Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპაციის ახალი საფრთხე ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ მონიშნული ხეები
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ მონიშნული ხეები

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების წაღვლისა და ჩორჩანას მიმდებარე ტყეში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ტერიტორია მონიშნეს. ამ ფაქტის შესახებ, რამდენიმე კვირაა, ანტისაოკუპაციო მოძრაობა განცხადებებს აკეთებს და ფოტო-ვიდეომასალას ავრცელებს. ტყეში ხეები ყვითელი საღებავით არის მონიშნული. მონიშნული ტერიტორიის მიღმა ექცევა ჩორჩანას ტალკის საბადო, იქვეა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი-2“. ლაშა ბერულავა, წარმომადგენელი ანტისაოკუპაციო მოძრაობისა „ძალა ერთობაშია“, მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აპირებენ მიიტაცონ ახალი ფართობი, რომელიც მინდორსა და ტყის მასივს მოიცავს.

„ხაშურის მუნიციპალიტეტში შემავალი ტერიტორია არ იყო ოკუპირებული და არ შედიოდა თვით იმ რუკის საზღვრებშიც კი, რომელსაც რუსი ოკუპანტები იყენებენ და ეს არის 80-იანი წლების საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის რუკა. ამის მიუხედავად, ოკუპანტები გამოხატავენ მზაობას ახალი ტერიტორიის მიტაცებისკენ და ეს არის წაღვლის ტყის უზარმაზარი ფართობი. ამაზე მიანიშნებს ის მონიშვნები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ და გადავიღეთ. საღებავით მონიშნულია ხეები და გაკაფულია სავალი ბილიკი, სავარაუდოდ, ქვეითი პატრულისთვის. ისინი ემზადებიან ამ ადგილებში, შესაძლოა მავთულხლართების გასავლებად არა, მაგრამ ბანერების დასაინსტალირებლად, სადაც მითითებული იქნება, რომ აქ გადის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვარი“, - ამბობს ლაშა ბერულავა.

სოფელ წაღვლში კი საოკუპაციო ძალების მოქმედებით შეშფოთებულები არიან. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტყესა და მინდორში გასვლას უკვე ერიდებიან, რადგან მათი დაკავების საფრთხე არსებობს. წაღვლელების თქმით, აუცილებელია სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ადგილზე პოლიციური საგუშაგოების შექმნა.

„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში. 9 თებერვალი, 2019 წ.
„ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში. 9 თებერვალი, 2019 წ.

წაღვლისა და ჩორჩანას საკითხი „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზეც განიხილეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონიშნული მონაკვეთების შესახებ საოკუპაციო ძალების მხრიდან განმარტებები მოითხოვეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე შექმნილ ვითარებასა და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის მესაზღვრეებს აკისრებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

„ვისაუბრეთ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წაღვლსა და ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ძალიან საშიშ ელემენტებს და შესაძლოა დააზიანოს ადგილზე უსაფრთხოების მყიფე გარემო. ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს ვითარებას. ჩვენ მწვავედ დავაყენეთ აღნიშნული საკითხი და გავაფრთხილეთ, რომ ნებისმიერ ქმედებაზე, რამაც შეიძლება დააზიანოს უსაფრთხოების გარემო, პასუხისმგებლობა დაეკისრება აი, ამ ქმედების ინიციატორ მხარეს“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

წაღვლიდან ტყის მიმართულებით უკვე გაჰყავთ გრუნტის გზა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით. სოფელში, რამდენიმე დღეა, ტრაქტორი მუშაობს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ამ გზაზე პოლიციელები მალე პატრულირებას დაიწყებენ. ვაჟა ლომიძე, ხაშურის მერის წარმომადგენელი წაღვლის თემში, აცხადებს, რომ მალე გზა მოიხრეშება და პოლიცია აქ უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურველეთში კი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სათვალთვალო კოშკურაზე სამუშაოები დაასრულეს. კოშკურას ჯიხური დაადგეს და იქ გუშაგიც დააყენეს, რომელიც ხურველეთის მიმდებარე ტერიტორიას აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საოკუპაციო ძალების გააქტიურებას აფასებს როგორც ბორდერიზაციის ახალი ტალღის დასაწყისს და გმობს ამ ფაქტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG