Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლაჟზე პირბადეს არ მოგთხოვენ


დამსვენებლებს არა, მაგრამ შეზლონგების გამქირავებელს პირბადე უნდა ეკეთოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიუახლოვდება და სავალდებულო დისტანციას დაარღვევს.

ეს არის ზღვის სანაპიროზე აუცილებლად დასაცავი უსაფრთხოების წესების ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში 15 ივნისს შიდატურიზმი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა შეზლონგებისა და ქოლგების დაქირავება ბათუმის სანაპიროზე 4 ივლისიდანაა შესაძლებელი. პლაჟების მოიჯარეებს დღეს ოფიციალურად მიეცათ საშუალება ზღვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა სანაპიროზე განელაგებინათ. შეზლონგების მფლობელებს წელს პირდაპირი წესით გაუფორმეს ხელშეკრულებები, აუქციონი კი აღარ გამოაცხადეს. პანდემიის გამო, ბულვარის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგების მიერ წესების შემუშავებას ელოდა. ამიტომ დაგვიანდა ბათუმის სანაპიროზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. წელს შეზლონგებისა და ქოლგების დადგენილი ფასი გამქირავებლებს ხელშეკრულებაში არ ჩაუდეს. ამის ნაცვლად, მათ ხელშეკრულებით Covid-19-ის პრევენციისთვის აუცილებელი წესების დაცვა დაევალათ:

„სასიხარულო ის არის, რომ პირბადის გარეშე შეგვეძლება რუჯის მიღება, ბანაობა და სანაპიროზე ყოფნა. ჩვენ ევროპული სანაპიროების გამოცდილება გავიარეთ და იქ უფრო მკაცრი წესებია. ჩვენი სანაპირო კი განსხვავებულია - მთლიანად ქალაქზე გადაშლილი. თან, ეპიდსიტუაცია ჩვენ უკეთესი გვაქვს, ამიტომ შევეცადეთ ისეთი აკრძალვები და შეზღუდვები მიგვეღო, რომელთა შესრულება შესაძლებელია“, - ამბობს ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე.

მთავარი წესი ზღვის სანაპიროზეც დისტანციისა და ჰიგიენის დაცვაა. საპლაჟო ინფრასტრუქტურის გამქირავებელს კი ევალება ყოველი გამოყენების მერე შეზლონგები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაოს. თერმოსკრინინგი მხოლოდ შეზლონგის გაქირავებაზე მომუშავე თანამშრომლებისთვისაა სავალდებულო.

100 %-იანი მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ ბულვარის სანაპირო ზოლი თითქმის 8 კილომეტრია, სადაც ერთდროულად 10 ათასობით დამსვენებელი იმყოფება.
ირაკლი ჯინჭარაძე

პლაჟზე ნარჩენების გადაყრას თავისი წესი ექნება: გამოყენებული ხელთათმანები და პირბადეები პარკში უნდა მოთავსდეს და სანაპიროზე სპეციალურად დამონტაჟებულ დახურულ სანაგვე ურნაში ისე უნდა გადაიყაროს. პლაჟის დანაგვიანება 80-ლარიანი ჯარიმით ისჯება. რაც შეეხება სხვა წესების დაცვის კონტროლს, როგორც ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, ამბობს, ამას ბათუმის ბულვარისა და ქალაქის მერიის სპეციალური სამსახურები გააკონტროლებენ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი აქაც თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა:

„100 %-იანი მონიტორინგის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ ბულვარის სანაპირო ზოლი თითქმის 8 კილომეტრია, სადაც ერთდროულად 10 ათასობით დამსვენებელი იმყოფება. ამიტომ ვთხოვ ყველას, დაიცვან რეკომენდაციები, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი სანაპიროსთვის ან ქვეყნისთვის კი არა, პანდემია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა. დაგვეხმარეთ დამსვენებლები და პლაჟზე მისულებმა ერთმანეთის გადაკოცნისგან და ჩახუტებებისგან, რაც გვჩვევია და ჩვენი ტრადიციაა, თავი შეიკავეთ“.

ქობულეთის პლაჟი
ქობულეთის პლაჟი

ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, პლაჟზე დასვენების წესები საინფორმაციო დაფებზე განთავსდება. ბულვარის სამსახურები ვალდებული იქნებიან, აგრეთვე, პლაჟზე არსებული ღია საშხაპეები და გამოსაცვლელები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშაონ.

მწვანე ზონა მაინც პირობითი იყო და მოლოდინი იყო და გვაქვს შემთხვევების დაფიქსირების, მაგრამ ახლანდელი პაციენტები ყველა სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან...
ნინო ნიჟარაძე

ყველა ეს წესი, რითაც ბულვარის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით შეიმუშავა.

აჭარა, თვეზე მეტია, მწვანე ზონად იყო გამოცხადებული, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების არარსებობის გამო, თუმცა მიმდინარე კვირას სამი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძე, ამბობს, რომ სამივე შემთხვევა იმპორტირებულია:

„მწვანე ზონა მაინც პირობითი იყო და მოლოდინი იყო და გვაქვს შემთხვევების დაფიქსირების, მაგრამ ახლანდელი პაციენტები ყველა სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან და ყველას იშვიათი კლინიკური სიმპტომები აქვთ. ისინი პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. ერთი კვირის შემდეგ სამივე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება“.

ნინო ნიჟარაძისავე თქმით, ბათუმში ამჟამად არ არსებობს COVID-19-ის შიდაგავრცელების შემთხვევა. არც ინფექციის გავრცელების დაუდგენელი წყარო არსებობს. მისივე თქმით, ეს დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა შიდატურიზმის თვალსაზრისით, თუმცა, ამავე დროს, ეპიდსიტუაცია ისევ მოქალაქეებზე იქნება დამოკიდებული:

„შიდატურიზმის, მიმოსვლის ინტენსივობასა და მოსახლეობის სიმჭიდროვესთან ერთად რისკები იმატებს, ამიტომ გვინდა მოსახლეობას შევახსენოთ: ფიზიკური დისტანცირება, ნიღბის გამოყენება ყველა ტიპის დახურულ სივრცეში, ხელის ჰიგიენა - ამის დაცვა არის აუცილებელი, რომ თუნდაც მოსალოდნელი რისკები მინიმუმამდე არსებობდეს“.

სეზონის გახსნისთვის პლაჟის ინფრასტრუქტურა ნაწილობრივ მზად არის
please wait

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00

ტურისტულ ქალაქში უკვე მოქმედი წესების გამკაცრება მთლიანად იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციაზე - არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG