Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეოს ვიზიტი არჩევნების შედეგების ბოიკოტის ფონზე - ვინ რას ელის აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან?


 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

რისთვის ჩამოდის ამერიკის სახელმწიფო მდივანი?

ოპოზიციური სპექტრი, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, იმედოვნებს, რომ ამ საკითხს ყურადღებას დაუთმობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, რომელიც საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვა. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელისუფლების ოპონენტებს ბრალს სდებს, რომ ისინი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ამ მოვლენას საკუთარი ვიწრო პარტიული მიზნებისთვის იყენებენ.

  • რა მიზნით ჩამოდის მაიკ პომპეო საქართველოში?
  • არის თუ არა საყურადღებო აშშ-ისთვის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები?
  • რა მესიჯებს ელოდებიან სახელმწიფო მდივნისგან საქართველოში?

მაიკ პომპეო საქართველოში 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში ჩამოდის. საქართველოს ის 17 ნოემბერს, ორი დღით, საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ ეწვევა და ამის შემდეგ გააგრძელებს გზას - ისრაელისკენ, კატარისკენ, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთისკენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ტვიტერის ანგარიშზე ატვირთული ვიდეოგანაცხადით ვიგებთ, რომ - ვიზიტის ფარგლებში განსახილველი თემები განსხვავებული იქნება თითოეული ქვეყნის შემთხვევაში, რადგან თითოეული ქვეყნისთვის აქტუალურია „მრავალი განსხვავებული საკითხი“.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, 17-18 ნოემბერს დაგეგმილი შეხვედრებისა და მიზნების შესახებ ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა და შემდეგ ის საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა.

მოკლე ტექსტში აქცენტი დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების საჭიროებაზეც არის დასმული:

  • „ის შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს - რათა გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი განვითარებისკენ“;
  • „ის ასევე შეხვდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს, მის უწმინდესობას, ილია მეორეს“.

თბილისში გამართულ შეხვედრებზე განხილვის საგანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებაც რომ იქნება, ეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდანაც ჩანს, თუმცა მინისტრ დავით ზალკალიანს არალოგიკურად ეჩვენება ოპოზიციის რწმენა, რომ მაიკ პომპეო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პროტესტს, რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება.

11 ნოემბერს მინისტრმა ოპონენტებს „თარგმანში, განცხადებებში, ლოგიკაში“ დაკარგულებიც უწოდა და თქვა, რომ მიუღებელია, როცა ისინი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს „იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და მანიპულაციებისთვის“.

„არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი გამოიყენო შიდა პოლიტიკური ინტერესებისთვის. აქ უმთავრესი გზავნილი არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა, საქართველოს სტაბილურობის, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა, ჩვენი როლი რეგიონში, როგორც ერთ-ერთი ლიდერის წარმოჩენა, ეს არის ვიზიტის მთავარი გზავნილი და არა ის, რაზეც ოპონენტები საუბრობენ... ოპონენტებმა, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაგება იმ განცხადებებისა, რაც გაჟღერდა უკვე“.

ზალკალიანის თქმით, პომპეო 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ იმისგან განსხვავებულს არაფერს იტყვის, რაც არჩევნების შემდეგ აშშ-ის საელჩომ განაცხადა და ურჩევს ოპონენტებს წაიკითხონ ეს განცხადება.

ოპოზიციის წარმომადგენლები პრობლემად არ მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მაიკ პომპეოს ვიზიტის განრიგში არ არიან მოხსენიებული. ნაწილს სჯერა, რომ სახელმწიფო მდივანთან საუბრის შანსი ჯერ ისევ არსებობს; ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში - ხმა შესაძლოა სხვა გზითაც მიაწვდინონ და პომპეო, რომელიც მუდმივად იჩენდა ყურადღებას საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესების მიმართ, მათი რწმენით, ადეკვატურ შეფასებებს გააკეთებს არჩევნების გაყალბების გამო ქვეყანაში გამწვავებულ კრიზისთან დაკავშირებით.

  • „უნდა ჩატარდეს აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება ალბათ უფრო არა ხმაურიანი, მშვიდი აქცია, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას კიდევ ერთხელ დაანახებს მაღალ ამერიკელ სტუმარს“ - ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო“;
  • „ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი და ბუნებრივია, რეგიონში არსებულ ვითარებასთან ერთად, მაიკ პომპეო განიხილავს სწორედ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს... ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოებისთვის - რა გზავნილები ექნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს“ – ზაალ უდუმაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“;
  • „რაც მოხდა 31 ოქტომბერს, ეს დემოკრატიისგან ძალიან შორს არის - კრიმინალთან ალიანსს, ჩაყრილ ბიულეტენებს, კარუსელებს არავითარი კავშირი არა აქვს დემოკრატიასთან და რა თქმა უნდა, ეს კონტექსტიც აქვს სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს... მეორე კონტექსტია - რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც საქართველო უნდა იყენებდეს, მაგრამ არ იყენებს ნატოში გაწევრიანების საკითხის დასაძრავად“ - გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველო“.

საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე - დავით სიხარულიძე მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას უმნიშვნელოვანეს მოვლენად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პომპეო პრეზიდენტ ტრამპის წარმავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანია - „საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა დემოკრატებისა და რესპუბლიკელების პარტიულ მონაცვლეობაზე არ არის დამოკიდებული და ის განგრძობადობით ხასიათდება“.

სიხარულიძე მოელის, რომ ვიზიტისას საუბარი თავისთავად შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას - მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ჭრილში; თუმცა საგანგებო ყურადღების ცენტრში იქნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულება და მათ შორის, ცხადია - ქვეყნის დემოკრატიული განვითარება - „რადგან საქართველოს ფასი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მაღალია დემოკრატიისა და სტაბილურობის ხარისხი“.

დემოკრატიული განვითარების პრიზმაში კი, სიხარულიძის აზრით, ყურადღება აუცილებლად გამახვილდება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე და მით უფრო, არასახარბიელო შეფასებების ფონზე.

„განცხადებებში, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოჰყვა ჩვენს არჩევნებს, მე საერთოდ საამაყოს ვერაფერს ვხედავ, ხელისუფლებისგან განსხვავებით. აქ საკმაოდ მძიმე ფორმულირებებს ვხვდებით, რომ იყო ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა და გამქრალი იყო ზღვარი ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის... არ ვფიქრობ, რომ ეს საამაყოა“ - ეუბნება დავით სიხარულიძე რადიო თავისუფლებას.

ის არ გამორიცხავს, რომ სტუმრის განრიგში ცვლილებებიც შევიდეს და წინასწარ დასახელებული პირების გარდა, სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდეს.

საქართველოში მიმდინარე საარჩევნო სისტემის რეფორმასთან და არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით მაიკ პომპეომ და მისმა უწყებამ გასულ თვეებში არაერთი განცხადება გააკეთეს.

  • 1 ივლისს, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა - „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მაღალი თანამდებობის პირებს, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და შეასრულონ გაცემული დაპირებები საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის მიღებით“.
  • სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმავე პერიოდში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად - „საქართველოს დემოკრატიული ევოლუციისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის გამართვა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანს გამოხატავს. წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების დღის პროცესი“;
  • საქართველოში „თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების“ ჩატარების აუცილებლობაზე სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დისტანციურად ესაუბრა 27 ივლისსაც და იქვე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერების აუცილებლობა არჩევნების დეპოლიტიზების მიზანსაც დაუკავშირა.

ამ განცხადებებით ჩანს, რომ მაიკ პომპეოს საქართველოში უმაღლესი სტანდარტის, ანუ „თავისუფალი და სამართლიანი“ - არჩევნების ხილვის იმედი ჰქონდა. თუმცა ასეთ ფორმულირებას ვერ ვხვდებით OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაში, რომელიც ყველაზე სანდო და აღიარებული დოკუმენტია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. აქვეა ლაპარაკი არაერთი სახის დარღვევასა და საქართველოში სახელმწიფოსა და პარტიას შორის წაშლილ ზღვარზე.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი, ყოფილი ელჩი ეუთოში, პაატა გაფრინდაშვილი, სხვა ანალიტიკოსების მსგავსად ვარაუდობს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი სპონტანური არ არის და ის მანამდეა დაგეგმილი, ვიდრე საქართველოში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისი დაიწყებოდა.

შესაბამისად, სტუმრის განრიგის შეცვლას არც ის გამორიცხავს და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება - თუკი მაიკ პომპეო ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეხვდება, ეს სამწუხარო სიგნალი იქნება მათთვის.

„თუკი არ შეხვდება, ეს ვერ იმეტყველებს ოპოზიციის სიძლიერეზე. მე, როგორც მოქალაქე და როგორც ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, ვისურვებდი და ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება, რადგან ამაში უჩვეულო არაფერია - ასეთი სპონტანური ცვლილებები ყოფილა სხვა დროსაც და სახელმწიფო მდივნები ხვდებიან ოპოზიციურ სპექტრსაც... ვისურვებდი, რომ აშშ-მ თანმიმდევრულად გააგრძელოს იმ თემების განხილვა, რაზეც თავად იყო ფოკუსირებული“.

პაატა გაფრინდაშვილი მოელის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რაც შესაძლოა საჯარო განცხადებებში არ აისახოს, მაიკ პომპეო გაამახვილებს ყურადღებას და აქტიური მსჯელობაც იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნების ხარისხთან და სადავო შედეგებთან დაკავშირებით.​

ამასთან, GRASS-ის ხელმძღვანელი თბილისში არც ანაკლიის პორტის თემის წამოწევას გამორიცხავს, რადგან სახელმწიფო მდივანის, პომპეოს მიერ 2019 წლის ივნისში ამ პროექტის მხარდამჭერი ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა - „შემდეგ კი, ყველამ იხილა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა აღარ გაგრძელებულა და ეს პროექტი ჩავარდა“.

2019 წლის 11 ივნისს, ვაშინგტონში, საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG