Accessibility links

logo-print logo-print

ნატოს 2021 წლის პირველი სწავლება შავ ზღვაში და უსაფრთხოების გამოწვევები


ფოტოარქივი: ნატოს სამხედრო გემები შავ ზღვაში. 27 ივლისი, 2020 წ.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა და ნატოს საჰაერო ძალების სარდლობამ 2021 წლის პირველი ერთობლივი წვრთნა გამართეს შავ ზღვაში, რომელიც სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების განზომილებაში.

აშშ-ის მეექვსე ფლოტის სარდლობის ცნობით, საესკადრო ნაღმოსანი ხომალდის, „დონალდ კუკის“ გარდა, სწავლებაში მონაწილეობდნენ, ასევე, „ავაქსის“ კლასის რადიოდამიზნებისა და აღმოჩენის საავიაციო სისტემებით აღჭურვილი E-3A ტიპისა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო P-8-ის კლასის თვითმფრინავები.

ოფიციალური ინფორმაციით, ერთობლივი წვრთნის დროს დამუშავდა ელემენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ჰაერში და წყალზე ნატოს უპირატესობის მოპოვება და თავისუფალი ნაოსნობა ყველა საერთაშოროსო წყალსა და საჰაერო სივრცეში.

ჯერჯერობით შავ ზღვაში ამ სასწავლო ამოცანის რეალობაში განხორციელება წარმოუდგენელი სირთულის ამოცანაა, რუსეთის დომინანტური მდგომარეობის გამო.

სრული დისბალანსი

ნატოს ექსპერტების შეფასებით, ბოლო წლებში საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გააქტიურებით რუსეთის აგრესიული მოქმედება გაძლიერდა უკიდურესი ჩრდილოეთისა და წყნარი ოკეანის მიმართულებით, ასევე ბარენცის, ბალტიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის საკვანძო წერტილებში.

მაგრამ, თუ სხვა საერთაშორისო წყლებში რუსეთს ნატოს სერიოზული სამხედრო-საზღვაო ძალები უპირისპირდებიან, შავ ზღვაში იგი ჯერჯერობით უპირობოდ დომინირებს.

„სამხედრო ძალთა ბალანსს რაც შეეხება, ერთმანეთს თუ შევადარებთ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, თანაფარდობა შეადგენს 1:15-თან. ცალკეული შეიარაღებული სახეობის, კერძოდ კი, სარაკეტო შეიარაღების მხრივ, რაც, ჩემი აზრით, ამჟამად კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამხედრო უპირატესობისათვის, აქ თანაფარდობა არის 0:200-თან. ანუ უკრაინას შავ ზღვაში ჯერჯერობით არ აქვს არც ერთი რაკეტა, იქნება ეს გემთსაწინააღმდეგო თუ ფრთოსანი რაკეტა.

რუსეთის შეიარაღებაში არის 200 ერთეული რაკეტა - როგორც გემთსაწინააღმეგო რაკეტები, ისე შორეული მოქმედების ფრთოსანი „კალიბრის“ ტიპის რაკეტები. ამას ემატება უკრაინის გარშემო, რუსეთის სამხრეთის ოლქში განლაგებული 100-მდე „ისკანდერის“ ტიპის რაკეტა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინელი ექსპერტი მიხაილო სამუსი, პროფესიული სინდიკატის „არმიის, კონვერსიისა და განიარაღების სწავლების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე.

უკრაინა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს. უკეთეს მდგომარეობაში არც ნატოს წევრი სხვა ქვეყნები - ბულგარეთი და რუმინეთი - იმყოფებიან, რომელთა საზღვაო პოტენციალი საკმაოდ მოძველებულია.

შავ ზღვაში რუსეთის რეალურ კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს თურქეთი, მაგრამ ანკარისთვის, სამხედრო თვალსაზრისით, პრიორიტეტულია ხმელთაშუა ზღვის მიმართულება და არა შავი ზღვა.

მაგალითისათვის თუ ავიღებთ წყალქვეშა გემებს, შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებაშია ექვსი წყალქვეშა გემი, რომლის მსგავსი შეიარაღება ამ რეგიონში არ გააჩნიათ ნატოს წევრ სხვა შავი ზღვისპირა ქვეყნებს - ბულგარეთსა და რუმინეთს.

„რაც შეეხება რეგიონში ნატოს მესამე წევრს, თურქეთს, მას, რა თქმა უნდა, ჰყავს 14 წყალქვეშა ნავი, მაგრამ არა შავ ზღვაში. ამიტომ რუსეთი აშკარად დომინირებს შავი ზღვის როგორც წყალზედა, ისე წყალქვეშა სივრცეებში. თანაც, რუსეთის 6 ახალი წყალქვეშა ნავი აღჭურვილია „კალიბრის“ კლასის ფრთოსანი რაკეტებით“, - განმარტავს მიხაილო სამუსი.

ასეთი დისბალანსის აღმოსაფხვრელად ნატოში ძლიერდება მუშაობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ამ თემას დიდი ყურადღება დაეთმო ნატოს შარშანდელი წლის ბოლო მინისტერიალზეც, რომელზეც ითქვა, რომ ალიანსი განაგრძობს ადაპტირებას უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შესაბამისად.

„ამ ადაპტაციის დიდი ნაწილია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან შავ ზღვაში სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას იყენებს, ასევე, სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემასაც უნდა გულისხმობდეს“, - განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა, რადიოსადგურ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

„მნიშვნელოვანი მარშრუტი“

ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ცნობაში მითითებულია, რომ საზღვაო ვაჭრობისა და მთელი ევროპის სტაბილურობისათვის შავი ზღვა მნიშვნელოვანი მარშრუტია.

ამერიკული გემები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს - მხარდასაჭერად.

ცნობისათვის: ზემოხსენებული სამხედრო-საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი, „დონალდ კუკი“, ბოლო წლებში უკვე რვაჯერ მაინც იმყოფებოდა შავ ზღვაში საწვრთნელი მისიით.

ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ბათუმის პორტში, 2019 წლის იანვარში შევიდა.

ამას გარდა, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე იყო საუბარი შარშან სექტემბერში, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა, და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ ახლა განვიხილავთ, რა დამატებითი ელემენტებით შეიძლება შევავსოთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს გულისხმობს ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას - როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ავიამიმოსვლის სარადარო მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის პროცესი. ეს არის კარგი საქართველოსა და ნატოს მოკავშირეებისთვის იმ რეგიონში, სადაც ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლობის არსებით ზრდას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რეალურია თუ არა ნატოს შავი ზღვის სარდლობა

პატარა საქართველო, რომელიც სამხედრო-საზღვაო ელემენტით ყველაზე მოკრძალებულად გამოიყურება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის, რეგულარულად მონაწილეობს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივ საზღვაო მანევრებში და ჩართულია საზღვაო უსაფრთხოების მონაცემთა გაცვლის ინტეგრირებულ სისტემაში.

შარშან ნატოს მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაზე საქართველო წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კუთვნილი სადარაჯო ხომალდ „დიოსკურიით“ (P25).

„ასეთი სწავლებები ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, სწორედ ნატოს სტრატეგიიდან გამომდინარე. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჯერჯერობით ნატოს სტრატეგია არ არსებობს. ვგულისხმობ ერთ მთლიან სტრატეგიას, რომელსაც ექნებოდა მკაფიო მიზნები, მკაფიო ფორმატი და მკაფიო ჩარჩოები ამოცანების შესასრულებლად. ამიტომ დღეისათვის ნატოს წევრი აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები შავი ზღვის რეგიონში შემოიფარგლებიან მოკლევადიანი ვიზიტებითა და სწავლებებით, რომლის დროსაც მუშავდება ერთობლივი საკითხები შავი ზღვის რეგიონში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით. მაგრამ ეს, ცხადია, არ არის საკმარისი“, - მიიჩნევს მიხაილო სამუსი.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ 1936 წლის მონტრეს საერთაშორისო კონვენცია ზღუდავს ნატოს ქვეყნების საქმიანობას შავ ზღვაში. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით, უცხოეთის გემებს მხოლოდ 21 დღის განმავლობაში შეუძლიათ შავი ზღვის აუზში ყოფნა.

თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატო ჯერჯერობით სრულად ვერ იყენებს მონტრეს კონვენციით დაწესებულ ლიმიტებს.

„ნატომ უნდა მიაღწიოს ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების მუდმივ ყოფნას შავ ზღვაში. ხაზს ვუსვამ, რომ აქ ვგულისხმობ არაშავიზღვისპირა ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდების მუდმივ ყოფნას. კერძოდ, უნდა მოხდეს ისე, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და სხვა ქვეყნების ხომალდები შავ ზღავში იმყოფებოდნენ მონტრეს კონვენციით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მაგრამ როტაციის პრინციპით“, - აცხადებს მიხაილო სამუსი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნატოს მიერ ასეთი სარდლობის შექმნა რადიკალურად შეცვლიდა არსებულ ვითარებას და შეამცირებდა სამხედრო ძალთა დისბალანსს შავ ზღვაში.

ეს დისბალანსი კი რუსეთს შემდგომი აგრესიული მოქმედების მადას უხსნის.

2018 წლის 25 ნოემბრის ინციდენტმა, კერძოდ, ქერჩის ყურეში - საერთაშორისო წყლებში - უკრაინულ გემებზე რუსეთის ხომალდების თავდასხმამ აჩვენა, რომ დიდია იმის ალბათობა, რუსეთმა იოლად მოახდინოს ოდესისა და სხვა პორტების ბლოკირება შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და საერთოდ ჩაუკეტოს შავ ზღვაზე გასასვლელი უკრაინას.

ამ დისბალანსის შესამცირებლად უკრაინამ, თავის მხრივ, დაიწყო რამდენიმე პროექტის ამოქმედება აშშ-ის დახმარებით. უკრაინული მედიის თანახმად, საუბარია სხვადასხვა მოდიფიკაციის, მათ შორის Mark VI-ის კლასის თანამედროვე მოდიფიკაციის ორი სარაკეტო კატარღის შეძენაზე.

ასევე 2021 წელს უკრაინა აშშ-ისგან შეიძენს “Islamd“-ის კლასის სამ საპატრულო კატარღას, რომლის მართვისა და მომსახურების კურსების გასავლელად ჩავიდნენ უკრაინელი მეზღვაურები 12 იანვარს აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში.

დიდი ბრიტანეთის დახმარებით იგეგმება ასევე შავ ზღვაში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ზღვაში წვეთია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნები ფლობენ.

„და, რაც მთავარია, უნდა შეიქმნას ნატოს შავი ზღვის სარდლობა, რათა მუდმივად ხდებოდეს ვითარების შეფასება, მუდმივი მოდელირება და დაგეგმარება შავ ზღვაში თავმოყრილი ძალებისა და საშუალებების გამოსაყენებლად“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

ნატოს შავი ზღვის სარდლობის შექმნაზე საუბარი ჯერჯერობით მხოლოდ ექსპერტების წრეში მიმდინარეობს.

ბრიუსელში კი მხოლოდ მინიშნება კეთდება.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი შავი ზღვის რეგიონში ზრდის სამხედრო ძალებს, აუცილებელია კიდევ უფრო გაძლიერდეს რეგიონში ნატოს ყოფნა, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, შარშან, დეკემბერში, ალიანსის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ მხრივ ძალიან საყურადღებოა შავ ზღვაში წელს პირველად გამართული საზღვაო მანევრის სცენარი.

როგორც აშშ-ის მე-6 ფლოტის სარდლობის ცნობაშია ნათქვამი, საესკადრო ნაღმოსანი ხომალდი „დონალდ კუკი“ 23 იანვარს დაადგა გზას ხმელთაშუა ზღვიდან შავი ზღვის მიმართულებით რამდენიმე სასწავლო ამოცანის შესასრულებლად, მათ შორის, სრულყოფილი საჰაერო თავდაცვითი პროცედურების გამოყენებით აშშ-ის გემების უკეთ დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG