Accessibility links

ნატო-საქართველო: რა დგას რუსეთის მუქარის უკან?


  • რუსეთს აღელვებს ნატოს საიუბილეო სამიტი, რომელსაც დეკემბერში ლონდონი უმასპინძლებს;
  • რუსეთს აშფოთებს საქართველოს ნატოში დაჩქარებული ტემპით გაწევრიანების ალბათობა;
  • რუსეთი ამერიკისა და ნატოს ინტერესების კონტექსტში განიხილავს ანაკლიის პორტის საკითხს;
  • რუსეთი ემუქრება საქართველოს მთავრობას: ნატოში გაწევრიანება „დამღუპველად იმოქმედებსო“;
  • რას უკავშირდება რუსეთის მკაცრი ტონი და მუქარა?
  • რა პასუხი აქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას?

რუსეთის პოზიცია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჩამოაყალიბა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, პრაღაში, საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ. ინტერვიუში დასმულ აქცენტებს ფართო დისკუსია და მსჯელობა მოჰყვა როგორც პოლიტიკურ, ასევე ანალიტიკურ წრეებში.

რუსეთმა - ნატო ხელს მიშლის საქართველოსთან ურთიერთობებშიო

კარასინის ხედვა ასეთია: რუსეთი და საქართველო საერთო ენის გამონახვას ცდილობენ, ურთიერთობებს ალაგებენ, რუსი ტურისტები საქართველოსკენ იწევენ, სულ უფრო მრავლდებიან, ხოლო ნატო ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება.

„რაც უფრო ვშორდებით სააკაშვილის პერიოდის მტრობისა და კონფრონტაციულობის ჩიხს, თავს ვაღწევთ ყველა სიძნელეს და ვამყარებთ ნორმალურ ურთიერთობას ადამიანებსა და ხალხებს შორის, მით უფრო მეტად იგრძნობა ნერვიულობა ვაშინგტონსა და ბრიუსელში, მხედველობაში მაქვს - ნატოში. და ასეთი წინააღმდეგობრიობა რაღაცნაირად უნდა გადაიჭრას“.

გრიგორი კარასინს, ე.ი. - მოსკოვს, აშფოთებს, რომ:

  • ნატოში საქართველოს თავისიანად თვლიან;
  • გაწევრიანების მომხრეები გააქტიურდნენ;
  • ისინი ემზადებიან ნატოს დეკემბრის სამიტისთვის;
  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (მაიკ) პომპეო ღია განცხადებას აკეთებს, რომ საჭიროა ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება;
  • ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე.

ჩანს, რომ მოსკოვი შეაშფოთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებამ, როცა მან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტ ტრამპისა და მთელი მთავრობის სახელით.

მოსკოვი ასევე ნატოს კონტექსტში განიხილავს იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმართ; ხოლო რუსეთსა და ჩინეთს საქართველოს მოჩვენებით მეგობრებად მოიხსენიებს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რომელიც ჩვენ ხელს გვაძლევს", - უთხრა რადიო თავისუფლებას გრიგორი კარასინმა.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტისთვის, ბათუ ქუთელიასთვის ცხადია, რომ რუსეთი გააღიზიანა ვაშინგტონის მკაფიო გზავნილებმა:

  • საქართველო უნდა გაწევრიანდეს ნატოში;
  • საქართველო უნდა იყოს დასავლეთის ეკონომიკურ-პოლიტიკური სივრცის ნაწილი.

„კარგად გამოჩნდა, რომ ეს საკითხები ჩვენს რეგიონში აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს... ეს იმდენად დასანახი გახდა რუსეთისთვის, რომ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ ასეთი განცხადებები... რუსეთი ვერ ეგუება იმას, რომ საქართველოს შეიძლება ჰქონდეს თავისი სუვერენული არჩევანი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბათუ ქუთელიამ.

„როდესაც კარასინი რაიმეს წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია მშვიდად დავასკვნათ, რომ სწორედ ის არის კარგი საქართველოსთვის“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგა ბოკერია. მისი თქმით:

  • საქართველოს ნატოში გაწევრიანება ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა დაამხოს;
  • ნატოში გაწევრიანებული საქართველოს თავისუფლებას ვეღარ დაემუქრებიან რუსეთიდან;

ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით „ჩვენ არ გვყავს მთავრობა, რომელიც ამ გზაზე იმოქმედებს თანმიმდევრულად და გააზრებულად“.

რუსეთის მუქარა და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია

შეიძლება ითქვას, რომ გრიგორი კარასინის განცხადებებს „ქართულ ოცნებაში“ რეაქციები არ გამოუწვევია. გაკეთებული განცხადებების შინაარსი ერთ საერთო მესიჯს გამოხატავს - ნატო საქართველოს უცვლელი არჩევანია.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსეთთან არც ქედის მოხრაა მოსაწონი და არც ზედმეტი ბაქიბუქი. მთავარია პარტნიორებთან მუშაობა და სწორი გზით სიარული.

„ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ზოგადად - ნატო არის ის მოკავშირე, რომელიც ალტერნატივაა იმ საფრთხეებისა, რაც რუსეთიდან ისედაც მოდის, რა პოლიტიკაც არ უნდა გვქონდეს მის მიმართ“.

„კარასინს აქვს კრემლის ნარატივი. ახალი არაფერი არ უთქვამს. არც ველოდებით უახლოეს მომავალში, რომ რუსული ნარატივი ნატოსთან ან საქართველოსთან მიმართებით შეიცვლება“, - აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

ის ფიქრობს, რომ რუსეთი შეგუებულია და თუ ჯერ არა, მაშინ უნდა შეეგუოს, რომ: „დიახ, საქართველო გახდება ნატოს წევრი. დიახ, რუსეთს მოუწევს თავისი ჯარების გაყვანა და საქართველოს დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“.

პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას, რომ გრიგორი კარასინთან მისი საუბარი ნატოს თემით რუსეთის გაღიზიანებასაც შეეხო; მეტიც:

  • ნატოსა და საქართველოს ურთიერთობით შეშფოთებაზე კარასინი პრაღის ფორმატის თითქმის ყველა შეხვედრაზე ლაპარაკობს;
  • მიუხედავად იმისა, რომ ნატო არ არის პრაღის ფორმატის დღის წესრიგით განსახილველი საკითხი.

ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ გრიგორი კარასინის სიტყვებში მუქარა იკვეთება და ამას შემდეგ სხვა ქმედებებიც მოჰყვება.

ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ „რუსეთი შეეცდება ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის სხვადასხვა ფორმით - ღია და არცთუ ისე ღია ფორმით, რათა უარი ათქმევინოს ნატოზე“.

  • რუსეთს ასეთი ტონით საუბრის უფლებას აძლევს საქართველოს მთავრობის დათბობისა და არგაღიზიანების პოლიტიკა;
  • რუსეთი კომფორტულად გრძნობს თავს "კარასინი-აბაშიძის ფორმატის" ფარგლებში, რადგან წარმოაჩენს თავის განსაკუთრებულ როლს;
  • რუსეთი ზრდის მასზე საქართველოს ეკონომიკურ და ფინანსურ დამოკიდებულებას;
  • და სწორედ ამ ბერკეტით ცდილობს საქართველოს ხელისუფლების დაშანტაჟებას.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა პროვოკაციებსაც მიმართოს:

„საქართველოს ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრია მოწყვლადი ადგილები, სადაც რუსეთს შეუძლია სხვადასხვა ტიპის პროვოკაციების მოწყობა, მერე ამ პროვოკაციების ესკალაცია და კონფლიქტური სიტუაციის შექმნა. ნატოში გაწევრიანების დაჩქარებასთან ერთად გაიზრდება რუსეთიდან მომავალი საფრთხე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაალ ანჯაფარიძემ.

თუმცა, მისი თქმით:

  • უსაფრთხოების თვალსაზრისით ნატოს ალტერნატივა არა აქვს;
  • მხოლოდ ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში დარჩება საქართველოს იმის შანსი, რომ მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები;
  • საფრთხეების შემცირების ერთადერთი გზაა აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ნატოს „სახიფათო“ სამიტი და საქართველოს პერსპექტივა

სამიტი, რომელიც ასე აშფოთებს რუსეთს, 3-4 დეკემბერს ლონდონში ჩატარდება. ეს იქნება ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების მორიგი შეხვედრა, რომელიც ალიანსის 70-ე იუბილეს ემთხვევა.

ჯერჯერობით უცნობია, რის მოთხოვნას აპირებს საქართველო და რას მიიღებს საპასუხოდ ლონდონში.

ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ ლონდონის სამიტზე საქართველომ თავისუფლად შეიძლება მოითხოვოს მოლაპარაკებების დაწყება ნატოში გაწევრიანების შესახებ, რადგან „ამერიკის პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში ბევრს ლაპარაკობენ ნატოში საქართველოს დაჩქარებული ტემპით გაწევრიანებაზე“.

დაჩქარებული ტემპი გულისხმობს საქართველოს ალიანსში იმგვარი გაწევრიანების შესაძლებლობას:

  • როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში დროებით შეჩერებული იქნება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად აღიქმება;
  • ამ სტრატეგიის თანახმად, მეხუთე მუხლის მოქმედება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებამდე უნდა შეჩერდეს.

თუმცა როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება ბრიუსელიდან, ამ მიდგომას ნატოს დედაქალაქში ნაკლებად იზიარებენ.

ამასთან, ნატოს ლიდერები თუ წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლები არცთუ იშვიათად შეახსენებენ საქართველოს, რომ ალიანსში გასაწევრიანებლად მას აუცილებლად დასჭირდება MAP-ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა).

ლონდონის სამიტზე გარღვევას არ ელოდება ზაალ ანჯაფარიძე, თუმცა მისთვის ხილულია თეთრი სახლის განწყობები, რასაც ქმედებებიც მოჰყვება.

„შეერთებული შტატები შეეცდება გადაარწმუნოს სკეპტიკოსი ქვეყნები და ხელი შეუწყოს საქართველოს, გარკვეული დოზით წაიწიოს წინ ნატოში გაწევრიანების გზაზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG