ამ სტატიაში განვიხილავთ ოთხ საქმეს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკიდან, რომლებიც აჩვენებს, რა შემთხვევაში მიიჩნევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური პარტიის აკრძალვას გაერთიანების თავისუფლების დარღვევად და რა გარემოებებში შეიძლება გაამართლოს ასეთი მკაცრი ზომა.
ეს საქმეები განსხვავდება ფაქტებითა და პარტიების მიზნებით, თუმცა აჩვენებს სასამართლოს მთავარ მიდგომას - პარტიის აკრძალვის გასამართლებლად მხოლოდ ხელისუფლების უკმაყოფილება ან პარტიის პოლიტიკური შეხედულებები საკმარისი არ არის.
რას ამბობს სტრასბურგი პარტიების აკრძალვაზე?
პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზანშეწონილობას სტრასბურგის სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე აფასებს. ეს მუხლი იცავს გაერთიანების თავისუფლებას, რაც მოიცავს პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლებასაც.
ეს უფლება ხელისუფლებას არ აძლევს უფლებას, პოლიტიკური პარტია თვითნებურად აკრძალოს. კანონი ადგენს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს აუცილებელია, მაგალითად, საზოგადოების ან კონკრეტული ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად.
- სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, „პოლიტიკური პარტიები გაერთიანების ისეთი ფორმაა, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის სათანადო ფუნქციონირებისთვის“.
- სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ „უკიდურესად მკაცრი ზომები, როგორიცაა მთელი პოლიტიკური პარტიის დაშლა, მხოლოდ ყველაზე სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება გამოიყენონ“
რას არქმევს სტრასბურგი „ყველაზე სერიოზულ შემთხვევას“ და როდის მიიჩნევს პარტიის აკრძალვას გამართლებულად?
საქმე N1: „კეთილდღეობის პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“
ერთ-ერთი საქმე, რომელშიც სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია, თურქეთის კეთილდღეობის პარტიას, იგივე „რეფაჰს“ (Refah Partisi), ეხება. პარტია 1983 წელს დაარსდა თურქეთში და წლების განმავლობაში ამომრჩევლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა. 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში მან ხმების დაახლოებით 22% მიიღო, 1996 წელს კი მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიასთან კოალიციური მთავრობა შექმნა.
1997 წლის მაისში თურქეთის პროკურორმა „რეფაჰის“ აკრძალვა მოითხოვა. მისი მტკიცებით, პარტია აპირებდა ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის შექმნას, რომელშიც სხვადასხვა რწმენის ადამიანებზე სხვადასხვა სამართლებრივი წესი გავრცელდებოდა. პროკურორი პარტიის წევრების ძალადობრივ საჯარო განცხადებებსაც ეყრდნობოდა, მათ შორის ამ სიტყვებს:
„ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს მათ, ვინც ზურგი აქცია ყურანის მცნებებს და მათ, ვინც თავის ქვეყანაში ალაჰის მოციქულს უფლებამოსილება ჩამოართვა“; „კეთილდღეობის პარტია ხელისუფლებაში მოვა და სამართლიანი წესრიგი დამყარდება. […] საკითხავია, ეს ცვლილება ძალადობრივი იქნება თუ მშვიდობიანი; სისხლის ღვრას გამოიწვევს თუ არა“.
1998 წლის 16 იანვარს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ „რეფაჰი“ დაშალა. სასამართლოს შეფასებით, პარტია სახელმწიფოს სეკულარიზმის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. პარტიის ქონება სახელმწიფოს გადაეცა, მის სამ ლიდერს კი ხუთი წლით შეეზღუდა პოლიტიკური თანამდებობების დაკავების უფლება.
გადაწყვეტილება სტრასბურგში გასაჩივრდა. პარტიის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მათი განცხადებები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, ხოლო სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის იდეა ადამიანების არჩევანის თავისუფლებას ემსახურებოდა.
2003 წლის 13 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ პარტიის დაშლით კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელ“ ზომად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარტიის წევრები შარიათზე დაფუძნებულ სამართლებრივ სისტემას უჭერდნენ მხარს, ზოგი მათგანი კი ძალადობას დასჯის ინსტრუმენტად განიხილავდა.
შარიათი ისლამურ რელიგიაზე დაფუძნებული წესებისა და პრინციპების ერთობლიობაა. ზოგიერთ ქვეყანაში ის სამართლებრივ სისტემაშიც გამოიყენება. მისი გარკვეული ინტერპრეტაციები ითვალისწინებს შეზღუდვებს, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს, მათ შორის ქალებისა და კაცების თანასწორობას.
სასამართლომ მნიშვნელოვნად ჩათვალა პარტიის მზარდი პოლიტიკური გავლენაც - მას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის რეალური შანსი ჰქონდა. ამიტომ სახელმწიფო არ უნდა დალოდებოდა, სანამ პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავისი გეგმების განხორციელებას დაიწყებდა.
საქმე N2: პარტიები ჰერი ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ
კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამართლებულად მიიჩნია, ესპანეთს უკავშირდება. 2009 წელს სასამართლომ განიხილა ბასკური პოლიტიკური ორგანიზაციების, ჰერი ბატასუნასა და ბატასუნას დაშლის საქმე. ესპანეთის ხელისუფლება მათ ტერორისტულ ორგანიზაციასთან - „ბასკური სამშობლო და თავისუფლება“ (ETA) კავშირსა და მისი საქმიანობის პოლიტიკურ მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
ბასკები (Basques) ევროპაში მცხოვრები ეთნოკულტურული ჯგუფია, რომელსაც საკუთარი ენა, კულტურა და ეროვნული იდენტობა აქვს. ისინი ძირითადად ესპანეთის ჩრდილოეთსა და საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობენ.
ბასკების პოლიტიკური მოძრაობის ისტორიული მოთხოვნაა თვითგამორკვევის უფლება - უფლება თავად გადაწყვიტონ, დარჩებიან ესპანეთის შემადგენლობაში, მიიღებენ უფრო ფართო ავტონომიას თუ შექმნიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
„ბასკური სამშობლო და თავისუფლება“ (ETA) - 1959 წელს დაარსებული შეიარაღებული სეპარატისტული ორგანიზაცია იყო. ის ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ამ მიზნის მისაღწევად ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა.
2002 წელს ესპანეთმა პოლიტიკური პარტიების შესახებ ახალი კანონი მიიღო. იმავე წლის სექტემბერში მთავრობამ უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა ჰერი ბატასუნას, ბატასუნასა და კიდევ ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის დაშლა. 2003 წლის 27 მარტს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სამივე ორგანიზაცია უკანონოდ გამოაცხადა.
გადაწყვეტილება სტრასბურგში გასაჩივრდა. პარტიის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ პარტიების დაშლა გაერთიანების თავისუფლებას არღვევდა და გადაწყვეტილება ბასკური დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური მოძრაობის შეზღუდვას ემსახურებოდა.
2009 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „პარტიების დაშლით გაერთიანების თავისუფლება არ დარღვეულა“.
სასამართლომ მიიჩნია, რომ „ჩარევა გადაუდებელ საზოგადოებრივ საჭიროებას პასუხობდა. პარტიების პოლიტიკური გეგმები შეუთავსებელი იყო დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებთან და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ესპანეთის დემოკრატიას“.
საქმე N3: თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ
თურქეთის კიდევ ერთ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ პარტიის აკრძალვა არ გაამართლა და დაადგინა, რომ ქვეყანამ დაარღვია გაერთიანების თავისუფლება.
1991 წლის ივლისში თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ წინა წელს შექმნილი - „გაერთიანებული კომუნისტური პარტიის“ დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის წინააღმდეგ რამდენიმე არგუმენტი იყო: სახელწოდებაში სიტყვა „კომუნისტი“ და პოლიტიკური გაერთიანების პროგრამა, რომელიც, ხელისუფლების ხედვით, საფრთხეს უქმნიდა თურქეთის ეროვნულ ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თურქეთის გაერთიანებული კომუნისტური პარტია ითხოვდა ქურთული საკითხის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით მოგვარებას. პარტიის პროგრამა ითვალისწინებდა ქურთული კულტურისა და ენის აკრძალვის გაუქმებას, ქურთების თანასწორუფლებიანობის აღიარების კონსტიტუციურ გარანტიების შექმნას. თურქეთის ხელისუფლებას კი მიაჩნდა, რომ პარტიის პროგრამა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აკრძალულმა პარტიამ და მისმა ორმა ხელმძღვანელმა, ნიჰათ სარგინმა და ნაბი იაღჯიმ, გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათი პროგრამა არ აღვივებდა სეპარატიზმს და პარტია მანამდე დაშალეს, სანამ საქმიანობის დაწყებას შეძლებდა.
1998 წლის 30 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ თურქეთმა დაარღვია კონვენციის მე-11 მუხლი.
სასამართლომ გადაწყვეტილებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი არგუმენტი გამოკვეთა:
- პარტიის სახელწოდება თავისთავად მისი დაშლის საკმარისი საფუძველი არ არის;
- ქურთული საკითხის საჯარო განხილვა ავტომატურად არ ნიშნავს სეპარატიზმის მხარდაჭერას;
- პარტიის მიზნების დასადგენად არ არის საკმარისი, რას ედავება მას ხელისუფლება - საჭიროა თავად პარტიის პროგრამისა და განცხადებების შეფასებაც;
- მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროგრამა, არამედ პარტიის რეალური საქმიანობაც.
ევროპულმა სასამართლომ თურქეთს პარტიის ორი ხელმძღვანელისთვის 120 000 ფრანგული ფრანკის ოდენობით სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დაავალა, თუმცა გადაწყვეტილებაში პარტიის აღდგენის პირდაპირი ვალდებულება არ განუსაზღვრავს.
საქმე N4: სოციალისტური პარტია და სხვები თურქეთის წინააღმდეგ
სტრასბურგის სასამართლომ გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დაადგინა თურქეთის სოციალისტური პარტიის საქმეზეც. პარტია მხარს უჭერდა თურქეთის ფედერალურ სახელმწიფოდ გარდაქმნას, რომელშიც თურქები და ქურთები თანასწორად იქნებოდნენ წარმოდგენილი. პარტიის ლიდერი, დოღუ პერინჩექი, საუბრობდა ქურთების თვითგამორკვევის უფლებაზეც. მისი განცხადებით, ფედერალური სისტემის შექმნას სჭირდებოდა ქურთების თანხმობა, რომელიც რეფერენდუმით უნდა გამოხატულიყო. 1992 წელს თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია დაშალა, რადგან ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ მისი პროგრამა საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ერთიანობას.
პარტიამ გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. მისი პოზიციით, ფედერალური სახელმწიფოს იდეა ემსახურებოდა ქურთული საკითხის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარებასა და ორი ხალხის თანასწორობას.
1998 წლის 25 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ თურქეთმა კონვენციის მე-11 მუხლი დაარღვია. სასამართლოს განმარტებით, „ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პროგრამა თურქეთის სახელმწიფოს არსებულ პრინციპებსა და მოწყობას ეწინააღმდეგება, არ ნიშნავს, რომ ის დემოკრატიის პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. დემოკრატიის არსი სწორედ ისაა, რომ შესაძლებელი იყოს სხვადასხვა პოლიტიკური პროგრამის შეთავაზება და განხილვა“.
სტრასბურგმა თურქეთის სახელმწიფოს პარტიის ორი ხელმძღვანელისთვის ჯამში 100 000 ფრანგული ფრანკის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა. თუმცა პარტიის აღდგენა არ მოუთხოვია.
საქართველოს საქმე - რას შეაფასებს სტრასბურგი?
„ვინაიდან ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ვითხოვთ, შემდეგი პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად, აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტიები და გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“, - ამ არგუმენტებით ასაბუთებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აუცილებლობას.
თუმცა, სარჩელში მთავრობისთვის პრობლემურ ბევრ სხვა საკითხზეც არის საუბარი - მათ შორის იმაზეც, რომ ოპოზიციური პარტიები არჩეულ ხელისუფლებას არალეგიტიმურად აცხადებენ. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს იმასაც, რომ ეს ოპოზიციური პარტიები უცხოეთისგან საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების „დასჯას“ მოითხოვენ, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს და ისინი კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საუბრობდა. ამბობდა, რომ პარტიას სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა „წამოეწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება…“ ივანიშვილის თქმით, ამ გზით ისინი „ერთხელ და სამუდამოდ მოაშორებდნენ ქვეყანას მძიმე სენს, რომელიც მას, უკვე ორი ათწლეულია, არ ასვენებს“.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი სტრასბურგის სასამართლოს არაერთხელ განუხილავს. თუმცა, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, საქართველოს შემთხვევა მაინც განსხვავებული იქნება - სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში ვერ მოვიძიეთ ხუთი პარტიის ერთდროულად აკრძალვის პრეცედენტი.
სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვისთვის მხოლოდ სახელმწიფოს ბრალდებები საკმარისი არ არის. სასამართლო ამოწმებს, ბრალდებების დასაბუთებას და აფასებს, უქმნის თუ არა კონკრეტულად ეს პოლიტიკური ორგანიზაცია საფრთხეს დემოკრატიას და ასევე იმას, არსებობს თუ არა ამ საფრთხისგან თავდაცვის ნაკლებად რადიკალური გზა.
ხუთი პოლიტიკური პარტიის „ერთიანი ბრალის, კოლექტიური პასუხისმგებლობის ინსტიტუტი არ არსებობს არც კონსტიტუციურ სამართალში, არც სისხლის სამართალში და არც სამართლის რომელიმე სხვა სფეროში“, - გვეუბნება იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე.
„რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა პროტესტი, რა სამდურავი გაგაჩნიათ და რომელი ფაქტები უნდა შეერაცხოს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას...“ - ამ საკითხში სიცხადის შეტანის გარეშე „ძალიან გაჭირდება საერთოდ პროცესის ჩატარება“, - მიმართა 21 ოქტომბრის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეებს.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს ნაწილობრივ მაინც დააკმაყოფილებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „სტრასბურგის სასამართლო ცნობს სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დარღვევას“, თუ საქმე ამ ორგანომდე მივა, რადგან „ქართული ოცნების“ სარჩელი არ ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ისიც, რამდენად ასაბუთებს და როგორ ხსნის ხელისუფლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის აუცილებლობას.
ბარამიძე მიიჩნევს, რომ სარჩელში არ არის ფაქტები, რომლებიც აჩვენებდა „რა მყისიერ და არსებით საფრთხეს უქმნის რომელიმე პარტია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, კონსტიტუციურ წყობილებას“. მისი თქმით, სტრასბურგი შეაფასებს, არსებობს თუ არა პარტიების აკრძალვისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულებები.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დიდი ალბათობით, იმსჯელებს იმაზეც, რამდენად შეიძლება ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და არჩევნების შედეგების არაღიარება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძველი გახდეს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის თემატურ მიმოხილვაში პოლიტიკური პარტიების გაუქმების შესახებ ათი გადაწყვეტილებაა შესული. 10-დან 8 შემთხვევაში (80%) სტრასბურგმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ პარტიის გაუქმებით გაერთიანების თავისუფლება დაარღვია. ორ შემთხვევაში - თურქეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ განხილულ საქმეებში სასამართლომ პარტიის აკრძალვა კონვენციასთან შესაბამისად მიიჩნია.
მიმოხილვაში შესული ათი საქმიდან რვა თურქეთის წინააღმდეგ იყო აღძრული, ერთი ესპანეთის, ერთი კი რუსეთის წინააღმდეგ. ეს მონაცემები ასახავს სასამართლოს მიერ შერჩეულ პრეცედენტებს და არა ყველა განხილული საქმის სრულ სტატისტიკას.
ფორუმი