Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საიუბილეო სამიტი და საქართველო


ლონდონის გარეუბან უოტფორდში მდებარე სასტუმრო “Grove Hotel”-ი ერთი დღის განმავლობაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 4 დეკემბერს სწორედ აქ გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების საიუბილეო თარიღს, ნატოს 70-ე წლისთავს ეძღვნება.

შესაბამისად, ალიანსის ლიდერთა შეხვედრის პირველი დღე მთლიანად საზეიმო იქნება. 3 დეკემბერს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ლიდერებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე უმასპინძლებს ბუკინგემის სასახლეში დაგეგმილ წვეულებაზე. 4 დეკემბერს კი 29 ქვეყნის ლიდერები გადაინაცვლებენ სასტუმრო “Grove Hotel”-ში, რომელსაც სხვა ფეშენებელური სასტუმროებისგან ისიც განასხვავებს, რომ ლონდონის გარეუბანში მდებარეობს და თანაც იოლი დასაცავია მის გარშემო არსებული 300 აკრის ფართობის (კილომეტრნახევრიანი) პარკის გამო, შენობას რომ ეკვრის.

ადრინდელის მსგავსად, ნატოს ლონდონის სამიტიც რუტინული დღის წესრიგით ჩაივლის: ოთხშაბათს, გამთენიისას გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩაატარებს სახელდახელო ბრიფინგს, ერთმანეთის მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ ნატოს ლიდერები ოპერატიულად გადაიღებენ სამახსოვრო, ე.წ. ოჯახურ ფოტოს და მხოლოდ ამის შემდეგ უკვე დახურულ კარს მიღმა იმსჯელებენ იმ მიღწევებსა და პრობლემებზე, რომლებითაც ჩრდილოატლანტიკური ოჯახი ხვდება თავის იუბილეს.

რუსეთს, რომელიც არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, არამედ სამხედრო ძალები განლაგებული ჰყავს მოლდოვაში, ამ ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე
იენს სტოლტენბერგი


მათზე უკვე ისაუბრა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში გამგზავრების წინა ბრიფინგზე ბრიუსელში და, სავარაუდოა, რომ ამ მესიჯებს იგი კიდევ არაერთხელ გაიმეორებს ნატოს სამიტის დროს.

პირველ ყოვლისა, ესაა შიდა უთანხმოების მუდმივი პრობლემის მოგვარების პოზიტიური ტენდენცია - მოკავშირეების მიერ თავდაცვითი დანახარჯების მნიშვნელოვანი გაზრდა. 2019 წლისათვის ევროპელი მოკავშირეების და კანადის მიერ თავდაცვის მიზნით გამოყოფილი დაფინანსების ზრდამ ჯამში შეადგინა 4,6%, ხოლო 2016 წლიდან მოყოლებული ეს ზრდა რიცხვებში უდრის 130 მილიარდ დოლარს. შედარებისათვის - მარტო ეს თანხა ორჯერ აღემატება რუსეთის მიერ თავდაცვის ხარჯებისათვის შარშან გამოყოფილ 63 მილიარდ დოლარს, რაც დიდად არც წელს შეცვლილა.

და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ რჩება საფრთხის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის, რომელიც, თავის მხრივ, „თავდაცვით, მოზომილ და კოორდინირებულ“ პასუხს უპირისპირებს რუსეთის მილიტარისტულ ქმედებებს, იქნება ეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებიდან (INF) გასვლა, ახალი შეტევითი სარაკეტო სისტემების განვითარება, თუ მეზობელი სახელმწიფოების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესია.

„ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთს, რომელიც არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, არამედ სამხედრო ძალები განლაგებული ჰყავს მოლდოვაში, ამ ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა 29 ნოემბერს იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპელ მოკავშირეებს, რომ მხოლოდ ნატოა ის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას ერთობლივად შეუძლიათ სტრატეგიული პრობლემების გადაჭრა.

„ევროკავშირს არ შეუძლია ევროპის დაცვა, ევროპული გაერთიანება ვერ ჩაანაცვლებს ტრანსატლანტიკურ კავშირს“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ იენს სტოლტენბერგმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს.

გასაგებია, თუ რატომ წარმოთქვა ეს სიტყვები ალიანსის გენერალურმა მდივანმა პარიზში.

სამი კვირის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოულოდნელად განაცხადა, რომ ნატო განიცდის „ტვინის კვდომას“, რის გამოც ევროპამ საკუთარი თავის დაცვაზე თავადვე უნდა იზრუნოს.

მაგრამ ამ სკანდალური განცხადებების ავტორის გარდა, ნატოს ლონდონის სამიტზე ჟურნალისტების მთავარი ყურადღება ასევე მიპყრობილი იქნება აშშ-ის ლიდერის მიმართ.

ჯერ კიდევ ყველას ნათლად ახსოვს დონალდ ტრამპის დემარში ნატოს წინა, ბრიუსელის სამიტზე. მოკავშირეების მიერ გაღებული ფინანსური წვლილით უკმაყოფილო აშშ-ის ლიდერმა ივლისის სამიტის დასკვნით დღეს მოულოდნელად მოითხოვა გეგმით გაუთვალისწინებელი შეხვედრის ჩატარება მხოლოდ ალიანსის წევრებს შორის, რამაც, კულუარული ცნობით, უხერხული ვითარება შექმნა დარბაზში მყოფი უკრაინისა და საქართველოს ლიდერებისთვის.

დონალდ ტრამპმა შარშან ევროპელ მოკავშირეებს უთხრა, რომ ვაშინგტონის მხარდაჭერას დაკარგავდნენ, თუ არ გაზრდიდნენ თავდაცვით ხარჯებს.

და აი, დონალდ ტრამპი უკვე ლონდონშია და ჟურნალისტები, ცხადია, პირველ ყოვლისა, სწორედ იმის მოლოდინში ვართ, თუ ამჯერად რა გზავნილი ჩამოიტანა მოკავშირეებისათვის აშშ-ის ლიდერმა, რომელიც 4 დეკემბერს, სამიტის დასრულების შემდეგ, მედიის შეკითხვებს უპასუხებს.

უკრაინელ და ქართველ ჟურნალისტებს, ტრადიციული, ნატოში ჩვენი ქვეყნების მიღება-არმიღების გარდა, კიდევ ერთ კითხვაზე გვაინტერესებს პასუხის მიღება. უფრო ზუსტად, ინფორმაციის შემოწმება, თითქოს თეთრი სახლი მომავალი წლისთვის ნატოს ბიუჯეტში თავისი წილის შემცირებას და დაზოგილი თანხით ევროპული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის, უსაფრთხოების მხარდაჭერას, აპირებდეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG