Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა კიშინიოვი „ომში ჩათრევის“ საშიშროებაზე აალაპარაკა


მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ, აცხადებს, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მომხდარი აფეთქებების უკან უნდა იდგნენ ის ძალები, რომლებიც მოლდოვის დესტაბილიზაციას და კონფლიქტში ქვეყნის სავარაუდო ჩათრევას ისახავენ მიზნად.

„ამ მომენტისათვის ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ არსებობს დაძაბულობა რეგიონის შიგნით არსებულ სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან სიტუაციის დესტაბილიზებით. ეს დაუცველს ხდის დნესტრისპირეთის რეგიონს და საფრთხეს უქმნის მოლდოვის რესპუბლიკას“, - განაცხადა უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ მაია სანდუმ.

დნესტრისპირეთის ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების თანახმად, ბოლო ორი დღის განმავლობაში „ტერორისტული შეტევები“ განხორციელდა ტირასპოლში, ადგილობრივი უშიშროების სამსახურის შენობაზე, სოფელ მაიაკის მახლობლად მდებარე რადიოცენტრსა და სოფელ პარკანის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილზე.

25 აპრილს ადგილობრივი უშიშროების შტაბბინაში მომხდარ აფეთქებებში დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში დაადანაშაულეს უკრაინიდან გადმოსული პირები, რომლებმაც ინციდენტის შემდეგ დატოვეს რეგიონი.

კიევი კი აცხადებს, რომ ტირასპოლის ინციდენტი ინსცენირებულია რუსეთისა და დნესტრისპირეთის სპეცსამსახურების მიერ, რომლებიც „პანიკის დათესვას და ანტიუკრაინული განწყობების“ გაღვივებას ისახავენ მიზნად.

ავის მომასწავებელი სიგნალი მოლდოვისთვის

25 აპრილს, დნესტრისპირეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დაიწყეს მზადება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ ორგანიზებული „აფეთქებებისთვის“, რათა გაამართლონ უკრაინის წინააღმდეგ ომი და სეპარატისტული რეგიონი საბრძოლო მოქმედებებში ჩაითრიონ.

უფრო პირდაპირი იყო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსეთმა ამ აფეთქებებით მოლდოვას ავის მომასწავებელი სიგნალი გაუგზავნა.

„რუსეთი ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზებას მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში და მიანიშნებს მოლდოვას, რომ ელოდოს „სტუმრებს“. ცუდი ამბავია: თუ უკრაინა ვერ გაუძლებს, ხვალ მტერი კიშინიოვის კართან იქნება“, - დაწერა ტვიტერში მიხაილო პოდოლიაკმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა მოლდოველები „კარგი ამბითაც“ დაამშვიდა. „უკრაინა უზრუნველყოფს სტრატეგიულ უსაფრთხოებას რეგიონში, მაგრამ ამისთვის საჭიროა ვიმოქმედოთ, როგორც ერთმა გუნდმა“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

მოლდოვაში მიიჩნევენ, რომ ამ კონტექსტში „ერთ გუნდში“ მოქმედებისკენ მიხაილო პოდოლიაკი მოუწოდებს მოლდოვის ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდ სიფრთხილეს იჩენდა, რამაც კიევის სერიოზული აღშფოთება გამოიწვია.

ერთი კვირის წინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Jurnal TV-სთან ინტერვიუში მოლდოვა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინისთვის. გარდა ამისა, როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, მოლდოვის ხელისუფლება თითქოს არ უწოდებს „ომს“ რუსეთის ინტერვენციას უკრაინის წინააღმდეგ. მანამდე კიევი გაანაწყენა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ, რომელმაც განაცხადა, რომ მოლდოვას არ გააჩნია საკმარისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება მოლდოვის ხელისუფლების უარს, მიეყიდა მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები უკრაინისათვის, რაც კიშინიოვმა, თითქოს, იმით ახსნა, რომ არ სურს „რუსეთის გაღიზიანება“.

ამ ბრალდებას არ იზიარებს ალესანდრუ ფლენკე, მოლდოვის ყოფილი ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, რომელიც აცხადებს, რომ მოლდოვის ხელისუფლება, სურვილიც რომ ჰქონდეს, სამხედრო იარაღით და საბრძოლო მასალით ვერ დაეხმარება მეზობელ უკრაინას.

„თუ უკიდურესად ზუსტი ვიქნებით, უნდა აღნიშნოს, რომ რუსეთს-უკრაინის ომის პირველი ორი კვირის განმავლობაში, მოლდოვის ხელისუფლება ძალიან ფრთხილი იყო შეფასებებში, მაგრამ მესამე კვირის შემდგე, პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც და საგარეო საქმეთა მინისტრიც ამ შეიარაღებულ კონფლიქტს უწოდებენ „ომს“ და „რუსეთის აგრესიას“ უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეეხება მოლდოვის მიერ უკრაინისათვის შეიარაღების შესაძლო გადაცემას, ეს მოლდოვის კონსტიტუციური ნეიტრალიტეტის გამო შეუძლებელია. კონსტიტუციური ნეიტრალიტეტით პირდაპირ აკრძალულია იმ 6 ერთეული მიგ-29 ტიპის თვითმფრინავის მიყიდვა ან ჩუქება. ამავე დროს, ნეიტრალიტეტი არ ზღუდავს მოლდოვის ხელისუფლებას ჰუმანიტარული დახმარების მხრივ და, მე რამდენადაც ვიცი, ჩვენმა ხელისუფლებამ შესთავაზა უკრაინას გამნაღმველების ქვედანაყოფის გაგზავნა, რომლებიც უკრაინელ კოლეგებს დაეხმარებოდნენ გათავისუფლებული ტერიტორიების ნაღმებისგან გაწმენდაში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალესანდრუ ფლენკემ.

პროდასავლური მთავრობის მძიმე მემკვიდრეობა

„კონსტიტუციური ნეიტრალიტეტისა“ და სუსტი შეიარაღებული ძალების გარდა, პროევროპული მაია სანდუს მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო დნესტრისპირეთის „გაყინული კონფლიქტი“.

მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი ადგილობრივმა სეპარატისტებმა „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ 1990 წელს გამოაცხადეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული კონფლიქტი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. ამჟამად დნესტრისპირეთში იმყოფება 1400-მდე რუსი სამხედრო, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა იქცნენ მოსკოვის კიდევ ერთ პლაცდარმად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.

ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, როდესაც დასავლეთის მედია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩაფიქრებულ სამხედრო ინტერვენციაზე ალაპარაკდა, უკრაინის გენერალური შტაბის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ რომანენკომ რუსული ჯარების სავარაუდო შემოჭრის ერთ-ერთ მიმართულებად სწორედ მოლდოვის სეპარატისტული რეგიონი დაასახელა.

სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მდებარე კობასნის საცავი, სადაც 22 000 ტონა საბრძოლო მასალა ინახება, ასეთი დანიშნულების უდიდეს სამხედრო ობიექტად ითვლება აღმოსავლეთ ევროპაში.

ეს ბაზა შეიძლებოდა დამოუკიდებელი მოლდოვის კუთვნილება გამხდარიყო, რომ არა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ინსპირირებული კონფლიქტი გასული საუკუნის 90-იან წლებში, რომელიც, ისევე, როგორც იმ პერიოდის ყველა ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტი, რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

მოლდოვამ და ეუთომ არაერთგზის მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიტანოს საბრძოლო მასალა კობასნიდან და მოახდინოს იქ არსებული უდიდესი საცავის ლიკვიდაცია.

საყურადღებოა აღინიშნოს, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა მე-14 არმიის კუთვნილი ეს სახიფათო მემკვიდრეობა და მისი დასაცავად გადასროლილი რუსეთის კონტინგენტი უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

„იქ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ინახება 20 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, რომელსაც რუსები იცავენ. პრაქტიკულად ჩვენს საზღვარზე მდებარე ეს ობიექტი საფრთხეს უქმნის უკრაინას. წინა წლებში მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა რუსეთს ეს მასალა უკრაინის ტერიტორიის გავლით გაეტანა. მაგრამ შემდეგ ყველაფერი გაჩერდა, არადა, სასწრაფოდ საჭიროა იქ არსებული მოძველებული საბრძოლო მასალების უტილიზება. მაგრამ საწყობში ინახება ახალი საბრძოლო მასალაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა და მდგომარეობა მხოლოდ რუსებმა იციან“, - უთხრა უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა რადიო თავისუფლებას.

იმის გამო, რომ მოლდოვა ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს, რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში მოსკოვმა უკრაინის წინააღმდეგ მადესტაბილიზებელ ქმედებაში შესაძლოა ჩააბას არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ძალა, არამედ ე.წ. დნესტრისპირეთის არმია, რომელშიც დაახლოებით 4000-დან 7500-მდე ჯარისკაცი შედის.

იჰორ გროსუ
იჰორ გროსუ

„ეს არის საკმაოდ შთამბეჭდავი ძალა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, თუ როგორ იქცევიან ისინი და რით არიან აქ (დნესტრისპირეთში) დაკავებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამას თვალყურს ადევნებს უკრაინის მხარე და ასევე ეუთოს მისია“, - განაცხადა რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურთან მოლდოვის პარლამენტის სპიკერმა, იჰორ გროსუმ.

„უფრო დიდი სცენარის ნაწილი“

შესაბამისად, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, სასწრაფოდ მოიწვია ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, უშიშროების საბჭომ დაავალა სახელმწიფო დაწესებულებებს და სამართალდამცველ ორგანოებს, რომ გააძლიერონ საბრძოლო მზადყოფნის დონე, დაიცვან კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტები და განახორციელონ ინტენსიური პატრულირება დნესტრისპირეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელიც მთელი ამ დღეების განმავლობაში ცდილობს სიმშვიდის შენარჩუნებას, ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გეგმავს „დნესტრისპირეთის რეგიონის“ ბლოკირებას, რაც, ანალიტიკოსების თქმით, ალბათ შედიოდა იმ ძალების გეგმაში, რომელთაც ზემოხსენებული აფეთქებები მოაწყვეს.

„ის აფეთქებები, რომლებიც დნესტრისპირეთში გუშინ საღამოს და წუხელ ღამით მოხდა, არსებული ინფორმაციით, მოაწყვეს შიდა ძალებმა დნესტრისპირეთის რეგიონში, ე.წ. ომის პარტიამ. იმედი მაქვს, რომ ამ „ომის პარტიის“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას ფლობენ მოლდოვის უშიშროების სამსახურები, მაგრამ მე უფრო ვიხრები იმისკენ, რომ მომხდარი მოლდოვის ომში ჩათრევის მცდელობაა“, - ამბობს ალესანდრუ ფლენკე.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დაგმო მოლდოვის ომში ჩათრევის მცდელობა და ამასთან დასძინა, რომ ხელისუფლება ღიაა „დნესტრისპირეთის რეგიონში არსებული კონფლიქტის, მოლაპარაკების, მშვიდობიანად და დიპლომატიური გზით გადაჭრისთვის“.

მაგრამ 25-26 აპრილს მომხდარი აფეთქებების შემდეგ მოლდოვაში გაძლიერდა შიში, რომ გარკვეული ძალები კვლავ შეეცდებიან სიტუაციის დესტაბილიზაციას, რათა უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულმა ომმა მოლდოვის ტერიტორიაზეც გადაინაცვლოს.

„ის აფეთქებები და ტერორისტული აქტები, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა, ჩემი აზრით, არ არის ადგილობრივი ან რეგიონული სცენარის ნაწილი, ან იზოლირებული ინციდენტები. ეს უსათუოდ არის მოლდოვის ომში ჩათრევის მცდელობა და ეს უთუოდ არის უფრო დიდი სცენარის ნაწილი, რომელსაც ეწოდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. უახლოესი ორი-სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ ზუსტად შევძლებთ იმის თქმას, მოხერხდება თუ არა ამ ინციდენტების იზოლირება და შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება, თუ ყველაფერი ძალიან ცუდი სცენარით განვითარდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ალესანდრუ ფლენკემ.

დნესტრისპირეთში მომხდარ აფეთქებებს 26 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო გამოეხმაურა. დიპლომატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ რუსეთის სურვილია თავიდან აიცილოს ისეთი სცენარი, რომლის თანახმად მას თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის რესპუბლიკასა და მოლდოვას შორის კონფლიქტში ჩარევა მოუხდებოდა. რუდენკოს თქმით, აფეთქებებთან დაკავშირებული ვითარება დამაჯერებლად აჩვენებს, რომ თავდასხმების სერიის უკან დგანან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ევროპაში კიდევ ერთი დაძაბულობის კერის გაჩენით.

„ჩვენ ძალიან არ ვისურვებდით, რომ გამოძიების შედეგად გამოჩნდეს, რომ ამის უკან დგანან იგივე ძალები, რომლებიც მეზობელ რეგიონებში ძალადობის პროვოცირებას ახდენენ“, - განაცხადა ანდრეი რუდენკომ, რომელმაც აღნიშნა, რომ აფეთქებებთან დაკავშირებით მოსკოვს არ ჰქონია კონტაქტი კიშინიოვთან და დარწმუნებით ვერ იტყვის, თუ ვინ დგას ამ ტერაქტების უკან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG