Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხუთავი ჰაერი საქართველოში: რას მოითხოვს ევროკავშირი?


სმოგი თბილისში
სმოგი თბილისში

საქართველოში უფრო სუფთა ჰაერი გვექნება და უფრო თავისუფლად ვისუნთქებთ, თუკი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შევასრულებთ, - ირწმუნებიან გარემოსდამცველები. მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ვითარება ჯერ ისევ საგანგაშოა და ეს ბოლო ხანებში საზოგადოების სულ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს. ყველამ იცის, რომ საფრთხეშია ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ეგიდით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის პროცესში „მწვანე ალტერნატივაც“ ჩაერთო. ორგანიზაციის შეფასების თანახმად, „საქართველოში ჰაერის ხარისხის მართვის კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და მისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანია და ნელი ტემპით მიმდინარეობს“. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვი რჩება.

სად არის ჰაერი?
please wait

No media source currently available

0:00 0:00:54 0:00

„მწვანე ალტერნატივის“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს ამ დრომდე არც ასოცირების 2014-2016 წლების დღის წესრიგში ასახული მოთხოვნები აქვს შესრულებული, რაც საწვავის ხარისხის გაუმჯობესებასა და საჯარო ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ისახავს მიზნად. ვითარება საგანგაშოა და კვლავაც მაღალია რისკი ბრონქების, ფილტვებისა თუ სისხლმბად ორგანოთა დაავადებების - მათ შორის სასიკვდილო დაავადებების - განვითარების კუთხით.

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2017 წლის ანგარიშით, საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა „შენობაში და შენობის გარეთ არსებული დაბინძურებული ჰაერით გამოწვეული სიკვდილიანობით“ (ყოველ 100 000 ადამიანზე).
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ჰაერის დამაბინძურებლებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120,050,566 ლარი. ეს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
WHO-ს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით
WHO-ს 2017 წლის ანგარიშის მიხედვით

„ფაქტია, რომ ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არაეფექტიანია აღსრულების თვალსაზრისით. ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავაც საშინლად აბინძურებს გარემოს. ხოლო მსუბუქი ავტომობილები, რომელთა შემოწმების პროცესი 2019 წლის 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს, 2020 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებული არიან გარემოზე მავნე ზემოქმედების ნაწილში", - ეუბნება რადიო თავისუფლებას „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი, მონიტორინგის ანგარიშის ავტორი მანანა ქოჩლაძე. ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ აუცილებლად და დროულად იქნეს უზრუნველყოფილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გარემოზე ზემოქმედების ფაქტორის გათვალისწინებით.

საქართველოს გარემოს მდგრადობის შესახებ ეროვნული ანგარიშის თანახმად, ჰაერის დაბინძურების მთლიან სურათში სულ ცოტა 75 % სატრანსპორტო სექტორზე მოდის. სავალალო სურათი კი ადვილად წარმოსადგენია, თუკი ვიტყვით, რომ სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ 9 %-ია 9-წლამდე ხანდაზმულობის, ხოლო თითქმის ნახევარი 20 წელზე უფრო ხანდაზმულია. მართალია, ძველი ავტომობილები მაღალი ხარისხის ბენზინის მოხმარების პირობებშიც კი საფრთხეს წარმოადგენენ გარემოსთვის, მაგრამ „მწვანე ალტერნატივისთვის“ მიუღებელია ის ფაქტი, რომ 2016-2017 წლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ ბენზინისა და დიზელის ნიმუშები მხოლოდ 30 შემთხვევაში შეამოწმა, ქვეყანაში არსებული დაახლოებით 1000 ბენზინგასამართი სადგურიდან.

ევროკავშირს შეუძლია მიმართოს გზას, რასაც ჰქვია „naming and shaming“, ანუ ამხილოს და გააკრიტიკოს საქართველო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მაგალითად, შრომის უფლებებთან მიმართებით.
ვანო ჩხიკვაძე

დიდი პრობლემაა ასევე ე.წ. ჰაერის მტვერი, ანუ შეწონილი ნაწილაკების შემცველობა ჰაერში. ცნობილია, რომ შეწონილი ნაწილაკების 65 %-ის გამოფრქვევა სამრეწველო სექტორის სათვალავზე მოდის, მაგრამ, „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის თანახმად, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში (რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი) მყარი შეწონილი ნაწილაკების ჰაერში შემცველობა, სულ ცოტა, 1,5-1,7-ჯერ მაღალია, ევროპულ ზღვრულ ნორმებთან შედარებით.

  • „მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება საქართველოში მოქმედი ჰაერის ხარისხის მართვის სისტემა.
  • ახალი ავტომატური სადგურების ამოქმედების მიუხედავად, მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანო - გარემოს ეროვნული სააგენტო - ვერ უზრუნველყოფს საქართველოში „ჰაერის დაბინძურების სრულმასშტაბიანი და ადვილად გასაგები სურათის“ მოწოდებას.
  • გარემოს ეროვნულ სააგენტოს არ დაუნერგავს მავნე ნივთიერებებისთვის პროგნოზირებისა და მონიტორინგის მოდელირების სისტემები, მიუხედავად იმისა, რომ, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო.
მომატებული ხიფათი ჰაერში თამარ მეფის გამზირზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:58 0:00

ასოცირების შეთანხმების მოთხოვნათა მრავალმხრივი მონიტორინგის პროცესში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ეგიდით 2014 წლიდან ახორციელებს, მნიშვნელობიდან გამომდინარე, 2017 წლის ბოლოდან დაემატა გარემოს დაცვის სფეროს მონიტორინგი. „მწვანე ალტერნატივის“ მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი სწორედ 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგის მიხედვით, 2018 წელს შესასრულებელი მოკლევადიანი პრიორიტეტების სრულ შეფასებას „ღია საზოგადოება“ წლის ბოლოს გამოაქვეყნებს. რა ხდება მაშინ, თუ საქართველო ვერ ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს?

„ევროკავშირს შეუძლია მიმართოს გზას, რასაც ჰქვია „naming and shaming“, ანუ ამხილოს და გააკრიტიკოს საქართველო, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მაგალითად, შრომის უფლებებთან მიმართებით. ასევე, ვალდებულებათა შეუსრულებლობამ შესაძლოა შეაფერხოს პროცესები მიკროფინანსური დახმარების გამოყოფის კუთხით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ. მართალია, ასოცირების შეთანხმების შესრულება პირდაპირ არ არის მიბმული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ვალდებულებათა შეუსრულებლობას შეუძლია დაამუხრუჭოს ეს პროცესიც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG