Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარ ხატს აფხაზები უკან აბრუნებენ - ხატი უკვე საოკუპაციო ხაზზეა


ღვთისმშობლის ხატი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძარს აჩუქეს, უკვე გადმოტანილია მდინარე ენგურზე მდებარე საოკუპაციო ხაზთან.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა აფხაზეთის ვეტერანთა ორგანიზაციის - „არუაა“-ს მომხრემ, ნაირა ამალიამ.

მანამდე ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხატს ე.წ. საბაჟო პოსტზე გადმოიტანდნენ, „სადაც ის შეინახება მანამდე, ვიდრე ქართული მხარე არ იზრუნებს ხატის დაბრუნების ორგანიზებაზე“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების აფხაზეთში სტუმრობამ შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას თანამდებობა. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა საკანია თითქმის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს. თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებული მასშტაბური ვნებათაღელვის ფონზე, ირმა ინაშვილმა ახლახან განაცხადა, რომ „ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთში დარჩება“.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, 20 აგვისტოს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 24 აგვისტოს კი, პრესკონფერენციაზე, თავად ირმა ინაშვილმაც დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან, გიორგი ლომიასთან ერთად. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, - განაცხადა ინაშვილმა.

ოდნავ მოგვიანებით მან თავის ფეისბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG