Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე


სომხეთის არმიის ჯარისკაცები სასაზღვრო ზონაში.
სომხეთის არმიის ჯარისკაცები სასაზღვრო ზონაში.

აზერბაიჯანმა სომხეთის ექვსი ჯარისკაცი დაატყვევა. ეს ერთ-ერთი ინციდენტია ორ მხარეს შორის სასაზღვრო რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, რომელიც შეინიშნება მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიის გამო შარშან შემოდგომაზე მომხდარი მწვავე შეტაკებების დასრულების შემდგომ პერიოდში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის ჯარისკაცები 27 მაისს დილით დააკავეს ქელბაჯარის რაიონში, როცა მათ საზღვარი გადაკვეთეს და ნაღმებს ამონტაჟებდნენ გზაზე, რომელიც ამ რაიონს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებთან აკავშირებთ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი თავის მხრივ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ექვსი ჯარისკაცი მაშინ დაატყვევეს, როცა ისინი საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ სომხეთის ტერიტორიაზე, გეღარქუნიქის პროვინციაში.

სამინისტროს თანახმად, „საჭირო ნაბიჯები იდგმება დატყვევებული ჯარისკაცების გასათავისუფლებლად.“

დანაღმვის ვერსია არ გამოურიცხავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, ოღონდ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მან დააზუსტა, რომ ჯარისკაცები ნაღმებს სომხეთის ტერიტორიაზე ამონტაჟებდნენ საზღვრის გასამაგრებლად და გამაფრთხილებელ ნიშნებს სვამდნენ.

ინციდენტი მოხდა ვერინ შორჟის სასაზღვრო პუნქტში, სომხეთის პროვინცია გეღარქუნიქში. გეღარქუნიქი იმ ტერიტორიას ესაზღვრება, რომელიც 2020 წელს დაიბრუნა აზერბაიჯანმა.

მიმდინარე კვირაში ეს პირველი სასაზღვრო ინციდენტი არაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. 26 მაისს მხარეებმა ერთმანეთს დასდეს ბრალი საზღვარზე წამოწყებული სროლისთვის, რასაც, ერევნის თქმით, სომხეთის ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაქომ ამ ინციდენტს „უბედური შემთხვევა“ უწოდა.

უფრო ადრე სომხეთმა აზერბაიჯანის ჯარები დაადანაშაულა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში და სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში რამდენიმე კილომეტრით შესვლაში სუნიკისა და გეღარქუნიქის პროვინციებში. სომხური მხარის თანახმად, ეს აზერბაიჯანის მხრიდან ამ ტერიტორიების მითვისების მცდელობაა. აზერბაიჯანი უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა უბრალოდ პოზიციები დაიკავეს საზღვრის აზერბაიჯანულ მხარეს, ტერიტორიებზე, რომლებიც ზამთრის პერიოდში მიუვალი იყო.

27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაადანაშაულა პროვოკაციულ ქმედებებში, რაც მიზნად ისახავს „დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავებას, რამაც შეიძლება სერიოზულად დააბრკოლოს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.“

მანამდე ორი დღით ადრე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთს დასდო ბრალი „ტყუილების“ გავრცელებით სასაზღვრო ზონაში „დაძაბულობის განზრახ გაღვივებაში“.

მხარეებს შორის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე რამდენიმე თვით ადრე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შედეგად შეწყვიტეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიისთვის შეიარაღებული კონფლიქტი, რომლებმაც შარშან სექტემბრის ბოლოს იფეთქა. სამხედრო დაპირისპირებამ, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა, მინიმუმ 6900 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრძოლები შეწყდა მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს მხარეებმა მოსკოვის შუამავლობით მოაწერეს ხელი სამშვიდობო დოკუმენტს ზავისა და ტერიტორიების გადანაწილების შესახებ. საზავო შეთანხმებით სომხებმა დაკარგეს დიდი რაოდენობით ტერიტორიები, რომლებსაც 90-იანი წლების დამდეგიდან აკონტროლებდნენ. შეთანხმების მიხედვით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად გაიგზავნა რუსეთის 2000-მდე მშვიდობის დამცველი.

მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიაა, რომელიც ისტორიულად არის დასახლებული ეთნიკური სომხებით. 1990-იანი წლების დამდეგს მწვავე ბრძოლების შედეგად სომხებმა კონტროლი დაამყარეს აზერბაიჯანის ამ ავტონომიურ რეგიონსა და მის მოსაზღვრე შვიდ რაიონზე.

ამჟამად სასაზღვრო ზონაში გამწვავებული ვითარება დამატებითი ზეწოლის ქვეშ აქცევს ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც ახლახან გადადგა თანამდებობიდან, რათა გზა გაეხსნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ის ოპოზიციისა და გარიგების პირობებით უკმაყოფილო მოსახლეობის ზეწოლის შედეგად დათანხმდა.

მას შემდეგ, რაც ფაშინიანმა, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია, ნოემბერში სამშვიდობო გარიგებას მოაწერა ხელი აზერბაიჯანთან და რუსეთთან, სომხეთში პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვა. ოპოზიცია ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა და მრავალათასიან მიტინგებს მართავდა ერევნის ცენტრში.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისისთვის არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG