Accessibility links

logo-print logo-print

ნახიჩევანთან რკინიგზის გახსნის პერსპექტივას სომხეთში იმედით და შიშით უყურებენ


სომხეთის სოფელ ერასხის სარკინიგზო სადგური. 2021 წ. იანვარი.

აზერბაიჯანის კუთვნილ ნახიჩევანთან სარკინიგზო კავშირის აღდგენა ეკონომიკური სტიმულის როლს შეასრულებს სომხეთის ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მასში საფრთხესაც ხედავს.

სომხეთის დედაქალაქ ერევნიდან ერთი საათის სავალზე ქვეყნის მთავარი ავტრომაგისტრალი, რომელიც ჩრდილოეთსა და სამხრეთს აკავშირებს, აღმოსავლეთისკენ უხვევს და მიადგება სოფელ ერასხს, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს. გზა სოფელს კვეთს და მერე უცებ წყდება მასიური, 30 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის წინ.

მიწაყრილის მეორე მხარეს არის მავთულხლართები, სანგრებში გამაგრებული სამხედროები და ნახიჩევანი - აზერბაიჯანის მოზრდილი ექსკლავი, რომელიც სომხეთის ტერიტორიითაა გამოყოფილი აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისგან.

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ეს უცნაური სასაზღვრო რეგიონი არაფრით გამოირჩეოდა, თუ არ ჩავთვლით დროდადრო სროლას აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის.

მაგრამ ერასხი და ნახიჩევანთა მისი საზღვარი ყურადღების ცენტრში მოექცა ნოემბერში დასრულებული მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, რომელშიც 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათიათასობით იქცა ადგილნაცვალ პირად, რეგიონში კი რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდნენ.

ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დროინდელ რკინიგზას, რომელიც რამდენიმე თაობის განმავლობაში იყო მიტოვებული, ახალი სიცოცხლე უნდა შთაებეროს და რეგიონში ეკონომიკური საქმიანობა გამოაცოცხლოს.

11 იანვარს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რომელშიც სომხეთმა დიდ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა.

ფაშინიანმა და ალიევმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, რომლის ინიციატივითა და შუამავლობით იქნა მიღწეული ომის დასრულების თაობაზე შეთანხმება, გამოაცხადეს, რომ სომხეთი სარკინიგზო ხაზით დაუკავშირდება რუსეთს, თავის მნიშვნელოვან მოკავშირეს.

რუსეთის გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ეს პროექტი ითვალისწინებს საბჭოთა პერიოდის სარკინიგზო ხაზის შეკეთებასა და ხელახლა ამოქმედებას.

მიწაყრილი ერასხში
მიწაყრილი ერასხში

რკინიგზა ერევანს აკავშირებს ერასხთან, შემდეგ შედის ნახიჩევანში და მერე კვლავ სომხეთის სამხრეთ ტერიტორიაზე ბრუნდება. აქედან ის აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის გავლით უკავშირდება რუსეთს.

ეს სარკინიგზო მაგისტრალი თითქმის იმავე მარშრუტით დააკავშირებს აზერბაიჯანს თავის ახლო მოკავშირესთან, თურქეთთან.

ამ სატრანსპორტო კავშირებს ფართო პერსპექტივით თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სომხეთი მიიღებს ეკონომიკურ სტიმულს, რაც მას არ ჰქონია 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

მაგრამ ერასხის ადგილობრივი მოსახლეობა ერთგვაროვნად არ არის განწყობილი ამ პროექტის მიმართ. მათ ახსოვთ დროდადრო გაჩენილი ძალადობრივი შეტაკებები მეზობლებთან და ფიქრობენ, რომ ვითარება არც ისე ვარდისფრად გამოიყურება.

რუსები აქ არიან

ამასობაში რუსები უკვე იმყოფებიან ერასხში 9 ნოემბერს ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. როგორც ადგილობრივი მოსახლეები ამბობენ, ისინი წინა ომის პირველსავე დღეს გამოჩნდნენ აქ.

მთიანი ყარაბაღის პირველი ომის პირველ ეტაპზე ერასხი იყო ერთ-ერთი პირველი დასახლებული პუნქტი, სადაც საბრძოლო მოქმედებები წარმოებდა. ეს ომი 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო პარტიზანული ბრძოლების სახით, შემდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა და 1994 წლამდე გასტანა.

1990 წლის იანვარში ერასხში ბრძოლები გაჩაღდა მსუბუქი შეიარაღებითა და სარაკეტო არტილერიით, მას მერე, რაც აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის პარტიამ, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების სათავეში მოვიდა, ნახიჩევანიდან შეუტია სოფელს.

შეტაკებები შეწყდა მას შემდეგ, რაც რეგიონში საბჭოთა ჯარები განლაგდნენ.

ამ ბრძოლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაზგენ სარქისიანის კარიერისთვის, რომელსაც სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა და ქვეყნის ერთ-ერთ ძლევამოსილ ფიგურას წარმოადგენდა, სანამ მას თავს დაესხმებოდნენ და მოკლავდნენ.

ერასხში გამავალი რკინიგზა 1994 წელს ომის დარსულებიდან ცოტა ხანში ჩაიკეტა, ვინაიდან ნახიჩევანში გამავალ მატარებლებს თავს ესხმოდნენ ხოლმე.

დღეს სადგური სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა მატარებელი ყოველდღე დადის ერევანსა და სოფელს შორის და ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარკვეული დასაქმების წყაროა.

ეს რკინიგზაც, სამანქანოს მსგავსად, საზღვრისპირა მიწაყრილთან წყდება.

თურქულ-სომხური ვაჭრობა?

რუსეთის სამხედრო ნაწილი დგას ერასხიდან ხუთ კილომეტრში, აღმოსავლეთით მდებარე სოფელ პარუირ სევაკშიც.

ერასხის მსგავსად, ეს სოფელიც დიდით არაფრით გამოირჩევა. ორი გამონაკლისის გარდა: მის მახლობლად მდებარეობს აზერბაიჯანის დე ფაქტო ანექსირებული ანკლავი კალკი (სომხურად ტიგრანაშენი) და რუსეთის არმიის ვერტმფრენი, რომელიც 9 ნოემბერს ჩამოაგდეს აზერბაიჯანის ძალებმა, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათით ადრე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რკინიგზის კვლავ ამუშავება სოფელს საფრთხეს შეუქმნის.

„აქ ხალხი ძირითადად სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ხილ-ბოსტნეული მოჰყავთ.“ ამბობს ის. „საზღვარი თუ გაიხსნა [ვაჭრობისთვის], ეს ადგილობრივ ეკონომიკას დაანგრევს. თურქული იმპორტი ჩვენი პროდუქციის ფასს დაწევს,“ მიაჩნია მას.

არ არის ნათელი, მოსალოდნელია თუ არა აზერბაიჯანთან ან თურქეთთან ვაჭრობის განახლება, როცა რკინიგზა ამუშავდება.

ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების მეცხრე მუხლი ითვალისწინებს „რეგიონული ეკონომიკისა და სატრანსპორტო კავშირების კვლავ გახსნას“.

თურქეთს ჩაკეტილი აქვს სომხეთთან საზღვრები და ამას ის ყოველთვის ხსნიდა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის შვიდი რეგიონის ოკუპაციით, რომლებიც მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარეობს. მაგრამ ეს საკითხი სამშვიდობო შეთანხმებით მოგვარდა, სომხეთმა კონტროლი დაკარგა ამ რეგიონებზე.

თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მალე ერევანსა და ანკარას შორის სატვირთო ვაგონების მიმოსვლა დაიწყება.

მეგობრები და არა მტრები

სხვებისთვის საბჭოთა პერიოდის მოგონებები კმარა ოპტიმიზმისთვის.

ერასხის მკვიდრი, 68 წლის პენსიონერი სოს არაქელიანი, იხსენებს იმ დროს, როცა მისი აზერბაიჯანელი მეზობლები მისი მეგობრები იყვნენ და არა მტრები.

ერასხის მკვიდრი სოს არაქელიანი
ერასხის მკვიდრი სოს არაქელიანი

არაქელიანი თანასოფლელებივით იმედოვნებს, რომ ნახიჩევანთან სარკინიგზო კავშირის აღდგენა ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს მოიტანს.

„რა თქმა უნდა, აქ ძნელია სამუშაოს პოვნა. მე წლების წინ რუსეთში მომიწია წასვლა [სამუშაოსთვის]. მაგრამ თუკი მატარებელი კვლავ ივლის [ნახიჩევანში], ხალხს სამსახური ექნება და სოფელი არ მოკვდება,“ ამბობს ის.

რაც შეეხება რეგიონულ კონფლიქტს, არაქელიანი ფიქრობს, რომ ეს ხელს არ შეუშლის მომავალში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობების დამყარებას.

„ზოგჯერ გვესვრიან ხოლმე,“ აღიარებს არაქელიანი. „მაგრამ იციან, რომ ჩვენც ცეცხლით ვუპასუხებთ მათ სოფელს. თუკი სამუდამოდ შევწყვეტთ სროლას, რატომ არ შეიძლება, რომ მეგობრები ვიყოთ?“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG