„ვიწყებთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით „საქართველო იმსახურებს უკეთესს“. ეს კამპანია უნდა დავამთავროთ ახალი დემოკრატიული არჩევნებით და სანაგვეზე უნდა გავუშვათ ბიძინა ივანიშვილი [ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი] და მისი სამარცხვინო, ანტიქართული რეჟიმი“, - თქვა სიტყვით გამოსვლის დროს ნიკა გვარამიამ - ალიანსში შემავალი ერთ-ერთი პარტიის „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ.
მან დემონსტრაციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სთხოვა, ოპოზიციის მიმართ საკუთარი მოთხოვნები ჩაწერონ ვიდეომიმართვაში და სოციალური ქსელით გაავრცელონ. მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა, დემონსტრანტებმა კი დაშლა დაიწყეს.
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა პოლიტიკოსებიც:
- ლევან ცუცქირიძე, „თავისუფლების მოედანი“: „დემოკრატიასა და თავისუფლებას სჭირდება დემოკრატი მოქალაქეების უფრო მეტი პოლიტიკური მონაწილეობა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ: აქ ხედავთ ბევრ პოლიტიკურ პარტიას, შეუერთდით და გააძლიერეთ ის პარტიები, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვისიც ყველაზე მეტად გჯერათ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ის, რომ ჩვენი დემოკრატია იქნება არა ცვლადი, არამედ მუდმივი ჯამი ჩვენი ბრძოლისა“.
- გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა, ხან მიკროფონი არ მოგვატანინეს, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენი სამშობლოს ღირსებას და აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას“.
- თამარ ჩერგოლეიშვილი, „ფედერალისტები“: „არასდროს ქართველი ხალხი იმედს არ მიცრუებს. ზუსტად ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამდენი რეპრესიის მიუხედავად, ამდენი შეურაცხყოფის, დამცირების მიუხედავად, ხალხი ისევ დგას, საზოგადოება ისევ გაუტეხელია“.
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსმა, პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტთან დემონსტრაციისთვის საჭირო ატრიბუტების მიტანა შეძლო.
მსვლელობა ზუსტად 20:00 საათზე დაიძრა დედაქალაქში, ილია ჭავჭავაძის #1-დან, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობს. რამდენიმე წუთში, მელიქიშვილის გამზირზე გადანაცვლების შემდეგ კი პეტრიაშვილის ქუჩიდან სატვირთო ავტომობილი ჩამოიყვანეს, რომელზედ დინამიკები და გენერატორი იდო.
მსვლელობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე კი პარლამენტთან პოლიცია გამოჩნდა - პოლიციელების ნაწილი პარლამენტის ჭიშკრის მიღმა იყო, ნაწილი კი, რომელსაც სახეები ჰქონდათ დაფარული რკინის ჭიშკრებს ამაგრებდნენ.
ოპოზიციამ რუსთაველზე აქციისთვის საჭირო ატრიბუტების მიტანა 15:00 საათისთვისაც სცადა. მაშინ მათ პოლიციამ ხელი შეუშალა.
„მანქანა ჩამოგვართვეს, სადაც იყო გახმოვანება. მოვიდნენ ეს ადამიანები [პოლიციის წარმომადგენლები] და ევაკუატორით წაიყვანეს“, - თქვა ალიანსის ერთ-ერთი წევრი პარტიის, „ახლის“ წარმომადგენელმა გიორგი პატარაიამ.
24 მაისს გახდა ცნობილი, რომ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დედაქალაქში გასამართ დემონსტრაციასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა ალიანსმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო. ოფიციალური განმარტების მიხედვით, მიზეზი ტექნიკური დეტალები გახდა.
შსს-ს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ წერილი არ იყო კანონით დადგენილი წესით დაწერილი.
შსს-ს უარამდე, ალიანსმა უარი თბილისის მერიიდან მიიღო - ოპოზიცია ითხოვდა, მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას სცენის მოსაწყობად თანხმობა მიეცა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, 26 მაისს დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გამო ქუჩების ნაწილი უნდა გადაკეტილიყო, რაც გამოიწვევდა სხვა ქუჩების დატვირთვას. ამ მიზეზით, მათ პარლამენტთან „რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად“ მიაჩნდათ.
ფორუმი