Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დავალება სხვამ შეასრულა“ - ოთარ ფარცხალაძის დაკარგული იარაღის გადაფორმების ისტორია

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ მას ფარცხალაძის 5 დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღის გდაფორმება დაავალეს. ილუსტრირებული ფოტო
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ მას ფარცხალაძის 5 დაკარგული ცეცხლსასროლი იარაღის გდაფორმება დაავალეს. ილუსტრირებული ფოტო

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამტკიცებს, რომ 2 წლის წინ უკანონო დავალება მიიღო - ფარცხალაძის 35 ცეცხლსასროლი იარაღის მის ვაჟზე გადაფორმების მოთხოვნით, რომელთაგან ხუთი დაკარგული იყო. ამბობს, რომ უარი თქვა, თუმცა დავალება სხვამ შეასრულა.

მომსახურების სააგენტოში ინახება დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ყოფილი გენპროკურორის - იმ დროს აშშ-ს მიერ დასანქცირებულის და ახლა უკვე მკვლელობის შეკვეთაში ბრალდებულის - ოთარ ფარცხალაძის ცეცხლსასროლი იარაღები მისმა ვაჟმა, ანდრია ფარცხალაძემ გაიფორმა.

ამ ამბავში კანონდარღვევა ერთი შეხედვით არაფერია - საქართველოს კანონმდებლობით ერთ მოქალაქეს აქვს უფლება მეორეს თავისი იარაღი გადაუფორმოს, რისთვისაც კანონით გაწერილი წესებისა და პროცედურების დაცვაა საჭირო.

მაშინ რატომ ამტკიცებს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, რომ უკანონობა დაავალეს?

ამ სტატიაში აღწერილია პოლიციის ყოფილი უფროსის დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ვერსია. ის მოითხოვს გამოძიება დაიწყოს და ყველა ეჭვს და ბრალდებას გაეცეს პასუხი. მოპასუხე კი პროკურატურაა, სადაც რადიო თავისუფლების დასმულ კითხვას არ უპასუხეს. პასუხის მიღების შემთხვევაში, პროკურატურის პოზიცია დაუყოვნებლივ აისახება სტატიაში.

ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2023 წლის 14 სექტემბერს დაასანქცირა.

მეორე დღეს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მტკიცებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოდან დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მასთან, მინდობილობებით ხელში, ოთარ ფარცხალაძის შვილი მივიდოდა, რომელიც მამის იარაღებს გადაიფორმებდა.

ქვაჭრელიშვილის თქმით, მას მისმა უშუალო ხელმძღვანელმა, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მაშინდელმა უფროსმა, გელა ქურდაძემ დაურეკა.

რა ვიცით გელა ქურდაძეზე?

გელა ქურდაძე შსს-ს სისტემაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ის ჯერ თბილისის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ სამი წელი თბილისის პოლიციის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, 2024 წელს კი არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნეს.

შსს-ში ვიკითხეთ, ახლა რა თანამდებობას იკავებს პოლიციელი. პასუხი არ მიგვიღია. ასევე ვიკითხეთ, არის თუ არა უწყება ინფორმირებული დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ბრალდებების შესახებ - არც ამაზე მიგვიღია ორდღიანი ლოდინის შემდეგ პასუხი. უწყება არც გელა ქურდაძესთან დაკავშირებაში დაგვეხმარა.

ამ პოლიციელის ვინაობა საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვისაცაა ცნობილი. აქტივისტების თქმით, მან გასცა 2023 წელს პარლამენტის წინ თეთრი ფურცლით ხელში მდგარი დემონსტრანტების დაკავების ბრძანება. რადიო თავისუფლებას არ აქვს საშუალება, ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმოს.

მასთან საუბრისას დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა შეიტყო, რომ სულ 35 ცეცხლსასროლ იარაღზე იყო საუბარი, საიდანაც 5 დაკარგულად ითვლებოდა. იარაღები ამ დეტალის შეუმჩნევლად უნდა გადაფორმებულიყო.

„საქმის აღძვრის გარეშე, კანონდარღვევით უნდა გამეცა ცნობა მომსახურების სააგენტოში. მე გელა ქურდაძეს ავუხსენი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რაზეც მან მითხრა, რომ ქალაქის პოლიციის უფროსი და მთავრობა იყვნენ საქმის კურსში და პრობლემა არ შემექმნებოდა. მიუხედავად ამისა, მე განვუცხადე კატეგორიული უარი და გელა ქურდაძემ გამითიშა ტელეფონი“, - ჰყვება ქვაჭრელიშვილი.

იმ დროს, როცა დიმიტრი ქვაჭრელიში ამ ამბავს პირველად ამხელს, ის სასამართლოშია ბრალდებულის სტატუსით. წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით 2024 წლის 26 იანვარს დააკავეს და გაასამართლეს. პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი 15 წლითაა დაპატიმრებული.

დაიჭირეს მისი მოადგილეც - ამირან ნაჭყებია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად მას თაღლითობის ბრალიც წარუდგინეს.

პოლიციელების საქმე განიხილა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა. პოლიციის ყოფილ უფროსს მან 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა, მის მოადგილეს 5 - წლით.

პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და გავლენიანი პირების ინტერესებს, მათ შორის, სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და მისი იარაღების საქმეს უკავშირდება.

„როცა პროკურატურას დახმარება სჭირდებოდა, ისეთი საქმეები გამიკეთებია მე და ჩემს თანამშრომლებს, რომ დასაჭერად შესაძლოა მქონოდა მომავალში საქმე“, - უთხრა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა გამოძიებას.

მეორედ, ის უკვე სააპელაციო სასამართლოში ჰყვება ფარცხალაძის დაკარგულ იარაღზე და განაჩენის გაუქმებას მოითხოვს.

„აღშფოთებულმა ვითხოვე ახსნა-განმარტება, თუ რატომ მდევნიდნენ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად, რამენაირად ეს „ხომ არ იყო დაკავშირებული ამერიკის მიერ დასანქცირებულ ოთარ ფარცხალაძესთან“, - იხსენებს ის გენინსპექციაში გამოკითხვის დეტალებს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მონათხრობის თანახმად, მან იცოდა 5 დაკარგული იარაღის შესახებ, რომელზეც გამოძიება არავის დაუწყია; ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა, თუმცა წყნეთის პოლიციის უფროსის გვერდის ავლით ფარცხალაძის იარაღები მის ვაჟს მაინც დაურეგისტრირეს.

„ვინ გააკეთა, ვინ გადააფორმა?“, - სიტყვა გააწყვეტინა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ დიმიტრი ქვაჭრელიშვილს 26 იანვრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში.

ქვაჭრელიშვილი: გამოიძიეთ და გაიგეთ...

პროკურორი: თუ იცით, თქვი...

ქვაჭრელიშვილი: საქმეს როცა აღძრავთ, იქ გეტყვით ყველაფერს!

ლაშა კოტრიკაძე, პროკურორი
ლაშა კოტრიკაძე, პროკურორი

იცნობს თუ არა პროკურატურა მომსახურების სააგენტოში გაგზავნილი დოკუმენტის შინაარს, თუ კი, ვინ აწერს მას ხელს, რატომ არ იწყებს გამოძიებას უწყება? - პროკურატურაში რადიო თავისუფლების არც ერთ კითხვაზე არ უპასუხიათ. მიღების შემთხვევაში, პროკურატურის პასუხები აისახება სტატიაში.

დაკარგული იარაღები

პოლიციელ დიმიტრი ქვაჭრელიშვილის თქმით, როცა ვინმეს თავისი იარაღის სხვაზე გადაფორმება უნდა, გადაფორმების მსურველთან სახლში მართლწესრიგის ოფიცერს გზავნიან. მისი მოვალეობაა შეამოწმოს იარაღები, მისი შესანახი ადგილი, ფლობისთვის საჭირო დოკუმენტაცია და შეადგინოს ოქმი, რომ ყველაფერი რიგზეა.

ამ ოქმს სამმართველოს უფროსი ეცნობა, დოკუმენტს ზემდგომ დეპარტამენტს უგზავნის და იარაღის გადაფორმების ნებართვას ითხოვს. დადებითი პასუხის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსი მომსახურების სააგენტოში თანხმობის განცხადებას აგზავნის და პროცედურაც მთავრდება.

ამ პროცედურის თანახმად, გადაფორმებაზე გაცემულ ნებართვას დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ხელმოწერა აუცილებლად უნდა ჰქონოდა.

„გელა ქურდაძე მეუბნება: დიმა, ხუთი იარაღი 35-დან დაკარგულია, საქმის აღძვრის გარეშე უნდა გადააფორმოო“, - ამბობს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.

თუ იარაღი დაკარგულია, პოლიცია ვალდებულია გამოძიება დაიწყოს. დაკარგვის შესახებ ან მფლობელმა უნდა განაცხადოს ან მინდობილმა პირმა.

თუ იარაღი დაკარგულად არის გამოცხადებული, მაგრამ მანამდე კანონიერად იყო რეგისტრირებული, მისი ბალისტიკური მონაცემები ბაზაში უნდა არსებობდეს.

საქართველოში ბალისტიკური მონაცემები ბარდება იარაღის რეგისტრაციის პროცესში და არა - ცალკე მფლობელის სურვილით.

როცა ვინმე კანონიერად ყიდულობს ცეცხლსასროლ იარაღს (მაღაზიიდან ან გადაფორმებით), იარაღი რეგისტრირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში;

რეგისტრაციისას ხდება იარაღის ბალისტიკური ტესტირება - კონკრეტულად:

  • ტყვიისა და მასრის საკვლევი გასროლა;
  • ეს კვალი შეაქვთ ბალისტიკურ ბაზაში.

ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და სრულდება შსს-ს შესაბამისი დანაყოფის მიერ (როგორც წესი, ექსპერტიზის სამსახურის ჩართულობით).

რატომ ინახება ბალისტიკური მონაცემები?

მომავალში, თუ რომელიმე დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდება ტყვია ან მასრა, შესაძლებელია შედარება ბაზაში მოხვედრილ მონაცემებთან და დადგენა, რომელ იარაღს ეკუთვნის გასროლის კვალი.

ფარცხალაძის დაკარგულ იარაღზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში პოლიცია ვალდებული იქნებოდა შეემოწმებინა, რაიმე დანაშაული ხომ არაა ჩადენილი დაკარგული იარაღით.

„მე ვუთხარი, კაცი დასანქცირებულია... შეიძლება იმ იარაღით დანაშაული იყოს მომხდარი და გამოძიების გარეშე რომ გადავაფორმო, მეც დამნაშავე გამოვდივარ-მეთქი...არაო ეს [გამოძიების დაწყება-რ.თ.] არ უნდა გააკეთოო, პირდაპირ უნდა გადააფორმო და საქმე არ უნდა აღძრაო...ხვალ შენც დაგიჭერენ მეც და მე ამის გამკეთებელი არ ვარ-მეთქი....

გადის დრო და გადაფორმებაზე თანხმობა ხვდება მომსახურების სააგენტოში, ჩემი გვერდის ავლით და ჩემი კანცელარიის გავლით“, - აცხადებს დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.

რა ბედი ეწია დაკარგულ იარაღს?

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ვერსია რადიო თავისუფლებას ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გადასცა, რომელიც მსჯავრდებულს ციხეში შეხვდა და რადიო თავისუფლების კითხვა დაუსვა.

„ცნობაში წერია რომ 30 იარაღი ფარცხალაძისაა და თან აქვს, ფიზიკურად, 5 კი დაკარგულია და ჩამოწერეთო. „დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში“ ასე წერია შიგნით“, - ამბობს ქვაჭრელიშვილი.

მისივე თქმით, ამ განცხადებას ხელს არც თავად აწერს და არც მისი ზემდგომი, ისე როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არც საქმე აღუძრავს ვინმეს - ანუ დოკუმენტი კანონდარღვევით გაიცაო, - ამტკიცებს.

„წყნეთის პოლიციიდან ჩემი ხელმოწერის გარეშე დოკუმენტი, მხოლოდ მაშინ იქნებოდა კანონიერი, თუ მე ვიყავი შვებულებაში ან ბიულეტენზე, როცა ჩემი კანცელარიიდან ჩემი გვერდის ავლით შემოსავლების სამსახურში ეს განცხადება მოხვდა, მე ჩვეულებრივად ვმუშაობდი“, - ამბობს ის.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით კი, დაკარგული იარაღი შსს-მ ისე ჩამოწერა, რომ არ უკვლევია ამ იარაღით სავარაუდო დანაშაულის ჩადენა. მათი მონათხრობის თანახმად დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა უარი კი არ თქვა დავალების შესრულებაზე, არამედ თავად „ალაგებდა საქმეს“.

„წყნეთის პოლიციაში ფარცხალაძის შვილი ამჟამად უკვე ყოფილ უფროსს, დიმიტრი ქვაჭრელიშვილს შეხვდა და ოფიციალურად შეიარაღების დაკარგვად ის ვერსია გააფორმა, თითქოს ფარცხალაძის კუთვნილი შეიარაღება დამლაგებელს ნაგავი ეგონა და გადაყარა.

ყოფილ პროკურორს შეიარაღება უპრობლემოდ, ერთი განცხადების საფუძველზე, ჩამოაწერეს. სინამდვილეში, როგორ და რა ვითარებაში დაიკარგა იარაღი არ გამოძიებულა“, - ნათქვამია 2024 წლის 10 თებერვლით დათარიღებულ სიუჟეტში.

მომხდარის ამ ვერსიას ქვაჭრელიშვილი უარყოფს. მისი თქმით, ყველაფერი, რაც სასამართლოში თქვა, სიმართლეა და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა პროკურატურას გასული წლის დეკემბერში ოფიციალური განცხადებით მიმართა და მოუწოდა, დაინტერესდნენ იმ სავარაუდო დანაშაულებით, რომლის შესახებაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო სხდომებზე ჰყვება.

პასუხი დიმიტრი ქვაჭრელიშვილის საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის სახელით მიიღო, რომელიც დაჰპირდა ადვოკატს, რომ „დაინტერესდებიან და შეისწავლიან“.

„მაშინ, როცა მე უკანონო დავალება არ შევასრულე, ფარცხალაძე დასანქცირებული იყო, მაშინ ხომ არავინ იცოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, დღეს კი ფარცხალაძე ბრალდებულია მკვლელობის ორგანიზატორად. რატომ არ იწყებთ გამოძიებას? იქნებ მკვლელობები შეუკვეთა ან თვითონ მოკლა და დაჭრა?“, - სვამს კითხვას დიმიტრი ქვაჭრელიშვილი.

2025 წლის 29 დეკემბერს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი „კანონიერი ქურდის“ ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დაკვეთაში ანგარების მოტივით. ყოფილი გენპროკურორი ბრალს არ აღიარებს. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. პროკურატურის ცნობით, მან ქვეყანა გასული წლის ივნისში დატოვა და რუსეთშია გაქცეული.

ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს გამოძიება მკვლელობის ორგანიზებას ედავება;

ლევან ჯანგველაძის „კილერობისათვის“ მსჯავრდადებულია ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური, რომელიც მიქაძეების მეგობრის, გიორგი ჯოხაძის პირადი მცველი იყო სამი წლის განმავლობაში. მან მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო შეკვეთა-ანგარების ვერსია და ის პირადი შურისძიებით ახსნა. მოსამართლემ მას 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პარალელურად, ოთარ რომან ფარცხალაძის სახელი და გვარი მართლაც გაისმა რამდენიმე კრიმინალური ამბის ექოდ.

2022 წლის 24 ივნისს თბილისში, ბაგებში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს ბიზნესმენი ლევან კაჭარავა, მეტსახელად „ტილიკა“. ის იყო „სილქ როუდ ჯგუფის“ თანადამფუძნებელი, რომელიც შემდეგ ბიზნესიდან გავიდა და ბოლო წლებში საფრანგეთში ცხოვრობდა.

„ტილიკა“ ლევან ჯანგველაძის 17 წლის ვაჟის ნათლია იყო;

ჯანგველაძეების მამიდაშვილის ცნობით, სწორედ ლევან კაჭარავას რეკომენდაციით დაიწყო 2008 წელს ლევანთან მძღოლად/მცველად მუშაობა გია ჩადუნელმა; ჩადუნელი წარსულში „ფინანსურ პოლიციაში“ მუშაობდა.

„მისი და ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელწერაც არის ძალიან ერთგვაროვანი“, - განაცხადა ჯანგველაძის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

თავის მხრივ, კაჭარავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ 27 ივლისს მიმართა ახალ შს მინისტრ გელა გელაძეს და მოითხოვა კაჭარავას მკვლელობის გაუხსნელ საქმეზე „აუცილებლად ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების განხორციელება“.

ადვოკატ ბასილაიას თქმითვე, „ორივე საქმეს შესაძლოა, ერთი და იგივე დამკვეთი ჰყავდეს“.

ვინ არის ფარცხალაძე? თუ აქამდე არ გაგიგიათ

მისი სახელი და გვარი ხალხმა 2013 წელს გაიგო, როცა 37 წლისა საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა - მხოლოდ 39 დღით - 21 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე. წარმდგენი - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყო, ხელმომწერი - პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

გახმაურებული საქმეების გამო, გადადგომა მოუწია.

  • კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი განათლება და დიპლომი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, თუ ფარცხალაძის ბიოგრაფიას დავუჯერებთ, 15 წლის იყო როდესაც სწავლა დაიწყო საქართველოს ღია უნივერსიტეტში და 19 წლისამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი.
  • „ნაციონალური მოძრაობის“ცნობით, 2001 წელს ის გერმანიაში გაასამართლეს „ყაჩაღური ქურდობისთვის“.
  • ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანის ამბავშიც მისი სახელი და გვარი ფიგურირებდა.


ბერა ივანიშვილი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კი - ახლო მეგობარი.

მთავარი პროკურორის პოსტზე გაელვების შემდეგ მისი სახელი ელიტური კორუფციის სავარაუდო სქემებსა და სკანდალებს დაუკავშირდა, თუმცა საქართველოს სასამართლო სისტემაში ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს.

მაგალითად:

  • კორუფციაზე ზედამხედველი ორგანოს უფროსის, გენერალური აუდიტორის ცემის საქმეში;
  • სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმეში.

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მ ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. როგორც რუსული კაგებეს აგენტი. დასანქცირებულ ფარცხალაძეს პარტიასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებიც იცავდნენ. . ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძისთვის „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში.

დასანქცირების შემდეგ ფარცხალაძე ქონების ოჯახის წევრებისთვის გადაფორმებას იწყებს. მოთხოვნას რეესტრი დაჩქარებულად უკმაყოფილეს. პროკურატურის დატოვების შემდეგ ფარცხალაძისა და მისი მეუღლის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2018 წლის ბოლოს ის 7,900 კვ.მ ფართობის 24-მდე უძრავი ქონების მეპატრონე გახდა. ცხოვრობს კაკლებში. პრესტიჟულ უბანში. ეს ქონება, მათ შორის თავისი აშენებული ეკლესია 25 წლის ვაჟს აჩუქა.

ამასობაში კი გაირკვა, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიუღია და კანონის აკრძალვის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ფლობდა.

საბოლოდ იუსტიციის სამინისტრომ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა კიდეც... სუს-მა მოკვლევა დაიწყო, გამოჰკითხეს ფარცხალაძე, საქმე მეტად წინ აღარ წასულა.

პერიოდულად ჟურნალისტები, ფარცხალაძის რუსულ საქმეებზე წერენ. ის აფუძნებს სახალხო მოძრაობას „რუსი ქართველები“.

რუსული ბიზნესგვერდი მას უწოდებს კაცს, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენას. მუშაობს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენაზე, ლობირებს რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელ სარკინიგზო პროექტს.

აგენტობის შესახებ ბრალზე საქართველოს საგამოძიებო უწყებებში ისევ დუმილია. ჯანგველაძის მკვლელობის საქმის გამო, ოთარ-რომანოვ ფარცხალაძეზე წითელი ცირკულარით ძებნაა გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG