Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო მეტი რუსული რაკეტის მოლოდინში


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ დასავლეთის ალიანსი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ მის საზღვრებთან შეიძლება იხილოს უფრო მეტი რუსული რაკეტა, თუ მოსკოვი საბოლოოდ იტყვის უარს საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულებით (INF) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

არადა იმედი იმისა, რომ რუსეთი დაიცავს ამ ხელშეკრულებას, - თითქმის არ არსებობს.

ყოველ შემთხვევაში, ეს იმედი აშშ-ს უკვე გადაეწურა.

ჩვენ უკვე დავიწყეთ დაგეგმვა სიტუაციისა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების გარეშე და უფრო მეტი რუსული რაკეტის პირობებში.
იენს სტოლტენბერგი

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1 თებერვალს გამოაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების არაერთგზის დარღვევის გამო, ვაშინგტონი იწყებს INF-დან გასვლის 6-თვიან პროცესს.

მოსკოვის პასუხმა არ დააყოვნა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 თებერვალს გამოაცხადა, რომ მოსკოვი გადის ხელშეკრულებიდან და დაიწყებს მუშაობას იარაღის ახალ ტიპზე, რომელიც დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ აკრძალვებს.

რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი შექმნის ორი ტიპის ახალ სარაკეტო სისტემებს ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ საეტაპო ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის დაგეგმილ გასვლაზე საპასუხოდ.

კერძოდ, 2020-2021 წლებში რუსეთმა უნდა „განავითაროს საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ კომპლექსის სახმელეთო ვარიანტი გრძელი რადიუსის ფრთოსანი რაკეტებით“ და ამავე პერიოდში შექმნას „სახმელეთო კომპლექსი შორი რადიუსის ჰიპერბგერითი რაკეტით“.

რუსეთის ეს ნაბიჯი დასავლეთში აღიქვეს როგორც კრემლის მცდელობა, უბიძგოს ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს ახალი გამალებული შეიარაღებისკენ. ამ საფრთხეზე ბევრი საუბარი იყო თებერვლის შუა რიცხვებში, მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც რუსეთის მიერ გამოცხადებული სამხედრო მოდერნიზების ამბიციური გეგმები დასავლეთის ალიანსის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ გამოცხადდა.

ცხადია, ძველი მოწინააღმდეგის „თამაშში დაბრუნება“, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გევინ უილიამსონმა უწოდა კრემლის მიერ ცივი ომის პერიოდში დადებული ხელშეკრულებიდან გასვლას, - ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.

როგორც ცნობილია, 1987 წლის 8 დეკემბერს, მაშინდელი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ის პრეზიდენტების, მიხაილ გორბაჩოვისა და რონალდ რეიგანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება მხარეებს უკრძალავს 500-დან 5500-მდე კილომეტრი რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ფლობას, წარმოებასა და განთავსებას.

ვაშინგტონმა 2 თებერვალს დაიწყო INF-დან (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) გასვლის პროცესი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე დაადანაშაულეს მოსკოვი ხელშეკრულების დარღვევაში.

„თუ რუსეთი არ დაიცავს შეთანხმებას, მაშინ, ცხადია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ დაგეგმვა სიტუაციისა, რომელშიც შეიძლება აღმოვჩნდეთ საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების გარეშე და უფრო მეტი რუსული რაკეტის პირობებში“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა 1 მარტს რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

თავად მე პატარა ქვეყნის, ნორვეგიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ 1949 წელს, როდესაც ნორვეგია ნატოში გაწევრიანდა, არავის, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის სამყაროში, არ უთქვამს, რომ „არა, არც რუსეთს და არც საბჭოთა კავშირს არ სურს ნორვეგიის გაწევრიანება, ამიტომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნორვეგიის ალიანსში გაწევრიანებაზეო.
იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი პარასკევს იმყოფებოდა სოფიაში, სადაც აღინიშნა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების მე-15 წლისთავი. ალიანსი, რომელიც დააკვირდება სიტუაციას, იმოქმედებს თვადაცვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ აპირებს განათავსოს ევროპაში მიწისზედა ბაზირების ახალ ბირთვული რაკეტები, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

შეკავება, თავდაცვა, დიალოგი და გაფართოვება

ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე, რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის, კრემლის მიერ ახლო სამეზობლოში აპრობირებული ჰიბრიდული ომებისა თუ სეპარატიზმის აგრესიული მხარადჭერის პირობებში, ნატოს სტრატეგია უცვლელი რჩება. „რუსეთისადმი ჩვენი პასუხი ეფუძნება კარგად აპრობირებულ მიდგომას, რომელიც მდგომარეობს შეკავებაში, თავდაცვასა და დიალოგში“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ „ალიანსის ერთიანობა და სიმტკიცე - ქმნის საფუძველსაც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის გზით დაძაბულობის შემცირებისათვის.“

უფრო ადრე ყოველთვის დიპლომატიურმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მიმართავს „ზომების ფართო სპექტრს“, რათა მოახდინოს რეაგირება რუსეთის მიერ INF-ის (ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ) შეთანხმების სავარაუდო დარღვევაზე.

ალიანსში ცხადია, ჯერ ვერ ამბობენ, თუ რა იქნება ეს ზომები. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი, ავტოკრატი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იღებს, ნატოში გადაწყვეტილების მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, ანუ სრული კონსენსუსი სჭირდება.

თანაც, ალიანსისათვის ყოველთვის წინა პლანზე დგას ფასეულობები, რასაც 70 წლის ისტორიის მქონე ორგანიზაცია ეფუძნება.

„მთელი ის იდეა, რომ ჩვენ (ნატომ) სხვა ქვეყნებს უნდა ვუკარნახოთ და თავს მოვახვიოთ გადაწყვეტილებები, სრულიად ეწინააღმდეგება იმ ფასეულობებს, რომელიც ალიანსის საფუძველს წარმოადგენს“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ფართო სპექტრის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის ბირთვულ იარაღში და ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა ჯერ მეზობელი უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია.
იენს სტოლტენბერგი

ამ კონტექსტში იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიური ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა კავშირი თავის დროზე, მეზობელი ნორვეგიის ნატოში გაწევრიანებას.

„თავად მე პატარა ქვეყნის, ნორვეგიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ძალიან მიხარია, რომ 1949 წელს, როდესაც ნორვეგია ნატოში გაწევრიანდა, არავის, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის სამყაროში, არ უთქვამს, რომ „არა, არც რუსეთს და არც საბჭოთა კავშირს არ სურს ნორვეგიის გაწევრიანება, ამიტომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნორვეგიის ალიანსში გაწევრიანებაზეო. არა, ნატო მიესალმა ამას, რადგან ეს იყო ნორვეგიის სუვერენული გადაწყვეტილება,“ - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი და დასძენს, რომ ალიანსი კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს კონკრეტული ქვეყნის არჩევანზე და ალიანსის გადაწყვეტილებაზე.

„არაერთხელ მინახავს, როდესაც, მაგალითად რუსეთი პროვოკაციას უწოდებდა მაკედონიისა და მონტენეგროს გაწევრიანებას ნატოში, ეს ისეთივე მესიჯია, რომელიც ისმოდა, ბულგარეთისა და ბალტიის ქვეყნების გაწევრიანების დროს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და მსგავს მიდგომას უწოდა ძალიან სახიფათო. "რადგან იგი ეფუძნება იდეას, რომ ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიც რუსეთია, უფლება აქვთ გადაწყვიტონ, თუ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს პატარა მეზობლებმა. ასეთია გავლენის სფეროების შესახებ არსებული კონცეფციის იდეა. ჩვენ არ გვინდა ასეთი სამყარო“.

ეს უარყოფა ნატოს მხრიდან გამოიახატება არა სიტყვაში, არამედ საქმეში.

აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გარდა, ნატო სულ უფრო აქტიურად ეხმარება უკრაინას, რომლის ხელისუფლებამ დახმარებისათვის მიმართა ალიანსს.

რუსეთმა 2014 წელს უკანონოდ მიითვისა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული. ის აიარაღებს და აფინანსებსააღმოსავლეთ უკრაინელ სეპარატისტებს, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს აკონტროლებენ. აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთწლიანი კონფლიქტის განმავლობაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დეტალები არ გაუმხელია, მაგრამ რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ალიანსის სამხედრო ყოფნა უკვე გაძლიერდა შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონში. „ჩვენ ეს გავაკეთეთ, რადგან ვხედავთ რუსეთის სამხედრო ძალის მნიშვნელოვან გაძლიერებას, ვხედავთ, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ფართო სპექტრის შეიარაღების სისტემებში, მათ შორის ბირთვულ იარაღში და ჩვენ რეალობაში ვხედავთ, რომ რუსეთმა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინა ჯერ მეზობელი უკრაინის ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაცია,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ჩვენ რადიოსთან ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG