Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა კოსტავა და ძმები დარდენები - ქრისტიანობის ორი გაგება


”ვაჟიშვილი” (”Le fils ”, ”Сын”. 2002, ბელგია).

(ოლივიე გურმეს პრიზი კანის კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის)

ამ თვეში მეორედ მიწევს ბელგიელ რეჟისორებზე, ჟან-პიერ და ლუკ დარდენებზე წერა. კანის ფესტივალის ”ოქროს პალმის” ორგზის ლაურეატებმა წლევანდელ კინოფორუმზეც გაახარეს თაყვანისმცემლები - კანის ჟიურიმ ისინი საუკეთესო რეჟისორებად ცნო. თუმცა პირადად ჩემთვის დარდენების საუკეთესო ფილმად ”ვაჟიშვილი” რჩება. ეს სურათი არის ინტერნეტში, მართალია, მხოლოდ ფრანგულ და რუსულ ენებზე, მაგრამ ვფიქრობ ენის ცოდნა არცაა საჭირო იმისთვის რომ ”ვაჟიშვილი” დააფასო - დიალოგების როლი აქ მინიმალურია, მთავარი ორი ადამიანის - შუახნის შვილმკვდარი მამის და მისი შვილის მკვლელის, ციხიდან ახლად განთავისუფლებული ყმაწვილის ურთიერთობაა. დანარჩენს თავად ნახავთ. ნახავთ, როგორ ესმით ქრისტიანობა ჟან-პიერ და ლუკ დარდენებს.

დიახ, ქრისტიანობა. მიუხედავად იმისა, რომ დარდენები ბრიტანელ რეჟისორთან, კენ ლოუჩთან ერთად, ევროპის სოციალური კინოს ლიდერებად ითვლებიან (მათმა ფილმმა ”როზეტამ” თავის დროზე ბელგიის ხელისუფლებას არასრულწლოვანთა დასაქმების კანონიც კი შეაცვლევინა), ”ვაჟიშვილი”, პირველ რიგში, არის ღრმად რელიგიური სურათი. არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ძმები დარდენები სახარების საუკეთესო ინტერპრეტატორები არიან, თუმცა მათ არასდროს უცდიათ სახარების ეკრანიზაცია. დარდენები იღებენ ფილმებს დაუცველ, მარტოხელა ადამიანებზე, რომლებსაც ხშირად ”წამების გზის” გავლა უწევთ და რომლებიც ხიფათით და განსაცდელით აღსავსე გზაზე, ჩვენ თვალწინ იცლებიან. თავადაც ასე ამბობენ, კინემატოგრაფი ყველა ხელოვნებაზე უკეთ ასახავს ცვლილების პროცესს, რადგანაც მისი ენა ახლოდან დანახვის და ცვლილების ენააო.

”ვაჟიშვილში” დარდენების, ტრადიციულად, მოკლე ფილმში ორივე პერსონაჟის, დურგალი-ოსტატის და დურგალი-შეგირდის ცვლილებაა გამოხატული. დარდენების კამერა აღბეჭდავს მთავარი გმირის, დურგალი-მამის სახეს, ზურგს, ერთი წამით არ სცილდება, თითქოს მის სხეულში შეღწევას ცდილობს, რათა არაფერი გამოეპაროს და გვიჩვენოს, როგორც ცვლის ადამიანს განსაცდელი

განსაცდელი დარდენების გმირებისთვის თავისებური მადლია, თუ გნებავთ ასე ვთქვათ, ”ღმერთის წყალობა”. და ვინაიდან ”ვაჟიშვილი” დარდენების ყველაზე მეტაფიზიკური ფილმია, ყველაზე განტვირთული, სრულიად ”ცარიელი”, მუსიკისა და როგორც უკვე აღვნიშნე, ზედმეტი დიალოგების გარეშე, სადღაც ფილმის მეორე ნახევარში ამ დოკუმენტური სიზუსტით აღწერილ სამყაროს დარდენების მინიმალიზმი ბიბლიურ ”სიძველედ” გადააქცევს, ასკეტურ რეალობად, სადაც რჩება მხოლოდ გრძნობები - რჩება ადამიანის ხმამაღალი სუნთქვა და ცრემლი.

დიდი ხნის წინ დეკანოზ ალექსანდრე მენს ერთ შეხვედრაზე ჰკითხეს ”ადამიანი კიბოთი დაავადდა და კვდება. არადა, მხოლოდ ახლა იწყებდა ცხოვრებას. რატომ არის ღმერთი სასტიკი?”. მენის პასუხი ასეთი იყო: ”იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ ცხოვრების ადმინისტრატორი გვგონია, რომელიც ყველაფერს აგვარებს. სინამდვილეში ადამიანი არასდროს იქნებოდა ღმერთის ხატად შექმნილი არსება, მისთვის თავისუფლება რომ არ მიენიჭებინათ. თავისუფლება - მძიმე საჩუქარია. მაგრამ დიდი საჩუქარი. ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ სამყაროს შექმნაში”.

ალექსანდრე მენისთვის ქრისტიანობა იყო თავისუფლება. ”იესო ქრისტე არ გვეუბნება, სიცოცხლე ვარდისფერი ნაკადულიაო. ის გვეუბნება ერთ რამეს - არაფერი არსებობს სიყვარულზე უფრო მაღლა, არაფერი არსებობს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანის სიყვარული და პატიება”.

არაფერი არსებობს სიყვარულზე უფრო მაღლა ძმები დარდენებისთვისაც. მათი კამერა სიყვარულის დაბადების, გაღვიძების პროცესს ასახავს იმ სასტიკ რეალობაში, რომელშიც ცხოვრება უხდებათ არა მარტო დარდენების გმირებს. ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ - ადამიანური სისასტიკის რეალობაში. თუმცა ქრისტიანობა, სამწუხაროდ, ბევრს სულაც არ ესმის ისე, როგორც ბელგიელ ძმებს.

”მაგი არჩიეთ თქვენ, დაემთხვა თუ არ დაემთხვა. უბრალოდ, ალბათ, დაემთხვა... სულ ასეთი მწარე კომენტარები მაქვს გაკეთებული იმათზე, ვინც ეროვნულობას შეეხება, ვინც მართლმადიდებლობას შეეხება, ვინც პატრიარქს შეეხება", - ეს იყო ”ქართული ოცნების” დეპუტატის, ქალბატონ ნანა კოსტავას პირველი კომენტარი ფეისბუკში განთავსებულ მის სტატუსზე.

ქალბატონ კოსტავას თანამდებობა დაატოვებინეს. თუმცა მის კომენტარებში მე პირადად სინანული ვერ დავინახე - ეჭვი მაქვს, დეპუტატი ”ქართული ოცნებიდან” ისევ დარწმუნებულია, რომ სალომე ბარკერი ღმერთმა დასაჯა. ”ქართულ ოცნებაზე” აქცენტს იმიტომ ვაკეთებ, რომ ქუთაისელი დეპუტატის ეს ”წყევლა-კრულვა” და წარმოდგენა ღმერთზე, როგორც ადმინისტრატორზე, როგორც პროკურორზე, დამსჯელზე, სწორედაც რომ იმ დისკურსის ნაწილია, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” 7 წლის მანძილზე დაამკვიდრა - სიძულვილის, შურისძიების ვნების, უვიცობის, უგრძნობლობის დისკურსის... და, რაც მთავარია, თავისუფლების შიშის, მონობის და კერპთაყვანისმცემლობის ბანალური გამოვლინებაა. ასე ესმის ქრისტიანობა ამ ხალხს. და ახლა უკან მხოლოდ იმიტომ დაიხიეს, რომ საზოგადოების მოულოდნელმა რეაქციამ შეაშინათ. იმ საზოგადოებისა, რომელიც ამდენი ხნის მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ აქციეს მონების საზოგადოებად.

ახლა ცვლილების დროც მოვიდა. გავბრაზდით, ვიჩხუბეთ, შევუტიეთ. დროა, კარგი ფილმი ვნახოთ, ძმები დარდენების ”ვაჟიშვილი” და ჩვენი რისხვა ერთი შეცდენილი და გზააბნეული ქალისგან იმ იდეოლოგიაზე გადავიტანოთ, რომელმაც მონობას შეაჩვია ეს ადამიანები. ოღონდ ისიც გვახსოვდეს, რომ ალექსანდრე მენი რუსებმა ნაჯახით მოკლეს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG