Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია ამზადებს სპეციალურ ანგარიშს 20-21 ივნისის მოვლენებზე


საია ამზადებს სპეციალურ ანგარიშს 20-21 ივნისის მოვლენებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:22:23 0:00

როგორ გრძელდება 20-21 ივნისის მოვლენები სამართლებრივი კუთხით? საია ამზადებს საგანგებო ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ ნოემბერში გამოქვეყნდება. საია-ს თავმჯდომარის მოადგილე და სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს: „ვცდილობთ ეს მოვლენები გავაანალიზოთ, დოკუმენტირება მოვახდინოთ ყველა იმ უფლების დარღვევის ფაქტი, რომელიც ამ დღეებში დაფიქსირდა და ამას მივცეთ ერთი ანგარიშის სახე, სადაც მთელი სურათი იქნება შეკრებილი. აქ იქნება ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული და გადამოწმებული, მათ შორის, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და კადრები. ამ პროცესში ძალიან ბევრი ფაქტი დაგროვდა, რომელსაც შეფასება სჭირდება“. საია-ს იურისტები თავიდანვე ჩართულები იყვნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უფლებების დაცვაში. ასეთია 75 ადამიანი. ორგანიზაციის მიერ შსს-სგან გამოთხოვილი ინფორმაციით, 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით სულ დააკავეს 342 პირი. ამას გარდა, არის არაერთი პირი, ვინც აღნიშნულ აქციაზე მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. მათი ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია. ადმინისტრაციული ორგანოების ინფორმაციით, დაზარალებულია 275 პირი, რომელთაგან 187 სამოქალაქო პირია (აქციის მონაწილე ან გამვლელი). ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 ჟურნალისტი დაზარალდა, რასაც საია რეალურთან შედარებით მცირე რაოდენობად თვლის. საია-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაზარალდნენ შსს-ს თანამშრომლები - 73 პირი. ყველაზე მძიმე დაზიანებები მიადგათ სამოქალაქო პირებს: „მათ შორის, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვია ამ დაზიანებებმა. ოფიციალურად ვიცით, რომ ორმა ადამიანმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. არიან სხვა ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობა დაუზიანდათ, მათ შორის, მხედველობა დაუზიანდათ. დაზიანებას არ გამოუწვევია თვალის დაკარგვა, მაგრამ მხედველობის გაუარესება ნამდვილად გამოიწვია და სულ 8 პირს ჩაუტარდა თვალთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევა. მათგან 7 სამოქალაქო პირი იყო. ძალიან დიდია მასშტაბი ამ მოვლენების შეფასების საჭიროების და რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს: პირველი - პროცესუალური უფლებების დარღვევა, რაც მოხდა სასამართლო პროცესებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების შემთხვევაში და სხვა დაზარალებული პირების საქმეები, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება. ჩვენ რა ინფორმაციაც ამ დროისთვის გვაქვს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დამდგარა არც ერთი პოლიციელის მიმართ, მაგრამ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორი პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და მათ ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც ძალადობით ან იარაღის გამოყენებით განხორციელდა. მაგრამ, ეს არის თუ არა ის, რაზეც პროკურატურა უნდა გაჩერდეს, ამას სჭირდება შესაბამისი შეფასება და ეს არ იქნება საკმარისი იმიტომ, რომ ჩვენ გამოვკითხეთ არაერთი დაზარალებული პირი, რომელსაც ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. მათ მისცეს პროკურატურას ჩვენებები, მაგრამ მათი საქმეები გამოძიებული არ არის“. საია-ს ამოცანაა მოვლენების ობიექტური შეფასება შესთავაზოს საზოგადოებას. ნონ ქურდოვანიძე აგრეთვე ამბობს, რომ საჭიროა ჟურნალისტების შემთხვევების ცალკე გამოყოფა: "ერთია, რომ ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, მაგრამ არის აგრეთვე შემთხვევები, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულებაში შეუშალეს ხელი".

XS
SM
MD
LG