Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუთუ ამერიკაშიც შეიძლება მოხდეს - რა ჩანს საქართველოდან, სხვა ქვეყნებიდან


„შეტევა დემოკრატიაზე“, „შავი დღე“, „იმედგაცრუება“, „სირცხვილი“ - ასე მოიხსენიებდნენ აშშ-ის როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი პოლიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას. 6 იანვარს, კონგრესში გამართულ გაფართოებულ სხდომაზე, სადაც შენობიდან ევაკუაციის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ ამერიკელი კანონმდებლები და არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ დაადასტურეს, ისინი ამბობდნენ, რომ მომხდარმა ჩრდილი მიაყენა მათ ქვეყანას - დემოკრატიის სიმბოლოს მსოფლიოში.

  • რა აჩვენა აშშ-ის მოვლენებმა მსოფლიოს და როგორ ჩანს ეს ყველაფერი საქართველოდან?
  • რა გავლენას ახდენს აშშ-ში განვითარებული მოვლენები შედარებით სუსტი დემოკრატიის ქვეყნებზე?

არა ყველა, მაგრამ რესპუბლიკური პარტიიდან ბევრი პოლიტიკოსი გაემიჯნა პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ და დაგმო ძალადობა, რომელიც კაპიტოლიუმში მსოფლიომ 6 იანვარს იხილა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ კონგრესის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ მომხდარი მძიმე შთაბეჭდილებას მოახდენდა თავისუფლებას მოწყურებული ადამიანებისთვის მრავალ ქვეყანაში:

„ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებსაც შევხვედრივარ რუსეთში, ჩინეთში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში, სადაც თავისუფლება სწყურიათ... ისინი უყურებენ ამ შენობას (კაპიტოლიუმს), როგორც იმედის ადგილს... მე ვნახე ფოტოები, რომლებიც მსოფლიოში გავრცელდა და გული გამიტყდა“.

მსგავსი მოსაზრებები 6-7 იანვარს არაერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გამოხატა.

დემოკრატმა სენატორმა, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა კონგრესში გამართულ სხდომაზე განაცხადა:

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის პრობლემა ახლად დაბადებული დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში, რომლებისთვისაც აშშ მაგალითია. ჩვენ ვართ „მანათობელი ქალაქი ბორცვზე“. ჩვენ ვაძლევთ უკეთესი მომავლის იმედს მათ, ვინც ჩაგვრის მსხვერპლია“.

როცა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა, შაჰინმა საქართველოც ახსენა და გაიხსენა, თუ როგორ მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება 2012 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „მილიარდერი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაფუძნებულ პარტია „ქართულ ოცნებას“.

მართალია, პრეზიდენტ ტრამპის ანგარიშები სოციალურმა ქსელებმა - ტვიტერმა და ფეისბუკმა დაბლოკეს, მაგრამ 7 იანვარს მან ისარგებლა თავისი ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ტვიტერის ანგარიშით.

მას შემდეგ, რაც კონგრესის გაფართოებულ სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატ ჯო ბაიდენის გამარჯვება, დონალდ ტრამპმა განცხადება დენ სკავინოს ტვიტერის ანგარიშით გამოაქვეყნა

  • ერთი მხრივ, ის წერს, რომ არჩევნების შედეგებთან კვლავაც მწვავე შეუგუებლობის მიუხედავად, 20 იანვარს მოხდება ძალაუფლების გადაბარება და ის დატოვებს თეთრ სახლს;
  • ხოლო, მეორე მხრივ, ის მომხრეებს შეახსენებს, რომ არჩევნები გაყალბდა და „დიდებული ამერიკისთვის“ ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება.

ტრამპი წერს:

„მე ყოველთვის ვამბობდი, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ სათვალავში იქნეს მიღებული მხოლოდ (ამომრჩეველთა) კანონიერი ხმები... მართალია, ეს ნიშნავს ამერიკის საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია იმისთვის, რომ ამერიკა ისევ დიდებული გავხადოთ!“

ამერიკაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ მწვავე დისკუსია საქართველოშიც გაჩაღდა პრეზიდენტ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. სოციალურ ქსელებში ასევე გამოიკვეთა იმედგაცრუება აშშ-ის დემოკრატიის ხარისხისა და ამერიკის, როგორც დემოკრატიის ორიენტირის მიმართ. სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებიც.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე გვეუბნება, რომ მძიმე მოვლენების მიუხედავად, ამერიკა შეუქცევადი პრობლემის წინაშე არ დგას.

„ხშირად ისმის ხოლმე შეკითხვა - როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში... სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული კრიზისისგან. კრიზისი შეიძლება მოხდეს ყველგან და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ეს არ არის პირველი და, სავარაუდოდ, არც ბოლო კრიზისი მათთვის... ამერიკის დემოკრატიისთვის დამახასიათებელია ერთი რამ: ყოველი კრიზისიდან ამერიკა უფრო ძლიერი და გამარჯვებული გამოდიოდა. აშკარაა, რომ ის ყოველთვის საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თენგიზ ფხალაძემ.

მისი თქმით, ამერიკის მიერ მსოფლიო დემოკრატიის ლიდერის პოზიციის შენარჩუნება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებს ამ „ძალიან სერიოზული“ გამოწვევის გადალახვას ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია. ფხალაძის ოპტიმიზმი ამ მხრივ უკვე დანახულ ფაქტებს ეყრდნობა:

  • „6 იანვარს ამერიკის სახელმწიფო სისტემამ გამოცდას გაუძლო. ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კრიზისულ სიტუაციაში სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ვნახეთ, რაოდენ მნიშვნელოვანია, როდესაც ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში არ არის მოქცეული და დაბალანსებულია. კრიზისის განმუხტვა სწორედ ამის შედეგია“.
  • „ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოებრივი პოზიცია, რომელიც გამოსჭვიოდა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსისა და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და გაემიჯნენ ძალადობრივ მოვლენებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯო ბაიდენის გუშინდელ მიმართვაში მკაფიოდ ჩანდა არა ბრაზი, არამედ - ერის გაერთიანების სულისკვეთება“.

ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორისთვის, გიორგი მუჩაიძისთვის ცხადია, რომ ამერიკის ახალ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს საქმიანობის დაწყება ურთულეს ვითარებაში უწევს, რადგან პრეზიდენტ ტრამპის უკან უამრავი მომხრე დგას, პოლარიზაცია მაღალ ნიშნულზეა და საერთაშორისო რეზონანსიც უსიამოვნოა - „მომხდარი მისცემს საშუალებას ავტოკრატ ლიდერებს, მაგალითად - რუსეთში და სხვაგანაც, რომ ცინიკურად მოიხსენიონ ამერიკის დემოკრატია“.

მაგრამ, როგორც გიორგი მუჩაიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამერიკის ძლიერ დემოკრატიას შესწევს ძალა, რომ ეს კრიზისი დაძლიოს.

„დემოკრატია იმით კი არ არის გამორჩეული ყველა სხვა წყობისგან, რომ იქ შეცდომები და დიდი შეცდომები არ ხდება... დემოკრატია იმით არის გამორჩეული, რომ ამის გამოსწორება შეუძლია.

პრობლემის გასაჯაროებას აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ არ მოხდეს დაფარვა. პრობლემები გამოდის საჯარო სივრცეში, მსჯელობენ და ბოლოს კანონი იმარჯვებს... შესაბამისად, ძლიერი დემოკრატიის ქვეყნებში შედეგიც გაცილებით უკეთესი დგება, ვიდრე ეს ავტოკრატიულ ქვეყნებში შეიძლება მოხდეს. ავტოკრატია კანონს და პასუხისმგებლობას არ ცნობს“, - უთხრა გიორგი მუჩაიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG