Accessibility links

ოკუპირებულთა „აღიარების“ 11 წელი: რუსეთი + 4


11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. 11 წლის შემდეგ რუსეთის მიმბაძველთა ბანაკში სულ ოთხ ქვეყანას ითვლიან.

„ხელი მოვაწერე ბრძანებულებებს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. რუსეთი მოუწოდებს სხვა სახელმწიფოებს მისდიონ მის მაგალითს.

ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ერთადერთი შესაძლებლობაა ადამიანების სიცოცხლის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა 2008 წლის 26 ოქტომბერს რუსეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა.

ეს გადაწყვეტილება, მისი განმარტებით, ეყრდნობოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოტანილ რამდენიმე დასკვნას:

  • დასავლეთის მიერ წახალისებულმა ქართველებმა მოახდინეს ოსების გენოციდი;
  • მტრულად განწყობილი საქართველოსგან იგივე მომავალი ელოდა აფხაზეთსაც;
  • ასეთ პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ქართველების, აფხაზებისა და ოსების ერთ სახელმწიფოში ცხოვრება.

„რუსეთი არჩევდა მოწყვლადი ეკონომიკისა და მყიფე პოლიტიკური სისტემების ქვეყნებს და წნეხს ახორციელებდა მათზე, რომ მისი მაგალითი გაეზიარებინათ...

აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით ოკეანეთში, კარიბის ზღვის კუნძულოვან სახელმწიფოებთან და აფრიკის ქვეყნებთან.

იყო ასევე პირდაპირი მოსყიდვის ფაქტები, იყო დაპირებები, რომელთა ნაწილი აღარც შესრულებულა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

მოსკოვის, ცხინვალისა და სოხუმის მცდელობების მიუხედავად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა სულ ოთხ ქვეყანას აქვს აღიარებული, ესენია: ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა და სირია.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ამ ოთხეულს სხვადასხვანაირი დაინტერესება აქვს, მაგალითად:

  • ვენესუელას რუსეთი 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას დაჰპირდა და ცნობილია რუსეთ-ვენესუელის დასავლეთისთვის მიუღებელი „მეგობრობაც“;
  • ნიკარაგუამ და ნაურუმ მიიღეს მრავალმილიონიანი დახმარება;
  • სირიის ლირედმა, ბაშარ ალ ასადმა კი, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაშია დადანაშაულებული, კრემლს მტკიცე და დასავლეთისთვის ასევე მიუღებელი მოკავშირეობა დაუფასა.

სირიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაურ კოვე აცხადებს, რომ აღიარებას წინ უსწრებდა სირიიდან მიგრანტი 500 ოჯახის ჩასახლება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მისი განმარტებით, ლაპარაკია ეთნიკურ აფხაზებზე, რომლებიც მე-19 საუკუნის მოჰაჯირების შთამომავლები არიან.

გარკვეული დროის განმავლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობა“ ვანუატუსა და ტუვალუსაც ჰქონდათ აღიარებული, თუმცა გადაწყვეტილებები უკან წაიღეს: ერთმა - 2013 წელს, ხოლო მეორემ 2014 წელს.

ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, არაღიარების პოლიტიკა დიდ შრომასა და მუდმივ კომუნიკაციას მოითხოვს და ეს მაინც ვერ მოხერხდებოდა დასავლელი პარტნიორების - ევროპული ქვეყნებისა და შეერთებული შტატების გარეშე. მისი განმარტებით, ასევე ძალიან დიდი იყო ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზეგავლენა, ვანუატუსა და ტუვალუს მიერ გადაწყვეტილებების უკან წაღებისთვის.

ე.წ. არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში

წლევანდელი 26 აგვისტო აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლის დღეს დაემთხვა, თუმცა ე.წ. მეორე ტურში გასულმა მოქმედმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ არც აღიარების თარიღი დაივიწყა და ძველებური მადლიერებით მოიხსენია რუსეთი.

„პოლიტიკური ნების გამომხატველი ეს გაბედული ნაბიჯი წარმოადგენს მეგობარი სახელმწიფოს ღრმად გააზრებულ გადაწყვეტილებას. ის ნამდვილად მოგვევლინა ისტორიული სამართლიანობის ზეიმის ღირსეულ ხორცშესხმად“, - თქვა ხაჯიმბამ.

ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, ამ ე.წ. არჩევნებსაც უკანონოდ აცხადებს საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა შეკითხვები გააჩინა სოხუმიდან წამოსულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ არჩევნებზე მეთლაყურეთა შორის იყვნენ გერმანელი დეპუტატები.

ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ გერმანიის პარლამენტის წევრი შტეფან კოიტერი და ბერლინის რეგიონული პარლამენტის დეპუტატი გუნარ ლინდემანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ამ პირებს არ ჰქონდათ არანაირი უფლებამოსილება და სტატუსი იმ სტრუქტურებიდან, რომლებსაც წარმოადგენენ.

„ეს იყო პირადი ვიზიტი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები მათი პარტიის ორიენტაციიდან გამომდინარე, ეს გახლავთ ულტრამემარჯვენე პარტია, იმყოფებიან რუსული გავლენის ქვეშ, რასაც ისიც მოწმობს, რომ დაფინანსება მათი ვიზიტისა აფხაზეთის რეგიონში, განხორციელდა რუსული მხარის მიერ“ - უთხრა 26 აგვისტოს ჟურნალისტებს ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს გერმანიის საელჩოში, „თუ ბატონი ლინდემანი და ბატონი კოიტერი გაემგზავრნენ აფხაზეთში, მათ ეს საკუთარი კერძო ინიციატივით გააკეთეს და ამისათვის არ მიუღიათ გერმანიის მთავრობის არანაირი ოფიციალური დავალება“.

საელჩოს განცხადებით, გერმანია არ აღიარებს აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს და არ აგზავნის იქ დამკვირვებლებს - „გერმანია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას მომავალშიც გააკეთებს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG