Accessibility links

საქართველო-ნატო: გზის შემოკლების შანსი


ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი

მოსკოვი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაახლოების გამო და პირობას დებს, რომ კვლავაც აქტიურად შეეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ ამ შინაარსის კომენტარს საქართველოს ხელისუფლება მანამდეც ბევრჯერ გახმაურებული განცხადებით უპასუხებს. შეუძლია თუ არა რუსეთს, რეალურად, დაბლოკოს საქართველოს სწრაფვა, გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში? არსებობს თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანების ალტერნატიული შესაძლებლობა და აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობის გამოყენებას?

please wait

No media source currently available

0:00 0:06:35 0:00
Direct link

რუსელენოვანი საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებს უკავშირდებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა, უარყოფითი განწყობითა და შეშფოთების თანხლებით უპასუხა:

გრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი

„ვხედავთ შეერთებული შტატებისა და ნატოს გააქტიურებას საქართველოში. ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ შესამჩნევად გააქტიურდა შეიარაღების მიწოდება. ვხედავთ, რომ ვაზიანი საქართველოს რეგულარული არმიისთვის საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გარდაიქმნა. ეს იწვევს როგორც ჩვენს, ასევე ჩვენი მეზობლების შეშფოთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. თავის მხრივ, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა რეგიონის გარეთა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გაართულონ ის სიძნელეები, რაც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან. რუსეთმა და საქართველომ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები და პოზიტიურ დღის წესრიგზე იფიქრონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, კომენტარს ზოგადი განმარტებებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა მანამდეც არაერთხელ ნათქვამი სიტყვები, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა მხოლოდ ამ ორი მხარის საქმეა და სხვას არავის ეხება:

2018 წლის 31 იანვარს ბრიუსელში გაიმართა იენს სტოლტენბერგისა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა
2018 წლის 31 იანვარს ბრიუსელში გაიმართა იენს სტოლტენბერგისა და მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა

„საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია თავისი სუვერენული საგარეო პოლიტიკა. ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს - ჩვენ ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობა, სტაბილურობა, მეტი შესაძლებლობები რეგიონში მშვიდი განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა ქმედება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“.

გრიგორი კარასინის განცხადებებში ახალი ვერაფერი დაინახეს ანალიტიკოსებმა და არც ის უკვირთ, რომ რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალყურს როგორც საქართველოსა და ნატოს, ასევე საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავებას. თუმცა, მრავალი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთვისაც ცხადია, რომ რუსეთი კვლავაც შეეცდება ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და კრემლი ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს, რადგანაც ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზაა:

„რუსეთი არაფერს სთავაზობს საკუთარ მეზობლებს გარდა ვასალობისა. საქართველოსთან მიმართებით კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დეკლარირებული გვაქვს ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკა, ამ პროცესშიც კი, გარდა სავაჭრო-ეკონომიკური რაღაც გარკვეული შედეგებისა, რეალურად, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთი მზად არ არის წამოვიდეს რაიმე დათმობაზე საქართველოსთან... ეს კი, საქართველოს კიდევ უფრო უძლიერებს იმ აღქმას, რომ ქვეყანამ ორმაგად უნდა გააძლიეროს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა. ერთადერთი შანსია, რომ, თუ საქართველო გაწევრიანდება ნატოში და ევროკავშირში, მაშინ მოახერხოს რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო“.

კორნელი კაკაჩია
კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია საყურადღებოდ მიიჩნევს 29 იანვარს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ (The Heritage Foundation) ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვრცელ გამოკვლევას, რომელშიც საგარეო პოლიტიკის ალისონის ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი, კონკრეტულ ფაქტებსა და მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ლაპარაკობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების აუცილებლობაზე. სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ინტერესებში შედის. ლუკ კოფი ამ ნაშრომში განიხილავს საქართველოს ალიანსში იმგვარი გაწევრიანების შესაძლებლობას, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიების შემთხვევაში დროებით შეჩერებული იქნება ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს. ამ სტრატეგიის თანახმად, მეხუთე პუნქტის მოქმედება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებამდე უნდა შეჩერდეს.

ამ ალტერნატიულ გზას სწრაფ გზადაც განიხილავს ბევრი ექსპერტი, თუმცა მათ არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავთ. მოწინააღმდეგეთა პოზიციით, შესაძლოა ასეთი მიდგომით გარკვეული საფრთხე შეექმნას სამომავლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. თუმცა ამას ფუჭ შეშფოთებად მიიჩნევს კორნელი კაკაჩია. მის მსგავსად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ე.წ. მოკლე გზის მომხრეთა შორის ვხვდებით "რონდელის ფონდის" უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ელჩ ვალერი ჩეჩელაშვილსაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ძველი საკითხი ახლებური ძალით გააქტუალურდა და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს :

აქ არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი, აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და, ასევე, ალიანსის მხრიდან და რომლებსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე...
მიხეილ ჯანელიძე

„ამ თემაზე, დიდი ხანია, ლაპარაკობენ ექსპერტები. უკვე რამდენიმე წელიწადია, ამ შესაძლებლობას განიხილავენ, მაგრამ ასე კარგად ჩამოყალიბებული და გაშლილი სახით ამერიკელების მხრიდან მე ჯერ არ მინახავს. ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და მე ვფიქრობ, რომ ამ გზავნილში ჩადებული პოტენციალი ჩვენ აუცილებლად უნდა ამოვწუროთ... ეს სრულ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პოზიციასთან, რადგან ჩვენ ღიად გვაქვს გაცხადებული წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, რომ ჩვენ არ მოვახდენთ ჩვენი რეგიონების დეოკუპაციას სამხედრო წესით და არ გამოვიყენებთ ძალას ამის გასაკეთებლად. შესაბამისად, ეს სრულ თანხვედრაშია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ პოზიციასთან“.

მიუხედავად იმისა, რომ, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის რწმენით, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გაანალიზებული გზა წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს გაცხადებულ მიზნებთან, ამ გზაზე საუბარს თავი აარიდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო უკვე შერჩეული გზით ივლის:

„აქ არანაირ ალტერნატიულ სცენარებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საქართველოს აქვს განსაზღვრული კონკრეტული ხაზი, აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მხრიდან და, ასევე, ალიანსის მხრიდან და რომლებსაც ჩვენ მივყავართ წევრობამდე“.

გავრცელებული ინფორმაციით, "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" წარმომადგენლის, ლუკ კოფის, გამოკვლევის პრეზენტაცია თბილისში 8 თებერვალს ავტორის ჩართულობით გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ელოდებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG