, დიახ, ეს (ინციდენტი) შესაძლოა ასეთი შეთანხმების სამზადისზე მიუთითებდეს. ასეთი დოკუმენტის შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე. ეს არის ყარაბაღის მომავლისათვის ჯვრის დასმა“, - განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა სომხეთის სამი ოპოზიციური ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში.
მაგრამ აზერბაიჯანთან „დიდი შეთანხმების“ შესახებ არაფერს ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი. „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა, რომლის პოლიტიკურმა ძალამ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია 20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, ზემოხსენებული სასაზღვრო ინციდენტების კომენტირებისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კვლავინდებურად მხარს უჭერს სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას.
„ჩვენ ვადასტურებთ ადრე გამოთქმულ მზადყოფნას, რომ განვაახლოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები. რეგიონის მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია, ხოლო სომხეთის მთავრობა ესწრაფვის იმ მანდატის შესრულებას, რომელიც მოსახლეობისგან მიიღო, რათა დადგეს მშვიდობის ხანა სომხეთის, არცახისა (მთიანი ყარაბაღი.-რედ) და მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა 22 ივლისს ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ მოუწოდა ბაქოს, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოს ყველა სამხედრო პირის, მძევლისა თუ სხვა პატიმრის გათავისუფლების შესახებ ნაკისრი ვალდებულება და არ შეუშალოს ხელი 9 ნოემბრისა და 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას, შეთანხმებებისა, რომლებიც რეგიონში კომუნიკაციების გახსნასა და სომხეთის განბლოკვას ითვალისწინებს.
თავის მხრივ, ბაქომ არაერთხელ განაცხადა, რომ შარშანდელი 10 ნოემბრის სამმხრივი აზერბაიჯან-სომხეთ-რუსეთის შეთანხმების შემდეგ აუცილებელია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართო შეთანხმების მიღწევა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და გადაიჭრება სასაზღვრო პრეტენზიები.
ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების მეცხრე მუხლი რეგიონალური ეკონომიკისა და სატრანსპორტო კავშირების კვლავ გახსნას ითვალისწინებს.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ასეთ სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს სოფელი ერასხი, სადაც ივლისის დასაწყისში და მანამდეც იყო რამდენიმე შეტაკება და სროლა. სწორედ ერასხზე გადის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც კარგა ხანს იყო მიტოვებული.
საბჭოთა პერიოდში აშენებული რკინიგზა ერევანს აკავშირებს ერასხთან, შემდეგ შედის ნახიჩევანში და მერე კვლავ სომხეთის სამხრეთ ტერიტორიაზე ბრუნდება. აქედან ის აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის გავლით უკავშირდება რუსეთს.
ეს სარკინიგზო მაგისტრალი თითქმის იმავე მარშრუტით დააკავშირებს აზერბაიჯანს თავის ახლო მოკავშირესთან, თურქეთთან, თუმცა უწყვეტი ინციდენტებისა და კანონადის ფონზე უახლოეს მომავალში მსგავსი ეკონომიკური პროექტების რეალიზება ჯერჯერობით სათუოა.