Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა"


მაისი ფსიქიკური ჯანმრთელობის - „მწვანე ბაფთის“ თვედ არის გამოცხადებული და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტიურდება კამპანიები, რომლებიც მიმართულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საზოგადოების მეტად გათვითცნობიერებისკენ. სულ რამდენიმე დღის წინ ლისის ტბაზე მოეწყო ღონისძიება - გარბენის მონაწილეებს უნდა გადაელახათ სიმბოლური ბარიერები წარწერებით: „მაზიანებს სტიგმა და დისკრიმინაცია“, „მეზღუდება პირადი და ოჯახური ცხოვრება“, „მეზღუდება დამოუკიდებელი ცხოვრება და არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა“, „ხელი არ მიმიწვდება სერვისებზე“ და ა.შ. „მწვანე ბაფთის“ კამპანიის ორგანიზატორი და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ წარმომადენელი, ნინო აღდგომელაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: "ადამიანები ერთნაირი უფლებებით ვიბადებით. თუკი ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებებზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, ეს ნიშნავს, რომ რაღაც უფლებები უფრო მეტად ერღვევათ ამ ადამიანებს“. სტიგმა რჩება საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ამის საფუძველი არის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ცოდნის დეფიციტი, რასაც ერთვის სტერეოტიპები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებზე, მაგალითად, ის, რომ ისინი სხვებზე საშიშები არიან და სხვებზე ხშირად ჩადიან დანაშაულს, რაც რეალობას სრულიად მოკლებულია. სტიგმა არსებობს ფართო საზოგადოებაშიც და პროფესიულ წრეებშიც, პოლიციაშიც, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორისაც. ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ნებისმიერს შეიძლება შეექმნას და ნებისმიერი შეიძლება აღმოჩნდეს იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად კიდევ უფრო ართულებს ბევრის ცხოვრებას. ნინო აღდგომელაშვილს მოჰყავს მსოფლიო სტატისტიკა: „მსოფლიოში, საშუალო სტატისტიკით, ყოველ მეოთხე ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. არავინ იცის მეოთხე ვინ იქნება“. ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ის უნდა იყოს რამდენიმეშრიანი, მულტიდისციპლინური მომსახურება. ნინო აღდგომელაშვილი „დილის საუბრებში“ აღწერს, როგორც ჯანდაცვის ამ სფეროს მდგომარეობასა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს, ისე უამრავ ჯერ კიდევ მოუგვარებელ საჭიროებას. ის ყვება იმ მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რაც ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში კეთდება ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. „იმისათვის რომ მოხდეს დეინსტიტუციონალიზაცია, საჭიროა თემში არსებობდეს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სიმძლავრის, საპასუხო რეაგირების (გამომდინარე დაავადების სიმძიმიდან) სათემო სერვისები, რომლებიც ერთმანეთთან კავშირში იქნებიან. უნდა იყოს ერთიანი ბაზა, ძალიან დაცული, რომელშიც შესაძლებელი იქნება პაციენტისთვის თვალის მიდევნება. ჯერჯერობით ეს არ არის“. ნინო აღდგომელაშვილი დეტალურად აღწერს გამართული სისტემის შემადგენელ კომპონენტებს, რაც აუცილებელია ნებისმიერ საზოგადოებაში იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დროულად იყოს იდინტიფიცირებული, არსებობდეს შესაბამისი სერვისები და ის მისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვინც მას საჭიროებს. დასასრულ, რატომ მწვანე ბაფთა? „დღეს მწვანე ბაფთა მიჩნეულია გაწონასწორების, გაძლიერების სიმბოლოდ, რაც ფსიქიკური აშლილობის პირებს ძალიან სჭირდებათ. როცა მე მწვანე ბაფთა მიკეთია, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია მესაუბრო. ისაუბრე ხმამაღლა! თქვი რა გაწუხებს! ელაპარაკე სხვას! მწვანე ბაფთით ვაცხადებ, რომ მე შენთან ვარ! ვარ სანდო ადამიანი! მოდი, მელაპარაკე, თუ შენ ეს გჭირდება!“.

XS
SM
MD
LG