Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება - რუსული მედიის „თარგმანი“


საქართველოს მთავარი პროკურატურის 17 ოქტომბრის განცხადებას, რომ გახსნილია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე, დიდი ინტერესით მოეკიდა რუსეთის მედია. გამოქვეყნებული სტატიების სათაურები კი, ფაქტობრივად, იდენტურია და მასში შემდეგი სიტყვები ფიგურირებს - „სააკაშვილი“, „მკვლელობის სანქცია“და „პატარკაციშვილი“. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

„სააკაშვილმა გასცა პატარკაციშვილის მკვლელობის სანქცია“ – „რია ნოვოსტი“

"სააკაშვილმა გასცა სანქცია: როგორ მოკლეს ბიზნესმენი ბრიტანეთში“ – გაზეტა.რუ

„საქართველს პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობის სანქცია სააკაშვილმა გასცა“ – ვესტი.რუ

„მილიარდერი პატარკაციშვილის მკვლელობის სანქცია სააკაშვილმა გასცა – საქართველო“ – „არგუმენტი ი ფაქტი“.

რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი, გადაცემა „ვრემია“ – სიუჟეტის სათაურია: „ბადრი პატარკაციშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს“.

გადაცემის წამყვანმა სიუჟეტს, ასეთი შესავალიც წაუმძღვარა:

„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სენსაციური მასალები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, იმჟამად მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მთავარი მტერი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ბადრი პატარკაციშვილი, დიდი ალბათობით მოკლეს. მოკლეს მისი პოლიტიკური ოპონენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ვერსიით, პატარკაციშვილი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა – გულმა უმტყუნა. ზუსტად ისე, როგორც დასავლეთის ფავორიტისა და რჩეულის მტრის გულს შეეფერება – არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე. ეს ვერსია, რომ საეჭვო იყო ყველას ესმოდა, გარდა კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მხურვალე ადეპტსა და მეგობარს, როგორიც იყო მიშიკო. ის იყო ადეპტი და მეგობარი, როცა მძინარე ხალხს კლავდნენ სამხრეთ ოსეთში, უფრო ადრეც, როდესაც სააკაშვილის მეტოქეს – ზურაბ ჟვანიას კლავდნენ".

მთავარი პროკურატურის განცხადებით, აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს ასახავს, 2016 წლის დეკემბერში იქნა მოპოვებული. ჩანაწერები ამოიღეს ერთ-ერთ ცნობილ საქმეზე დაკავებული პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას. პროკურატურის ინფორმაციით, ორი წელი დასჭირდათ ათობით ფაილის ექსპერტიზისთვის და მათივე განცხადებით, მხოლოდ ექსპერტიზის შედეგების მიღების შემდეგ გაასაჯაროვეს ინფორმაცია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG