Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეონაცისტები სამართალდამცავთა ყურადღებას იპყრობენ


პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 13 მაისს
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია 13 მაისს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეონაცისტური ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს. საქმე ეხება 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა მიმართ გამოთქმულ მუქარის შემცველ განცხადებებს. ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდა. ომბუდსმენმა სამართალდამცავებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა და, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განსხვავებით, მხოლოდ მუქარის ფაქტებით არ შემოფარგლულა.

გადმოწერა

სახალხო დამცველის განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ადგილი ჰქონდა არა მარტო ძალადობით მუქარას, არამედ ასევე ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის ოპერატორისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და ფიზიკური დაპირისპირების შესახებ. ფაქტია ისიც,რომ ნეონაცისტური დაჯგუფების ხელმძღვანელმა გიორგი ჭელიძემ აქციაზე განაცხადა, რომ იწყებენ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას. ამას გარდა, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლები იმუქრებოდნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევით და არსებობს იმის ვიდეოკადრებიც, როგორ გაარტყა სახეში ამ აქციის ერთ-ერთ მონაწილე ქალს კონტრაქციის აქტივისტმა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოავლინოს 13 მაისის კონტრაქციის დროს ჩადენილი ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება დამნაშავე პირთა გამოვლენისა და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. აქციის შემდეგ დაკავებული გიორგი ჭელიძე, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ხელმძღვანელი, და „შავპერანგიანთა“ ასეულის მეთაური თორნიკე ვაშაკიძე პოლიციამ 6-საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. ხვალ კი, 17 მაისს, ნეონაცისტური მოძრაობა კიდევ ერთი აქციის გამართვას „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით აპირებს.

ნეოფაშისტური ჯგუფები საქართველოში, ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის დაკვირვებით, დაახლოებით 2-3 წელია გამოჩნდნენ და საკმაოდ აქტიურადაც, თუმცა მათი მიზნები და საქმიანობა სათანადოდ არ არის შესწავლილი:

გიორგი მაისურაძე
გიორგი მაისურაძე

“ამ თემით რეალურად არავინ სერიოზულად არ დაინტერესებულა - არც ანალიტიკოსი, არც მკვლევარი, არც პოლიტიკოსი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყოველთვის დამოკიდებულებაა ასეთი: „ეგენი ვინ ყრიან“. და არ არის სწორი დამოკიდებულება, პრინციპულად არასწორი დამოკიდებულება მგონია. განსაკუთრებით კიდევ იმიტომაც, რომ ისინი ელაპარაკებიან ხალხს, უშუალო კავშირში არიან მასებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გატანჯულნი არიან უმუშევრობით, სოციალურ-ეკონომიკური ჩაგვრით, საზოგადოებისგან დისტანცირებით და ადვილად შეუძლიათ მათ ასეთ ხალხზე გავლენა მოიპოვონ“.

ვის უნდა აძლევდეს ხელს ნეოფაშისტური ორგანიზაციების გაძლიერება, როგორ იქმნებიან და ფინანსდებიან ისინი - ამ საკითხებით, გიორგი მაისურაძის აზრით, უნდა ინტერესდებოდეს სახელმწიფოც, თუმცა ეს ასე არ არის. რაც შეეხება კონკრეტულად „საქართველოს ეროვნულ ერთობას“, იგი ოფიციალურად ორ წელზე მეტია არსებობს, ჰყავს მეთაური, მწიგნობართუხუცესი, სამწიგნობრო, აქვს თავისი სიმბოლოები, სამოქმედო გეგმა, წევრის ქცევის კოდექსი და ქვეყანაში „მენტალურად ქართული მსოფლმხედველობის“ გატარებას უჭერს მხარს. ორგანიზაციის წევრის ქცევის კოდექსის თანახმად, მაგალითად, დაუშვებელია ლოთობა, სასურველია სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება, ისეთი ნარკოტიკის მიღებისგან თავის შეკავება, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, ანუ ორგანიზაციის წევრს არა აქვს უფლება ზიანი მიაყენოს საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობას, რადგან „იგი რასისა და ერის საკუთრებაა“. რაც შეეხება რასას, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ დაუშვებელია რასობრივი აღრევა და ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები, რომანტიული გრძნობების აფიშირება ორგანიზაციის შეკრებებზე, ჭორაობა პირად ცხოვრებაზე, რაც არ ეხება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს და სხვა. „საქართველოს ეროვნული ერთობის“ ქცევის კოდექსის მე-6 პუნქტი კი ორგანიზაციის წევრებს, „შავპერანგიანებს“, უწესებს: „არ დაინდო შენი ერის მტრები და მოღალატეები. არ იმეგობრო მათთან - გახსოვდეს, სამშობლოს მტრები და მოღალატეები შენი ყველაზე დიდი მტრები არიან“. ასეთ პოტენციურ მტრებად დასახა ორგანიზაციამ 12-13 მაისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები და მათ „ბრუტალური“ პასუხით დაემუქრა.

„ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო გვარდიის რაზმების ჩამოყალიბებას, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო. შეიქმნება ათეულები, ასეულები და ა.შ. დღის წესრიგი ვერ უნდა გვიკარნახონ ნარკომოვაჭრეებმა და ლგბტ პირებმა. დღის წესრიგი უნდა შევადგინოთ ჩვენ“, - ეს სიტყვები მოძრაობის ლიდერმა გიორგი ჭელიძემ 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის წევრთა მისამართით წარმოთქვა.

„საქართველოს ეროვნული ერთობა“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით დარეგისტრირდა 2016 წლის 2 ნოემბერს. რეგისტრაციის დროს არ არსებობდა მისთვის უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქმიანობის მიზნების ვრცელ ჩამონათვალში არსად იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება მითითებული, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ განმარტებაში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება, კანონის თანახმად, სასამართლომ უნდა მიიღოს და მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ექნება საჯარო რეესტრს მისთვის რეგისტრაციის გაუქმების უფლება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე კი აზუსტებს, რომ გამოძიება შეიძლება დაიწყოს, სხვათა შორის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზეც. საინფორმაციო საშუალებებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მუქარანარევი განცხადებები „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ 13 მაისს უხვად დააფიქსირეს:

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

“თუკი ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინახავს, რომ კონკრეტული განცხადება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ის ვალდებულია დაიწყოს გამოძიება და, მათ შორის, სასამართლოში მოითხოვოს კონკრეტული იურიდიული პირის ლიკვიდაციაც და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, აქვს თუ არა ფაშისტური ხასიათის მიზნები ამ ორგანიზაციას“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განგვიცხადეს, რომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ საქმიანობას და მის მიერ გახმაურებულ მოწოდებებს, თავის მხრივ, სწავლობს „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომისიაც. კომუნისტური, ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის დანერგვის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარებას სწორედ „თავისუფლების ქარტია“ არეგულირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG