Accessibility links

პრეზიდენტი "გავრილოვის ღამისა" და ოპოზიციონერების გასამართლების შესახებ


პოლონელმა დეპუტატმა, ალექსანდერ პოცეიმ საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა ე.წ. გავრილოვის ღამესა და ბიძინა ივანიშვილის განცხადების კვალდაკვალ ოპოზიციონერი ლიდერების გასამართლებასთან დაკავშირებით. შეკითხვა დაისვა 28 იანვარს, სტრასბურგში, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მე პოლონეთის მოქალაქე ვარ და ალბათ იცით, რომ პოლონელი ხალხი საქართველოს მეგობარია. მაგრამ საქართველოს ბევრი მეგობარი, აშშ-ის კონგრესისა და ევროპარლამენტის ჩათვლით, გამოხატავს წუხილს შემაშფოთებელი ტენდენციების გამო საქართველოში, განსაკუთრებით - ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ. 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ ბევრად მეტი ოპოზიციონერი ლიდერი მოხვდება ციხეში და დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება ზოგიერთი ოპოზიციონერის წინააღმდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ეს საკითხები თქვენ არ გაშფოთებთ?“, - ასეთი იყო პოლონეთის დელეგაციის წევრის შეკითხვა.

ალექსანდერ პოცეისთვის პასუხის გაცემისას, სალომე ზურაბიშვილს თავად აღარ უხსენებია ბიძინა ივანიშვილი; თქვა, რომ ოკუპირებული საქართველო არ დაუშვებდა ოპოზიციონერების პარლამენტში შეჭრის ფაქტს, მათ შორის, იმის გამოც, რომ რუსეთის გააქტიურების საფრთხე არსებობს.

ზურაბიშვილის მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. გავრილოვის ღამე ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მოხდა და არა მანამდე.

ქრონოლოგიის თანახმად კი, ირაკლი კობახიძე პოსტიდან 21 ივნისს გადადგა, ხოლო „გავრილოვის ღამედ“ მოიხსენიება 20-21 ივნისის ღამე, როცა ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის შედეგად 240 ადამიანი დაშავდა და თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ.

სალომე ზურაბიშვილმა პოლონელ დეპუტატს ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, ჩვენ ეს საკითხი ორ ნაწილად უნდა გავყოთ. პირველი იყო ქართული საზოგადოების სპონტანური აღშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ რუსი დეპუტატი იყო საქართველოს პარლამენტში და წარმოთქვამდა სიტყვას, მიუღებელს ქვეყნისთვის, რომლის 20% ოკუპირებულია… არც მე და არც არავინ არ უჭერდა მხარს ვინმეს ცემას, მაგრამ ვიღაცას თავი უნდა შეეკავებინა...

მეორე ნაწილი კი, რაც ბატონი გავრილოვის საქართველოდან წასვლის შემდეგ მოხდა… მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე პოსტიდან გადადგა ამ ინციდენტზე პასუხისმგებლობის აღების გამო... მას შემდეგ, რაც საკითხი დაიხურა, დაიწყო მომდევნო ეტაპი, მომდევნო ფაზა და საფრთხე დაემუქრა პარლამენტს. იყო პარლამენტის აღების მკაფიო მცდელობა და ეს პირდაპირ ითქვა იმ რადიკალი ლიდერების მიერ, რომლებიც უძღვებოდნენ ამ პროცესს“.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების რეაგირება იყო ადეკვატური, აუცილებელი და მას სხვა ქვეყნებში უფრო მეტი რეპრესიაც უნახავს.

„არ ვიცი არცერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც დაუშვებდა პარლამენტის ძალისმიერ აღებას. მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და რუსეთის ძალები დგას იმავე პარლამენტის შენობიდან 40 კილომეტრში და როდესაც ჩვენ ვიცით, რამდენად იოლად შეუძლია რუსეთს დესტაბილიზაცია გამოიყენოს ქვეყანაში შესასვლელად. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების რეაგირების მეორე ფაზა იყო აუცილებელი და იყო შეზღუდული…. მინახავს ბევრად მეტი რეპრესია სხვა ქვეყნებში, როდესაც ისინი არიან არასტაბილურობის სიტუაციებში და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ახალგაზრდა დემოკრატიამ თავი საკმაოდ კარგად დაიცვა“.

სერგეი გავრილოვი თავის შეკითხვაში PACE-ში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ასევე კომუნისტმა დეპუტატმა, ლეონიდ კალაშნიკოვმაც ახსენა. მას აინტერესებდა, რატომ არ დაგმო სალომე ზურაბიშვილმა თბილისში მყოფი რუსი დეპუტატის ცემის ფაქტი. „თქვენი ქვეყანა სახიფათო გახდა“, - ასეთი იყო კალაშნიკოვის შეფასება.

სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ კალაშნიკოვის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მაისში, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას უმასპინძლებს, საქართველო არ აპირებს აამოქმედოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ იმ რუსი დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან არ არიან შესული.

„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ დავიცვათ საერთაშორისო ვალდებულებები... ჩვენ ვხელმძღვანელობთ საპარლამენტო ასამბლეის წესებითა და ამ ორგანიზაციის პრინციპებით. ეს არ არის ადვილი, ეს არ არის იოლად მისაღები მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG