Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბიჯი ავტოკეფალიისკენ - უკრაინამ მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერა მიიღო


მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს უკვე გადაწყვეტილი აქვს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა, რომელიც უკრაინის საკითხზე მომუშავე კომიტეტის წევრია, ეს განცხადება კი მას მერე გაკეთდა, რაც 31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქს პირისპირ შეხვდა მოსკოვის პატრიარქი კირილი. შეხვედრა სტამბოლში შედგა.

მიტროპოლიტ ემანუელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაინც რჩება გასავლელი გარკვეული პროცედურები.

„25 წელზე მეტია უკრაინაში არის სქიზმა. მსოფლიო პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება მას მერე, რაც შეისწავლა ყველა გზა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად.ეს გადაწყვეტილება აპრილში იქნა მიღებული და ჩვენ უკვე მისი განხორციელების პროცესში ვართ. ამ ყველაფრის შესახებ ეცნობა პატრიარქ კირილს მისი ვიზიტის დროს მსოფლიო პატრიარქთან. ეს იყო ძმური შეხვედრა - ისინი ერთმანეთს გულწრფელად ესაუბრნენ და განიხილეს ყველა საკითხი“, განაცხადა მიტროპოლიტმა ემანუელმა.

შეხვედრის შემდეგ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა უმაღლესი საეკლესიო პირების კომენტარები გაავრცელეს, თუმცა არ უხსენებიათ ის ფაქტი, რომ უკრაინის შესახებ მართლმადიდებლური ეკლესიების აზრი გაიყო. პროსახელისუფლებო სააგენტო TASS საზოგადოებას მოუწოდებს არ დაუჯეროს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბართლომე I-მა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყვიტა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვოს

იმისთვის რომ უკრაინის ეკლესია რუსეთის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახდეს, საჭიროა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა დაასახელოს უკრაინის უმაღლესი იერარქი. ამის შემდეგ გამოიცემა ოფიციალური ფორმა, რომელშიც განიმარტება, რა საფუძვლებს ეყრდნობა ავტოკეფალიის აღიარება, ეს პროცესი კი სხვა ეკლესიების თანხმობას არ საჭიროებს. კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეუძლია აღმოსავლეთის ეკლესიების დამოუკიდებლობა თავად გადაწყვიტოს. ეს უფლებამოსილება მას მე-6-მე-7 საუკუნიდან აქვს, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებისას მაინც გავრცელებული ფორმაა ეკლესიათა თანხმობა. მიუხედავად ამისა, ეს არ არის გადამწყვეტი და მთავარი ნაბიჯი კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა გადადგას.

საქართველოს ეკლესიის პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიის მოპოვების პროცესში

უკრაინის საპატრიარქოს ავტოკეფალიის საკითხი დიდი ხანია საქართველოს საპატრიარქოში აქტუალურია. 2018 წლის ივნისში თბილისში სინოდის სხდომა ჩატარდა, რომლის ოქმის თანახმადაც, სინოდის წევრები საპატრიარქოში შემოსულ სამ წერილს გაეცნენ - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიიდან, თუმცა სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია. დღეს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

თეოლოგი ვლადიმერ ნარსია მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკლესია უსაფუძვლოდ ასახელებს ამ თავშეკავებული პოზიციიის მიზეზად აფხაზეთის ეკლესიის ფაქტორს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით ის დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საეკლესიო ტერიტორიას.

ვლადიმერ ნარსიას თქმით, ამ მოსაზრების კანონიკური და ისტორიული არგუმენტი არ არსებობს. მისი აზრით, ასეთ პოზიციას რუსული დირექტივა უდევს საფუძვლად, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიის პოზიციები დაძლეული იქნება.

რატომ არის უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ისტორიული სამართლიანობის აღდგენა

ავტოკეფალიის მიღება უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. აპრილში მსოფლიო პატრიარქმაპ რეზიდენტ პოროშენკოსგან მიიღო უკრაინის პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მიმართვა, ავტოკეფალიის მინიჭების მოთხოვნით. მაშინ პოროშენკომ ამ პროცესს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა უწოდა, რასაც უკრაინა უკვე 20 წელზე მეტია ცდილობს. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა კონსტანტინოპოლის ეკლესიის საფარქვეშ ისტორიული მოვლენაა აღმოსავლეთის ეკლესიის მეთაურობისთვისაც. თეოლოგების აზრით, მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილება არის იმის ნიშანი, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უბრუნდება ისტორიულ დომინაციას, რომელიც მას აღმოსავლეთის ეკლესიების მართვაში ჰქონდა და რომლის ჩანაცვლებაც სცადა რუსეთის ეკლესიამ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG