Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ბავშვები - როგორ მიჰყავთ უკრაინელი პატარები რუსეთში


უკრაინელი ბავშვების რუსეთში გაყვანა სამხედრო დანაშაულია. ვლადიმირ პუტინი ამ დანაშაულშია ეჭვმიტანილი და მასზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს დაპატიმრების ორდერი გასცა. ასევე გასცა ორდერი რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დასაპატიმრებლადაც. უკრაინაში ჯერ მხოლოდ 371 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული რუსეთში 19 505 უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს. ეს ოფიციალური სტატისტიკაა, მაგრამ უკრაინელი უფლებადამცველები ამბობენ, რომ სინამდვილეში ასობით ათასი ბავშვია გაყვანილი. უმეტესობა გაიყვანეს მარიუპოლიდან, ხერსონის, ხარკოვისა და კიევის რაიონებიდან. რუსეთის რეგიონებში ბავშვთა სახლები და ინტერნატები უკრაინელი ბავშვებით გადაივსო. რუსეთი ცდილობს, ბავშვები რაც შეიძლება მალე განათავსონ ოჯახებში. შვილად აყვანის მსურველებს დიდ მოთხოვნებს უკვე აღარ უყენებენ.

2023 წლის მარტში უკრაინაში 17 ბავშვი დააბრუნეს. ისინი „გასაჯანსაღებლად“ ყირიმის ბანაკში ჰყავდათ წაყვანილი, მაგრამ უკან აღარ გამოუშვიათ. Save Ukraine-ის თანამშრომლებმა შეიტყვეს, რომ ორი ბავშვი სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლიც გახდა. ბიჭი ჰყვებოდა, რომ თუ რუსულ ბანაკში უკრაინის მხარდასაჭერად რამეს იტყოდნენ, ბავშვებს რკინის ჯოხით სცემდნენ. გოგონამ თქვა, რომ აღმზრდელმა დაარტყა, რადგან ბანაკის ტერიტორიაზე ნებადართულ ხუთ წუთზე მეტხანს სეირნობდა.

უკრაინული მხარე გამოყოფს ხუთ სცენარს, რომელთა მიხედვითაც რუსეთში უკრაინელი ბავშვები გაჰყავთ.

პირველი კატეგორია - ომში დაღუპულთა შვილები. ამ შემთხვევაში ბავშვები ნათესავებთან არ რჩებოდნენ, ისინი რუს სამხედროებს მიჰყავდათ. იმავე გზას მიუყვებოდნენ ბავშვებიც, რომლებიც რაღაც მიზეზის გამო დაიკარგნენ. მარიუპოლის მერის პიოტრ ანდრუშენკოს თქმით, მარიუპოლიდან გაყვანილთა უმეტესობა სწორედ ასეთი დაკარგული ბავშვი იყო: „ახლობლების დაკარგვის შემდეგ, ისინი მარიუპოლელებს მიეკედლნენ. ხალხს 10-15 ბავშვი აჰყავდა და აჭმევდა. მერე მოდიოდა „ბეტეერი“ რუსი სამხედროებით, ავტობუსი და ბავშვები რუსეთში მიჰყავდათ“.

მეორე კატეგორია - ოჯახებიდან წაყვანილი ბავშვები. უფლებადამცველებს 16 წლის სერგეის მაგალითი მოჰყავთ. მან მშობლები ომამდე დაკარგა და მარიუპოლის მახლობლად უფროს დასთან ცხოვრობდა. „ოკუპაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა სერგეი პირდაპირ ოთახიდან წაიყვანეს“, - ჰყვება დარია გერასიმჩუკი, უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებში. რუსეთში ბავშვი იშვილეს, მაგრამ მას ამ ოჯახში ცხოვრება არ სურდა. უკრაინაში დაბრუნება რვა თვის შემდეგ მოახერხა. მასთან ერთად დეპორტაცია გაუკეთეს კიდევ 15 ბავშვს, რომლებიც ასევე ნათესავებისგან ჰყავდათ წაყვანილი.

ფილტრაციის დროს წაყვანილი ბავშვები - ხშირად მშობლები ფილტრაციის ბანაკებში მიჰყავდათ, შვილები კი საავადმყოფოებში ან ბავშვთა ბანაკებში.

ოკუპირებული ტეროტორიებიდან რუსეთის ტერიტორიაზე „გასაჯანსაღებლად“ წაყვანილი ბავშვები - უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხშირად მშობლები იძულებულები არიან, ბავშვები ამ ბანაკებში გაუშვან. ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, ასევე იმიტომ რომ უკრაინის ბევრ პუნქტში ახლა ცხოვრება სახიფათოა, მშობლები მათ „დასასვენებლად“ უშვებენ, რომ ბავშვებს ცხოვრება ცოტა ხნით მაინც შეუმსუბუქონ. ჰგონიათ, „დასვენება“ ათიოდე დღე გაგრძელდება და ბავშვებს უკან დააბრუნებენ. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. იყო შემთხვევები, როდესაც ორგანიზატორებმა ბავშვები რუსულ ბანაკებში იმ მიზეზით დატოვეს, რომ უკრაინაში საშიში იყო. მშობლები იძულებულები გახდნენ, შვილები ბანაკებიდან თავად წამოეყვანათ.

ინსტიტუციებიდან გაყვანილი ბავშვები - საბავშვო სახლებიდან ბავშვები ქალაქების ოკუპაციის კვალდაკვალ გაჰყავდათ. თუმცა, რუსი სამხედროები ხანდახან ინტერნატს მაშინვე ვერ ამჩნევდნენ, ეს კი მის თანამშრომლებს მომზადების საშუალებას აძლევდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ ბავშვები უკრაინიდან მათივე უსაფრთხოების გამო გაჰყავთ. რუსეთის სამთავრობო მედია იუწყება, რომ ომის ბავშვებს რუსეთში ყველანაირად დაეხმარებიან, მოძებნიან მათ ნათესავებს, აღუდგენენ საბუთებს, მისცემენ განათლებას. თუმცა, განსაკუთრებით აღნიშნავენ იმას, რომ ბავშვების მთავარი ოცნება ახალი ოჯახია.

რუსეთში მართლაც საკმაოდ ბევრი ოჯახი გამოჩნდა, რომლებსაც უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანა სურთ.

ელენა პანასოვა ასტრახანის რაიონში, სოფელ მიხაილოვკაში ცხოვრობს. ის სამ საკუთარ შვილს და დისშვილს ზრდის. ელენა ჰყვება, რომ ბავშვობიდან დიდ ოჯახზე ოცნებობდა, მას შემდეგ კი, რაც 2022 წელს საავადმყოფოში მოხვდა, სხვების დახმარება გადაწყვიტა. გამოწერის შემდეგ სოციალურ სამსახურს შეატყობინა, რომ ბავშვების შვილად აყვანა სურს. ორი კვირაც არ იყო გასული, დაურეკეს და ოთხი დონბასელი ბავშვი შესთავაზეს.

სექტემბრის ბოლოს ასტრახანის აეროპორტში თვითმფრინავი დაჯდა და 11 უკრაინელი ბავშვი ჩამიყვანა. მათ ელენა და კიდევ რამდენიმე ოჯახი დახვდნენ. პანასოვამ შვილად აიყვანა: 12 წლის კოლია, 10 წლის არტური, 8 წლის ლენა და 7 წლის ლიოშა. ისინი მანამდე მაკეევკის ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ. როდესაც ბავშვები მიჰყავდა, პანასოვას უთხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი შშმ პირი იყო, ოღონდ დოკუმენტების გარეშე. ინვალიდობის აღდგენა თავად მოუხდა.

ელენა უმუშევარია, ახლა ის რვა ბავშვს მარტო ზრდის. კითხვაზე, ეხმარება თუ არა სახელმწიფო მათ აღზრდაში, პანასოვა პასუხობს: „სახელმწიფო ყველა მშობელს ეხმარება, ძირითადად კი თავად გავდივარ ფონს“. კერძოდ როგორ ეხმარება სახელმწიფო „ყველა მშობელს“, პანასოვას არ დაუზუსტებია.

მომზადებულია სვეტლანა ოსიპოვას („სისტემა“) და პოლინა ეფიმოვას სტატიის მიხედვით: „ომის ბავშვები. უკრაინელ ბავშვებს რუსეთი ობლებად ადვილად ცნობს, მათი სამშობლოში დაბრუნება კი არ ეხალისება - „სისტემის“ გამოძიება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG