Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახურავი, ღობე, ფერები - „ოცნება“ ესთეტიკურ ნორმებს უწესებს შენობებსა და ქუჩებს


2025 წლის 18 დეკემბერს “ქართული ოცნების” მთავრობამ დადგენილებით განსაზღვრა, როგორი უნდა იყოს საქართველოში (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტისა) შენობა-ნაგებობის “ესთეტიკური მახასიათებლები” - შენობების ფასადი, სახურავი, ღობე, ფერების პალიტრა, ქუჩები.

ამ მოთხოვნების დარღვევა, შესაძლოა, მშენებლობის ნებართვაზე უარის მიზეზიც გახდეს.

არქიტექტურული პროექტის დამუშავებისას სახელმწიფოსთან უნდა შეთანხმდეს სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები და ფერები.

აი, რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, რომლებიც მშენებლებმა უნდა დაიცვან:

  • ფასადი, ღობე და მათი ფერები უნდა შეესაბამებოდეს გარემოს, ქუჩების ესთეტიკას და ბუნებრივ ლანდშაფტს;
  • სახურავის ფორმა და პროპორციები თანხვედრაში უნდა იყოს ურბანულ ქსოვილთან, ურბანულ სილუეტთან და შერწყმული იყოს განაშენიანების საერთო ხასიათთან;
  • მოსაპირკეთებელი მასალები უნდა ინარჩუნებდეს „ისტორიული იდენტობას“ ან „ჰარმონიულ ერწყმოდეს თანამედროვე სტილს“.


დადგენილებას თან ახლავს სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი მასალები და ფერები (ტონები). აი, მაგალითად:

ამ ფოტოზე ასახულია სახურავის მასალები - თიხის თანამედროვე კრამიტი და თიხის კრამიტთან მისადაგებული თანამედროვე მასალა.

მთიანი რეგიონებისათვის სახურავის ტრადიციულ მასალებში შეტანილია ფიქლის ქვებიც.

ხოლო ფასადების მოსაპირკეთებელ მასალებში შედის აგური, რიყის ქვა, ადგილობრივი ქართული ქვა.

ამ წესით დადგენილი მოთხოვნებით:

  • შენობის ფასადი - საერთო განაშენიანების “ვიზუალურ მთლიანობას” უნდა ემთხვეოდეს;
  • ფანჯრების პროპორციები, აივნები და ღიობები კი - შენობა-ნაგებობის სტილს და “ქუჩების საერთო ესთეტიკას” უნდა შეესაბამებოდეს;
  • ღობე (როგორც ქუჩის პეიზაჟის წამყვანი ელემენტი) უნდა ქმნიდეს შენობა-ნაგებობის და ქუჩის, საზოგადოებრივი სივრცის “ჰარმონიულ ერთიანობას” და “ღობის ფორმა უნდა იყოს მარტივი და სწორხაზოვანი”.


პროექტს წინ უნდა უძღოდეს კვლევა.

ეს წესი არ ვრცელდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკულტო ნაგებობებზე.

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ უკვე მიიღო დავალება, ათ დღეში გამოაქვეყნოს ღობის დიზაინის სარეკომენდაციო ნიმუშები, ხოლო თბილისის მერიამ დაადგინოს დედაქალაქის შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესი და პირობები.

“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ ამ წესების შემუშავებისას “დეტალურად შეისწავლეს ევროპული ქვეყნების გამოცდილება და ის “თუ როგორ ხდება ევროპის ქვეყნებში ქალაქების მსგავსი რეგულაციების მოწესრიგება და დანერგვა”, - ამბობს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელმაც შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების დადგენილების პროექტი დეკემბრის დასაწყისში კერძო სექტორსაც გააცნო.

“არაფერი იზღუდება… ჩვენი მიზანია, რომ მასობრივი განაშენიანება, განსაკუთრებით რეგიონებში, იყოს სტანდარტიზებული იმისთვის, რომ ქვეყნის ყველა რეგიონში, ქალაქსა თუ დაბაში მაქსიმალურად შევიტანოთ ესთეტიკური იერსახეები“, - ამბობს “ქართული ოცნების” ეკონომიკის მინისტრი.

ევროპის ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერს არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ ისტორიულ გარემოში ნებისმიერი რამ, ფასადი იქნება ეს, შენობის სახურავი თუ სხვა ელემენტები, შესაბამისი დადგენილებებისა და სპეციალისტთა გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება და არქიტექტურულ მემკვიდრეობას იცავს ევროპის საბჭოს შესაბამისი კონვენციაც.

თუმცა ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტები გეგმავენ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენობები კონკრეტულ უბანში ან მთელ ქალაქში. სხვადასხვა წესი მოქმედებს ისტორიული დაცვის ზონებში და მის მიღმა. მთელ ქვეყანაში (გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა), ერთნაირი ფერების, ღობეების ან ფასადური სტილის რაიმე სავალდებულო სტანდარტი არ არსებობს

“ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ უკვე იკვლევენ ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებს, თითოეული მათგანისათვის “დეტალური პროექტის” შესადგენად.

ამ დადგენილების მოთხოვნების შესრულება 2026 წლის 1 ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა. შემდეგ კი ის სავალდებულო გახდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG