Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნენე კვინიკაძის არაზღაპრული მანიფესტი გაეროში - „იყო ერთი გოგოს“ ამბავი გრძელდება


11 მარტს ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW63) 63-ე სესიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც იყო მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძეც - ავტორი ერთ-ერთი ზღაპრისა, მამაც ქართველ გოგოებზე დაწერილი თანამედროვე ზღაპრების კრებულიდან, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელშეწყობით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, გასულ წელს გამოიცა.

​ნენე კვინიკაძემ გაეროში მოკლე, მაგრამ ბევრისმთქველი სიტყვას თქვა: როგორც ამ ღონისძიების მონაწილეს, სურდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა იმის სათქმელად გამოეყენებინა, რაც მისთვის ყველაზე მთავარი სათქმელია:

„ამიტომ, ვეცადე შუშანიკიდან-დემნა გვასალიამდე, ისე როგორც 9 აპრილიდან - ფემიციდის დღევანდელ სტატისტიკამდე 6 წუთში ჩავტეულიყავი. გაეროს შენობაში ბევრი ზღაპარი“ მოყოლილა, მაგრამ ჩვენი ზღაპრები მხოლოდ სტილისტურადაა ზღაპრები, რეალურად კი, ჩვენი მაგარი გოგოებით ინსპირირებული. ერთგვარი მანიფესტებია“.

რატომ გვჯერა ზღაპრების? - იკითხვა ნენემ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან და იმ 6 წუთში ეს ამბავი მოყვა:

ნესტან კვინიკაძის გამოსვლა გაეროში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:54 0:00

ჩვენი ქვეყნის ისტორია გაყალბებულია. ისტორიაში გაბათილებული და სახეცვლილია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ამ მოვლენების მთავარი გმირების სახელები. ჩვენი ქვეყნის სახელს არასწორად წარმოთქვამდნენ და დღესაც განმარტებაა საჭირო იმის ასახსნელად, თუ რომელი საქართველოს წარმომადგენელი ხარ. ჩვენ სხვები გვიზომავდნენ საზღვრებს და დღემდე ვაგრძელებთ მავთულხლართებში ცხოვრებას.

მაშინ, საბჭოთა სკოლაში არ გვასწავლიდნენ, რომ ჩვენ იმთავითვე ევროპის ნაწილი გახლდით. რომ ჩვენი ამბავი შესანიშნავად შეიძლება მოყვეს რაბათის ციხემ, მეჩეთს, სინაგოგას და ეკლესიას ერთ სივრცეში რომ იტევდა. ვიცოდით, რომ მეხუთე საუკუნეში დაიწერა ჩვენი “შუშანიკის წამება”, მაგრამ არ გვეუბნებოდნენ, რომ ის ფემინისტური რომანია. ჩვენთან დაიწერა ვეფხისტყაოსანიც, - პოემა, სადაც ასე საუცხოოდ გაერთიანდა ქრისტიანული მორალი და ისლამური ესთეტიკა. ჩვენში ერთმა პოეტმა და მწერალმა შექმნა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, ის ვინც საკუთარი ძალები დრამატურგიაშიც და საბანკო საქმეშიც, სამეურნეო წინსვლაშიც და პუბლიცისტიკაშიც მოსინჯა. ილია ჭავჭავაძემ ჩვენი იდენტობა განსაზღვრა.

პროპაგანდისტული პოსტერების მიღმა, ჩვენი ისტორიიდან წაშლილია ქალის სახეც, რადგან საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტად, რეალურად ძლიერი ქალების ეშინოდათ.

შიშის მიზეზი ქონდათ. საქართველოში, ქრისტიანობის გავრცელებაც ქალის სახელს უკავშირდება, ყველაზე საინტერესო მეფობის დრო, კი მეფედ წოდებულ ქალ მმართველს. საქართველო იმ პირველ 20 ქვეყანაშია, სადაც არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში ქალები მონაწილეობდნენ. ეს იყო 1918 წელს. ამავე პერიოდში ჩვენ გვქონდა გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა” რომელსაც ჟურნალისტი და ფემინისტი კატო მიქელაძე რედაქტორობდა.

მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ათასობით ქართველი ქალი მონაწილეობდა. მათგან ზოგი სკოლის მოსწავლე იყო. 1978 წელს, როდესაც ქართულ ენას სახელმწიფოებრიობას ართმევდნენ, მრავალათასიანი მიტინგისთვის მოწოდებები პლაკატებზე ქალების პომადებით დაიწერა. როდესაც 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, რუსული ჯარი შემოიჭრა, რუსმა ჯარისკაცებმა ათასობით მშვიდობიანი მომიტინგეს დარბევა დაიწყეს, გამოიყენეს აკრძალული მომწამვლელი გაზი და ქალები ნიჩბებით დახოცეს.

ამ ქალების და გოგონების მსხვერპლმა ჩემ ქვეყანას 70 წლის შემდეგ დამოუკიდებლობა დაუბრუნა. და მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყანა, კატასტროფული ეკონომიკური პრობლემის წინაშე დადგა, ქალებმა გამოიყენეს ყველა ლეგალური და არალეგალური გზა სხვა ქვეყნებში მოსახვედრად, ისინი დათანხმდნენ მძიმე ფიზიკურ შრომას, იმისთვის რომ საკუთარ ოჯახებში ფული გამოეგზავნათ. 90-იან წლებში, საკუთარ ოჯახებში მათ მიერ გამოგზავნილმა ფულმა გადაარჩინა საქართველოს ეკონომიკა. ეს იყო ერთადერთი ფული, რომელიც ქვეყანაში ტრიალებდა.

ჰოდა, საშიშები იყვნენ ქართველი ქალები საუკუნეების წინ, საბჭოთა კავშრის პერიოდში და დამოუკიდებლობის ეპოქაშიც. ალბათ ამიტომაც, დღეს უკვე არა წითელი ტერორის ხელი, - ქმრები კლავენ ცოლებს. ბოლო წლებში ფემიციდის სტატისტიკა, კატასტროფულად დიდია, რაც ოთხმილიონიანი ქვეყნისთვის საგანგაშოა.

ჩვენ გამოსავალს ადრეულ აღზრდაში ვხედავთ. წიგნებში, რომელსაც ბავშვები პირველად შეეხებიან. გადავწყვიტეთ ამ წიგნებში გამქრალი ქალები დავაბრუნოთ. ყველაზე მცირე ასაკიდან მოუყვეთ შვილებს მათი უნიკალურობის და შესაძლებლობების შესახებ.

ესაა გამოსავალი დღევანდელ დღეს. დღეს, როდესაც მართალია შუასაუკუნეების ბურუსს გავცდით, აღარც ფიზიკური ნაკლის მქონე ჩვილებს ვყრით მდინარეში და აღარც ჭლექით დაავადებულებს ვახრჩობთ საბნის ქვეშ. მაგრამ, დღეს ლამისაა აღარ ვენდოთ მედიკამენტების ანოტაციებს. ეჭვის თვალით ვუყურებთ ვაქცინაციებს და ბავშვების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებთ … დღეს, როცა ისე უმნიშვნელოდ ჩამოვსქროლავთ ფეისბუქს და გადავახტებით საშინელი მკვლელობების ამბებს, ომების ქრონიკას. ვსქროლავთ, ვკითხულობთ სასტიკი ამბების ჰედლაინებს და თან კარაქს ვუსმევთ კრუასანს. ჩვენ ვეღარ ვიჯერებთ რეალურ ამბებს. გაუცხოება გვაქვს. სამაგიეროდ, თვალზე ცრემლი გვადგება, როდესაც ფილმში შეყვარებულები შორდებიან ერთმანეთს. განვიცდით, გულს გვიჩქარებს თეატრალურ კოსტუმში გამოწყობილი მსახიობების დანახვა, ვიცით, რომ რამდენიმე საათის წინ, მათ კულისებში გაიკეთეს გრიმი, გამოვიდნენ სცენაზე და გვითხრეს მე ჯულიეტა ვარ, მე - ჰამლეტი და ჩვენც დავიჯერეთ. მაინც გვჯერა. რატომ გვჯერა?

იმიტომ, რომ კინოშიც და თეატრშიც, ეს ზუსტი ინტონაცია, ამბის გადმოცემის ასეთი ფორმა ზღაპარს გვაგონებს. ბავშვობაში გვაბრუნებს. პირველი შთაბეჭდილებები გვახსენდება. ის თავგადასავლები, ის შიშები, ის გამარჯვება, ის ატმოსფერო მუდამ ჩვენთანაა, რადგან რომ დაუკვირდეთ, რეალურად, არაფერი ისე არ გავს ჩვენ ცხოვრებას, როგორც ზღაპარი, თავისი იდუმალებით, სასპენსით, სიძნელეებით, ბრძოლის გარდაუვალობით, მოხუცი მეფეებით, ლამაზი გოგო-ბიჭებით, კეთილებით და ბოროტებით. ჩვენში ამ დაუჯერებელმა ამბებმა განაპირობა ნდობა რეალური სამყაროსადმი. შესაბამისად, თუ ჩვენი შვილების აღქმა და ასოციაციები საწყის ეტაპზე გაიაზრებს, რომ დიდი ვარდისფერი კაბა სულაც არ ნიშნავს წარმატებას და არც ბედნერების გარანტიას იძლევა.. რომ გოგო ზუსტად მაშინაა მოსაწონი, როდესაც ძლიერია, არ ეშინია, საინტერესო წიგნებს წერს, ვერტმფრენს მართავს და ომებს იგებს, მაშინ ნაკლები ენერგიის დახარჯვა მოგვიწევს ასე რთულად აღქმულ სიმარტივეზე.

აი, ამიტომ, ზღაპრებში ჩვენ მაგარ ქალებს ვაბრუნებთ.

მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესოა ჩვენი შვილებისთვის. დედებმა ყოველთვის იციან რა ჯობია შვილებისთვის, მაშინაც კი, როცა ძალიან მძიმეა მოცემულობა. აი მაგალითად, ჯონათან ლითლი თავის შესანიშნავ რომანში THE KINDLY ONES წერს: მეორე მსოფლიო ომის დროს, დასახვრეტთა რიგში მდგარმა დედამ, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ახლდა, გერმანელ ჯარისკაცს სთხოვა, - გემუდარებით, ბავშვებს ისე ესროლეთ, რომ იმ წამსვე მოკვდნენ. არ იტანჯონო… დედა მაშინაც საუკეთესოს ირჩევდა შვილებისთვის.

ჩვენ ქვეყანაში, ისე როგორც სხვაგან, ბავშვების უმრავლესობას ბევრი რამ აკლია. მე და ჩემ კოლეგებს არ შეგვიძლია სიღარიბის დაძლევის პროგრამა შევადგინოთ. ჩვენ შეგვიძლია ვწეროთ. ვწეროთ ზღაპრები, რომლებსაც ან დედა მოგიყვება, ან ვიღაც, ვისაც დედასავით უყვარხარ.

ამ ზღაპრების ავტორების უმრავლესობა, მეტწილად, ერთი თაობისაა. ჩემი თაობა უფრო იღბლიანი აღმოჩნდა. ჩვენ გავიაზრეთ, რომ ყველგან, სადაც მოხვდები, თან შენი ნამდვილი ამბავი უნდა წაიღო. შენი ამბები მოყვე. რადგან ამბავი, თუ გულწრფელად და საინტერესოდაა ის მოყოლილი, მსმენელს იპოვის.

ჩემმა თაობამ, დროს, რომელიც თინეიჯერობისას წელში გვტეხდა, ევროპას და დანარჩენ სამყაროს ხელოვნურად გვაშორებდა, იმ დროს, თითქოს, სამაგიერო გადავუხადეთ, - ის ტკივილები ლიტერატურულ და კინო ამბებად ვაქციეთ. დღეს, 1990-იანი წლები ჩვენთვის ის მდიდარი მედიუმია, რომელიც არ ილევა. გადავყოფთ ხელს და დაუჯერებელ ამბებს ამოვაყოლებთ, გნებავთ გრძელს, გნებავთ მოკლეს, ძალიან სასაცილოს და სასტიკად მტკივნეულს.

ამ თემებზე ლაპარაკით დავიცალეთ და ყურადღებაც მივიქციეთ. ამ ამბებს დააშენეს თავიანთი შემოქმედება მაგალითად ნინო ხარატშვილმა, დღეს უკვე ევროპაში სახელგანთქმულმა ქართველმა მწერალმა და ამ ტრავმებზე რეფლექსიაა ბალენსიაგას სახლის ხელმძღვანელის ასევე ქართველის დემნა გვასალიას ვეტმონ.

და ბოლოს, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ მსოფლიოში ყველაზე სერიოზულ პლათფორმაზე და ეს შეხვედრა ზღაპრების კონტექსტშია მოქცეული. თუ ეს ასეა, მიიღეთ ჩემი სიტყვა, როგორც მაგალითად, სავარცხლის სროლა გამოუვალი სიტუაციის ჟამს. ზღაპრის ყველა წესის დაცვის მიხედვით ამ სავარცხელმა რაღაც უნდა შეცვალოს“.

„იყო ერთი გოგოს“ ამბავი, შეიძლება ითქვას, ზღაპრულად გრძელდება - ნენე კვინიკაძემ რადიო თავისუფლებას ისიც უთხრა, რომ ეს წიგნი გუშინ საღამოს სხვა ქვეყნებისთვისაც იქცა ინსპირაციად:

ირანის წარმომადგენელი იდეით დაინტერესდა, ინდუსმა გოგონამ მითხრა, ამ ტიპის წიგნის პროექტზე ვმუშაობ და რეკომენდაცია და დახმარება ითხოვა. გამოითქვა სურვილი, რომ იყო ერთი გოგოს კრებული არა მხოლოდ ქართულად და ინგლისურად, სხვა ენებზეც ითარგმნოს. და ლოგიკურიცაა, ზღაპარი ყველას თავის ენაზე ჭირდება. ვულოცავ ჩემ კოლეგებს, ზღაპრების ავტორებს იმ ზუსტ ადგილას მოხვედრას, რაც კიდევ უფრო წაადგება საერთო საქმეს“, - ამბობს ნენე კვინიკაძე.

ზღაპრების ეს კრებული „იყო ერთი გოგო“ - გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით გამოიცა და მასში თავმოყრილია ზღაპრები იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი კვალი დატოვეს.

„იყო ერთი გოგო“ - ზღაპრები ქალებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00

12-მა მწერალმა კრებულისათვის 21 ზღაპარი დაწერა. მათი ზღაპრების მთავარი პერსონაჟები არიან როგორც ყველასთვის ნაცნობი, ისე ნაკლებად ცნობილი ქალები: კოლხი მედეა, მარო მაყაშვილი, ანა ბაჯი, მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე, ქამრიანი სონა და სხვები. ზღაპრები გვიყვება მათ სიმამაცეზე, მიზანდასახულობაზე, სიბრძნეზე, კეთილშობილებასა და სამართლიანობისთვის ბრძოლაზე. ზღაპრების ავტორები არიან ალექს ჩიღვინაძე, დათო ტურაშვილი, დიანა ანფიმიადი, ეკატერინე ტოგონიძე, თეა თოფურია, თეონა დოლენჯაშვილი, მაია სარიშვილი, მაკა ლდოკონენი, ნესტან ნენე კვინიკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ტორესა მოსი და პაატა შამუგია. კრებული დასურათებულია სპეციალურად წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციებით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG