Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ომში პაუზა დაუშვებელია!“ ზელენსკი ნატოს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა


უკარინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) მე-16 შეხვედრა ნატოს შტაბბინაში
უკარინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) მე-16 შეხვედრა ნატოს შტაბბინაში

„თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა, თქვენი უსაფრთხოება - ჩვენი უსაფრთხოება და თქვენი ფასეულობები - ჩვენი ფასეულობები. ამიტომ ჩვენ უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.

11 ოქტომბერს ამ სიტყვებით მიესალმა უკრაინის პრეზიდენტს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად მივიდა ნატოს შტაბბინაში და დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინის“ ფორმატის) მე-16 შეხვედრას, რომელიც ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომამდე გაიმართა.

უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრების დაწყების წინ გაიმეორა, რომ ინტენსიური ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდებაში პაუზა დაუშვებელია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პრიორიტეტები. ესაა საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ეს არის ძალიან კონკრეტული რამ და ჩვენ გვჭირდება ისინი ჩვენი მიწის ძალიან კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილებში", - განაცხადა 11 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან, ზელენსკიმ ბელგიის ტელევიზიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა უკრაინისათვის დახმარების შემცირების რისკების არსებობაც საერთაშორისო ფაქტორების გამო, რომელთა შორის ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაცია და სლოვაკეთის ხელისუფლებაში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ძალის მოსვლა დასახელდა.

მოკავშირეთა პირობა - იარაღის მიწოდების მხრივ პაუზა არ იქნება

წინა დღეს თეთრი სახლის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, ჯულიან სმიტმა დაადასტურა, რომ „რამშტაინის“ ფორმატის მე-16 შეხვედრაზე ყურადღება უწინარეს ყოვლისა „უკრაინისათვის საჭირო საჰაერო თავდაცვით და სხვა სისტემებზე“ გამახვილდებოდა.

„ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს ამ ზამთარში ექნებათ საჰაერო თავდაცვის საშუალება და რომ რუსეთის მცდელობები უკრაინელების სიბნელეში და სიცივეში დატოვებისა, საბოლოო ჯამში, წარმატებას ვერ მოიტანს", - თქვა 10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ამერიკელმა დიპლომატმა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კი „რამშტაინის“ ფორმატის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე დააკონკრეტა, თუ რა საჰაერო თავდაცვით სისტემებს მიიღებს უკრაინა აშშ-ისგან ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში.

"ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის გამოაცხადა უახლესი $ 200 მილიონი დახმარების პაკეტი. იგი მოიცავს AIM–9 რაკეტებს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელიც მალე გადაეცემა უკრაინას, ასევე საარტილერიო და სარაკეტო საბრძოლო მასალას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და აღჭურვილობას რუსული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად", - აღნიშნა ლოიდმა „რამშტაინის ფორმატის“ მორიგი შეხვედრის გახსნისას.
მართვადი ამერიკული რაკეტა AIM-9 (Sidewinder) პირდაპირი ხედვის ფარგლებს მიღმა საჰაერო სამიზნის განადგურებისთვისაა განკუთვნილი და უდავოდ გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვითი ძალების შესაძლებლობებს ზამთრამდე დარჩენილ პერიოდში და მომავალი წლისთვის.

გარდა აშშ-ისა, "ცარიელი ხელებით" 11 ოქტომბრის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე არც სხვა მოკავშირეები მისულან.

გუშინ, 10 ოქტომბერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ახალი, "ზამთრის დახმარების პაკეტი“, რომლის ფარგლებში უკრაინა, საერთო ჯამში, დაახლოებით 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას მიიღებს.

დახმარება, კერძოდ, მოიცავს საჰაერო თავდაცვის, მათ შორის Patriot-ისა და IRIS-T-ის სისტემებს, ათ ერთეულ ტანკ „ლეოპარდს“, სამ საზენიტო თვითმავალ დანადგარს და თხუთმეტ ჯავშანტექნიკას.

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა ლუდივინ დენდონდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 2025 წლიდან დაიწყებს უკრაინაში გამანადგურებელი თვითმფრინავების, F-16-ის, გაგზავნას. დენდონდერს არ დაუზუსტებია, თუ რამდენი თვითმფრინავის გაგზავნას აპირებს ბელგია უკრაინაში.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით ჩამოყალიბდა 2022 წლის აპრილში და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

"და მე ვამაყობ, რომ ეს კოალიცია აერთიანებს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას, რომლებმაც 33 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყვეს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად", - დასძინა ლოიდ ოსტინმა.

ამერიკელმა სენატორებმა ორივე წამყვანი პარტიიდან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას, გამოაცხადეს თავიანთი განზრახვა, სწრაფად მიაღწიონ კიევისთვის წლიური დახმარების პაკეტის მიღება 50-დან 100 მილიარდ დოლარამდე - ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს და აღნიშნავს, რომ პაკეტი, რომელსაც პროუკრაინელი სენატორები განიხილავენ, ბევრად აღემატება აგვისტოში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ დახმარებას და გამიზნულია პერიოდისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

უკანასკნელ მოვლენებთან დაკავშირებით ღაზის სექტორსა და ისრაელში, სადაც რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული მოქმედებები დაიწყეს ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, Wall Street Journal-ი წერს, რომ ჯერ უცნობია, როგორ შეიძლება ამ თავდასხმამ შეცვალოს დეპუტატების აზრი უკრაინის დახმარების თაობაზე. გაზეთი წერს, რომ "ჰამასის" მოულოდნელმა თავდასხმამ შოკი გამოიწვია ვაშინგტონში და აშშ-ის ყურადღება უკვე გადაიტანა ახლო აღმოსავლეთში მთავარი მოკავშირის დახმარებაზე.

“ბრიუსელში ზელენსკის ამჟამინდელი ვიზიტი დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, როდესაც გარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა, მსოფლიო აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის მკვეთრად გართულების წინაშე. აშკარაა, რომ 2024 წელი რთული იქნება საერთაშორისო მდგომარეობის ქაოტიზაციის გაძლიერების თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, ამავე დროს, პოლიტიკური ტურბულენტობა აშშ-სა და დასავლეთის სამყაროს სხვა ქვეყნებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება. უკრაინისთვის კი 2024 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოახდინოს გარდატეხა ომში, მოახდინოს სამხრეთის დეოკუპაცია და მოამზადოს ყირიმისა და დონბასის დეოკუპაციის სამხედრო ოპერაცია", - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, მიხაილო სამუსმა.

9 ოქტომბერს Washington Post-ი და NBC News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ თეთრი სახლი უკრაინისა და ისრაელისათვის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანების შესაძლებლობას განიხილავს.

ინფორმირებულ წყაროთა თქმით, ისრაელისთვის გადაუდებელი დახმარების თხოვნაზე უკრაინის დაფინანსების მიერთების შესაძლებლობა გაზრდის შანსებს, რომ კონგრესმა კიევის დახმარება დაამტკიცოს, მიუხედავად წარმომადგენელთა პალატაში ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობისა. NBC News-ის ინფორმაციით, ასეთი წინადადება უკრაინის მხარდამჭერი ორივე პარტიის კონგრესმენებმა გააკეთეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG