ვითარება უკრაინაში: სარაკეტო იერიში ოდესაში და მარიუპოლი ევაკუაციის მოლოდინში
მარიუპოლში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ უსაფრთხო ევაკუაციის მოლოდინშია. ეს საკითხი გუშინ მოსკოვში წამოჭრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, რომელიც ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.
მან მოსკოვში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაერო მზადაა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართოს მარიუპოლში ხალხის გადარჩენისკენ. გუტერეშმა განაცხადა მზადყოფნაზე, წითელი ჯვრის კომიტეტთან ერთად უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება ბრძოლები და სადაც ასობით სამოქალაქო პირია დარჩენილი.
გაეროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, დამოუკიდებელი გამოძიება გაიმართოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შესახებ ცნობების თაობაზე.
რუსეთი კი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს. 26 აპრილს რუსეთის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდს ოდესის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, დაზიანებულია ხიდი ზატოკის რაიონში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
„ხორბლის გარიგება“: რას ითხოვს სანქცირებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან?
25 აპრილს, „Youtube”-ზე გავრცელებულმა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერმა (ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის), რომელშიც, სავარაუდოდ, ერთმანეთს ელაპარაკებიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმირ ევტუშენკოვი, არაერთი კითხვა გააჩინა. ვლადიმირ ევტუშენკოვი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის და ევროპის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა. რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.
აუდიოჩანაწერების თანახმად, რომლებიც „იუტუბზე“ Cyber Kmara-მ ატვირთა, ევტუშენკოვმა და ივანიშვილმა ორჯერ ისაუბრეს. პირველ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს ესაუბრება ხორბალთან დაკავშირებულ რაღაც იდეაზე. მეორე აუდიოჩანაწერში კი ის ივანიშვილს (რომელსაც ბორენკათი მიმართავს), უკვე სთხოვს თავის მოადგილესთან, ალისთან (უზდენოვი) შეხვედრას.
ვლადიმირ ევტუშენკოვმა ინტერვიუ მისცა სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებს. მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაუდასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი, თბილისში მარტში მართლაც შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს.
რუსი მილიარდერი ირწმუნება, რომ ივანიშვილთან მეგობრობს, მაგრამ საქმიანი ურთიერთობა არასდროს ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც ივანიშვილს ბიზნესი რუსეთში ჰქონდა. საქართველოს ხელისუფლებისთვის კი ეს აუდიოჩანაწერი ან „მონტაჟია“, ან „შეთქმულება”.
ასახავს თუ არა ჩანაწერი მხოლოდ ორი მეგობრის საუბარს? - პოლიტიკური შეფასებებისა და საუბარში ნახსენები პირების შესახებ წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში საკვებს ვეღარ უგზავნიან
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ეკა ხერხეულიძის თქმით, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საკვების ამანათით მიღება აეკრძალა.
"მას კვების პრობლემა აქვს, ორგანიზმი აქვს დაუძლურებული ისე, რომ ნებისმიერი სახის საკვებს ის ვერ მიიღებს... როდესაც დღეს მოვიტანეთ საკვები, არ მიიღეს. მე ჩავთვალე, რომ ტექნიკური პრობლემა იყო. შიგნით რომ შევედი, აღმოჩნდა, ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიცია იყო, ნათქვამი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომ მას აეკრძალა საკვების ამანათის სახით შეგზავნა იმიტომ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ასე მიიჩნიეს საჭიროდ. რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადაუკეტეს ყველა გზა, რომ მან საკვები მიიღოს“, - თქვა ხერხეულიძემ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბოლო დღეებია საუბრობენ მისი ოჯახის წევრები და ენმ-ის წევრები. ის ბოლო სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.
26 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი გასაღები მოქმედ პრეზიდენტს აქვს.
„გასაგებია, ქალბატონო სალომე, რომ თქვენი პოზიცია იყო მყარი თვეების წინ და უარყოფდით შესაძლებლობასაც კი, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო თქვენს მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებული, მაგრამ გარემოება დრამატულად შეიცვალა და დამძიმდა. მინდა მქონდეს იმედი, რომ თქვენ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ“, - თქვა მელიამ.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი დაინიშნა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს დაინიშნა. დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის თარიღად ჯერ 28 აპრილი გამოაცხადა, თუმცა სამმა მოქალაქემ ე.წ. უმაღლეს სასამართლოს მიმართა და არჩევნების თარიღი გაუქმდა.
"სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 მაისს არის დაგეგმილი. სასამართლოდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ახალი თარიღი განისაზღვრა", - განაცხადა დე ფაქტო ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ.
ოპოზიციის კანდიდატი, ალან გაგლოევი დე ფაქტო მოქმედ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს არჩევნების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ იმ პირების ვინაობაც დაადგინა, ვინც ცესკოს უჩივლა.
მაია სანდუს თქმით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტები დაძაბულობის ესკალაციას ისახავს მიზნად
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 26 აპრილს განაცხადა, რომ მოსკოვის მომხრე სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო თავდასხმა არის დაძაბულობის ესკალაციის მცდელობა. ამაში მან ბრალი დასდო „ომის მომხრე ფრთას“ დნესტრისპირეთის ხელმძღვანელობაში.
სანდუ მედიის წინაშე გამოვიდა მოლდოვის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ, რომელიც რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე მოიწვია.
ბოლო ორი დღეა, დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ავრცელებს ცნობებს სხვადასხვა ობიექტზე "დაუდგენელი პირების" თავდასხმების და აფეთქებების შესახებ. 26 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. რესპუბლიკის მეთაურის, ვადიმ კრასნოსელსკის საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან „უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა და მიღებულია გადაწყვეტილება ტერორისტული საფრთხის წითელი დონის გამოცხადების შესახებ“, რადგან დაფიქსირებულია „რესპუბლიკის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული შეტევის სამი ფაქტი“.
წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
ნოვოროსიის აღდგენა - რუსეთი უკრაინაში წლების წინ დასახული გეგმით მოქმედებს
ბრძოლის ველის გეოგრაფია არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინაში მე-18 საუკუნის იმპერიული მადა კვებავს. აშკარაა, რომ მოსკოვი მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების უკრაინიდან ჩამოსაცილებლად არ იბრძვის და მისი სამიზნე უკრაინის სხვა ოლქებიცაა.
ეს არის გეგმა, რომელსაც წლებია ამწიფებს პუტინის რუსეთი, სადაც მანამდე მიძინებული ტერმინი -„ნოვოროსია“ - 2014 წლიდან გამოაცოცხლეს. 2022 წელს კი, უკრაინაში შეჭრამდეც და ახლაც, ომის პროცესში, რუსეთში არ მალავენ მკაფიო გეგმას - უკრაინას ნოვოროსიის მიწები წაართვას.
2014 წლის 10 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში შევიდა და „ნოვოროსიის დამცველებს“ სანთელი ტელეკამერების წინ დაუნთო. ეს ის დროა, როცა ახალი დადებული იყო მყიფე ზავი უკრაინასთან 5-თვიანი ომის შემდეგ. მაშინ ომს კრემლი ჯერ კიდევ ლუგანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ხელით აწარმოებდა.
2014 წლის მაისში ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ.-მა რესპუბლიკებმა „ნოვოროსიის კონფედერაციული სახელმწიფო“ შექმნეს. რუსეთის იმპერიალისტური წარსულიდან ტერმინ „ნოვოროსიის“ გაცოცხლებამ 2014 წელს სერიოზულად დააფიქრა ანალიტიკოსები, რომ უკრაინაში რუსეთის გეგმები მაშინდელი ომით არ ამოიწურებოდა.
რა გეგმით მოქმედებს რუსეთი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
8 ფოტო არქივიდან - ვინ და რა გაახსენდა ლევან ბერძენიშვილს, როდესაც მას ძველი ფოტოები უჩვენეს?
რომელ მსახიობ ქალთან შეხვედრაზე ოცნებობდა ლევან ბერძენიშვილი პარიზში?
რას ჰყვება იგი, როცა მას პაზოლინის მათეს სახარებიდან ფრაგმენტს უჩვენებენ?
რა საერთო აქვთ ლევან ბერძენიშვილს და სოკრატეს?
თევზის კონსერვი, ვარდი, წიგნი და ფოტოები: ვის და რას ახსენებს ეს ნივთები ქართველ ინტელექტუალსა და ფილოლოგს?