Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის ვადა ეწურება


საქართველოს პრეზიდენტმა ორი დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში. გიორგი მარგველაშვილს 18 ივლისს აქვს ბოლო ვადა გააკეთოს არჩევანი სამ დასახელებულ კანდიდატს შორის და დასამტკიცებლად წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატი, ასევე მინისტრთა კაბინეტი.

სამი კანდიდატიდან ორი აჭარის საკანონმდებლო ორგანოში არსებულმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა შესთავაზეს პრეზიდენტს, ერთი კი - მოქალაქეების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა.

თორნიკე რიჟვაძე
თორნიკე რიჟვაძე

უმაღლეს საბჭოს უმრავლესობას, რომელსაც ქართული ოცნება წარმოადგენს, უკვე დასახელებული ჰყავს თავმჯდომარეობის კანდიდატად 29 წლის თორნიკე რიჟვაძე, 16 ივლისს კი უმრავლესობამ რეგიონის მინისტრთა კაბინეტის ნაწილობრივ შეცვლილი შემადგენლობა წარუდგინა. ქართული ოცნება თვლის, რომ თანამდებობა უნდა დატოვოს ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, მის ნაცვლად კი ჯაბა ფუტკარაძეს ასახელებს. სოფლის მეურნეობის მინისტრ ავთანდილ მესხიძე კი ტიტე აროშიძემ ჩაანაცვლოს. პოსტს შეინარჩუნებენ: განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზაალ ბოლქვაძე, თუ პრეზიდენტი სწორედ უმრავლესობის მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძეს წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დავით ბაციკაზე ამბობს, რომ სხვა კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში ქართული ოცნების დეპუტატები არათუ მხარს არ დაუჭერენ მას, არამედ კენჭისყრაშიც არ მიიღებენ მონაწილეობას:

„თუკი საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს სხვა კანდიდატურას, ის შეგნებულად გამოიწვევს კრიზისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმიტომ რომ ჩვენ უმაღლესი საბჭოს 14-ვე წევრმა „ქართული ოცნებიდან“ დავასახელეთ ჩვენთვის მისაღები კანდიდატი და ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, მოსახლეობის უმრავლესობას ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა და ოთხი წლით „ქართული ოცნება“ უნდა იყოს მმართველი ძალა აჭარაში, ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი და სხვა კანდიდატის წარდგენა ეს უკვე არის ავანტიურა და პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა. რამე აჟიოტაჟს და ინსინუაცი​ებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, ქართული ოცნება არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ საქართველოს პრეზიდენტი სხვა კანდიდატს წარმოგვიდგენს... „ქართული ოცნება“, არ შევალთ და არ მივიღებთ მონაწილეობას ხმის მიცემის პროცესში, რომ ვინმეს არ შეექმნას მოლოდინი, თითქოს სხვა რაღაც შესაძლებელია“, - ამბობს დეპუტატი დავით ბაციკაძე ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“.

შესაძლებელი კი ისაა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა სხვა კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ფიქრობენ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც აცხადებენ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა; გარდა ამისა კანდიდატი, რომელიც ოპოზიციურმა ფრაქციამ, ოთხი დეპუტატის შემადგენლობით და „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი დეპუტატის თანხმობით წარადგინა, არა პოლიტიკური პარტიის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ აუცილებლობით შეარჩია.

პარტიულობაზე მაღლა უნდა დავმდგარიყავით, იმიტომ რომ პარტიის ლიდერი ყველა შემთხვევაში განწირული იყო ჩასაგდებად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსენსუსი გვქონოდა ყველა სხვა პარტიასთან, ეს იყო შანსი ოპოზიციის გაერთიანებისაც და ამ გაერთიანების სახით გვყოლოდა კანდიდატი. სხვა ოპოზიციონერები კი ჩვენს პარტიულ ლიდერს მხარს არ დაუჭერდნენ - ეს ერთმნიშვნელოვნად ვიცოდით...
ასმათ დიასამიძე

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ამავე პარტიაში პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი წარუდგინა. ამ კანდიდატს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილმა პოლიტიკურმა პარტიებმა - „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „შენების მოძრაობამ“. როგორც ფრაქციის ერთ-ერთი წევრი ასმათ დიასამიძე ამბობს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა თავისი ლიდერის ლევან ვარშალომიძის წარდგენაზე:

„პარტიულობაზე მაღლა უნდა დავმდგარიყავით, იმიტომ რომ პარტიის ლიდერი ყველა შემთხვევაში განწირული იყო ჩასაგდებად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ კონსენსუსი გვქონოდა ყველა სხვა პარტიასთან, ეს იყო შანსი ოპოზიციის გაერთიანებისაც და ამ გაერთიანების სახით გვყოლოდა კანდიდატი. სხვა ოპოზიციონერები კი ჩვენს პარტიულ ლიდერს მხარს არ დაუჭერდნენ - ეს ერთმნიშვნელოვნად ვიცოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ ყოფილიყო კანდიდატი, ამ ეტაპზე არაპარტიული, რომელიც ყველასთვის იქნებოდა მისაღები“, - ამბობს ასმათ დიასამიძე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

პოლიტიკური პარტიების გარდა საკუთარი კანდიდატი წარადგინა მოქალაქეების ჯგუფმა. მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნეს და ბიზნესმენი გოჩა გუგუნავა დაასახელეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად, მიუხედავად იმისა, რომ აჭარის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა კონსულტაცია კანდიდატის შერჩევისას უმაღლეს საბჭოში არსებულ პოლიტიკურ სუბიექტებთან უნდა გაიაროს. როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნანა მეგრელიძე ამბობს, მათი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს:

„ქართული ოცნების კანდიდატის დასახელებამ საზოგადოებაში გარკვეულწილად უკმაყოფილება გამოიწვია. რიგი მიზეზების გამო იგი გახდა საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი. ამიტომ პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაჯერეს აზრი, გაიმართა კონსულტაციები და ჩათვალეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მოიძებნებოდა კანდიდატი, რომელსაც პრეზიდენტს შესთავაზებდნენ წარსადგენად“, - განაცხადა ნანა მეგრელიძემ.

არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

როგორც საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი მარგველაშვილი პირადად მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა. ხოლო შეხვდება თუ არა არმაზ ახვლედიანს, რომელიც ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხი არა აქვთ. თავად არმაზ ახვლედიანმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პრეზიდენტისგან ელოდება მასთან შეხვედრის შეთავაზებას. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 13 ივლისს აჭარის უმაღლესს საბჭოში განაცხადა, რომ შეხვდება ყველა დასახელებულ კანდიდატს, ვიდრე რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს წარუდგენს. წარდგენის ვადა კი პრეზიდენტს ორ დღეში ეწურება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG